Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"შემაშფოთებელია ის არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით" - ადვოკატი


"მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ მისი თავისუფლების აღკვეთის ზოგიერთი გარემოება ეჭვს აჩენს, რომ მის მიმართ ხორციელდება პოლიტიკური მოტივებით დევნა", - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფანცულაიას თქმით, ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური შურისძიების განხორციელებისთვის იყენებს, ამის დასტურად კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სატელევიზიო ინტერვიუ მოჰყავს, სადაც მან თქვა, რომ „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან და რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ“.

„მიხეილ სააკაშვილს, პროკურატურის გადაწყვეტილებით შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, რაც შეუძლებელია იყოს მართლმსაჯულების ლეგიტიმური ინტერესი. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება მკაფიო პოლიტიკური მოტივების თანხლებით“, - განაცხადა ფანცულაიამ.

მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.

1 ოქტომბერს, საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოსული მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

ფანცულაია, ადვოკატთა ასოციაციის სხვა წევრებთან ერთად, აღნიშნავს, რომ შემაშფოთებელია არაერთი გარემოება, რომელიც გამოიკვეთა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის საქმის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, სამართლიანი სასამართლოს სრული რეალიზება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების, კანონმდებლობით დადგენილი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.

ფანცულაიას განმარტებით, აღნიშნული განცხადების ავტორებს შორის ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები არ არიან.

XS
SM
MD
LG