Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ალმა" სიძულვილის ბანერების გაკვრის კანონით აკრძალვას ითხოვს


სარეკლამო კომპანია "ალმა", რომელმაც თავად განათავსა წინასაარჩევნო პერიოდში საკუთარ ბილბორდებზე სიძულვილის ენის შემცველი ბანერები, ახლა მსგავსი შინაარსის სარეკლამო პლაკატების გაკვრის აკრძალვას ითხოვს. საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ გაავრცელა.

"უნდა შეზღუდოს გარე რეკლამის სფეროში სიძულვილისა და ბოროტების ენის შემცველი რეკლამის განთავსება და მისცეს შესაძლებლობა რეკლამის გამავრცელებელს ლეგიტიმური უარი განუცხადოს რეკლამის დამკვეთს სარეკლამო მომსახურების გაწევაზე", - ვკითხულობთ კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც "ალმას" "სისხლიანი ბანერების" განთავსების ვადა ამოეწურა, აცხადებს, რომ აღარ გააგრძელებენ კონტრაქტს. გარდა ამისა, კანონის მიღებამდე, უარს ამბობს "სიძულვილის ენის შემცველი და საზოგადოების პოლარიზაციისადმი მიმართული სარეკლამო კონტენტის განთავსებაზე".

"ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა ნებისმიერ სუბიექტთან მიმართებაში და ვფიქრობთ, აღნიშნული ნაბიჯით ჩვენი მხრიდან მცირე წვლილს შევიტანთ საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებასა და გარე რეკლამის სფეროში ერთხელ და სამუდამოდ ცივილური ურთიერთობის სტანდარტის დამკვიდრებაში", - აცხადებს "ალმა".

სარეკლამო კომპანია "ალმას" ბილბორდებზე "სისხლიანი ბანერები" 17 სექტემბრიდან გამოჩნდა. ამ ახალ პლაკატებზე ნეგატიურ კონტექსტში, სისხლის მსგავსი შეფერილობით გამოსახული იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები და ოპოზიციური მედიის "მთავარი არხის" დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია, ასევე, "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. პლაკატებზე გამოკრული პოლიტიკოსები იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, ზურა ჯაფარიძე, გიგა ბოკერია. წელს, წინა წლისგან განსხვავებით, ამ ბილბორდზე მოხვდა ყოფილი პრემიერი, "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი გიორგი გახარია.

"მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში..." - აცხადებდა თბილისის მერი და "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, კახა კალაძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, "როგორც ჩანს, ეს არის „მადლიერი“ ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა".

XS
SM
MD
LG