Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

პარტიის „საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, რომელმაც დედაქალაქში მესამე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ მის მხარდამჭერებს მეორე ტურში არცერთი კანდიდატის მხარდაჭერისკენ არ მოუწოდებს.

„ჩვენი ამომრჩეველი არის გონიერი ამომრჩეველი, რომელმაც იმ ნაბიჯით, რომ ჩვენ დაგვიჭირა მხარი, ფაქტობრივად, თქვა, რომ ის არის წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ის არის წინააღმდეგი ძალაუფლების კონცენტრაციის და ის არის მომხრე ძალაუფლების დაბალანსების. შესაბამისად, ჩვენ მათ ვერ და არ ვეტყვით, არ მივაყენებთ შეურაცხყოფას, რომ მათ ვუთხრათ, რომელიმე მათგანს დაუჭიროს მხარი. თვითონ ფაქტმა, რომ მათ დაგვიჭირეს მხარი, მიანიშნა, რომ უარი უთხრეს რადიკალიზაციას, იმ ორ რადიკალურ ძალას, რომელიც ქმნის ილუზიას ერთმანეთთან ბრძოლის და ქვეყანას აბრუნებს წარსულში“, - თქვა გიორგი გახარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, პარტია „საქართველოსთვის" იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში არსებული მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" აქციას აწყობს.

„მე ვასრულებ ჩვენი მოქალაქეების მითითებებს, მათი მითითებების შესაბამისად, განსაკუთრებით ამ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ჩვენ ყოველთვის და ღიად ვიქნებით წინააღმდეგი რადიკალიზაციის, ძალაუფლების კონცენტრაციის, იმ უნამუსო გაყალბების და ჩვენი საქართველოს მოქალაქეების მოპარვის და შესყიდვის, რომელიც, სამწუხაროდ, ამ ბოლო მუნიციპალურ არჩევნებზე გამოვლინდა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უსუსურ „ოცნებას“ აქამდე მივეცით შესაძლებლობა, ქვეყანაში მდგომარეობა მიეყვანა იქამდე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიტინგს გვიწყობს და იმის მაგივრად, რომ მერობის კანდიდატი გვერდზე ეჯდეს ყოფილ პრეზიდენტს - ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას", - აცხადებს გახარია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემების თანახმად, თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება მმართველი პარტიის კანდიდატის კახა კალაძისა (44.97%) და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას (33.98) მონაწილეობით. გიორგი გახარიამ მერის არჩევნებში აიღო 8.86%.

XS
SM
MD
LG