Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელიას თქმით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს დიდ ქალაქებში


რამდენიმე ოპოზიციური პარტიის თბილისის მერობის კანდიდატის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს როგორც თბილისის მერის არჩევნებში, ისე „რეფერენდუმში“. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

ის მოუწოდებს ამომრჩეველს, რომ გააქტიურდნენ და კიდევ უფრო „გაზარდონ სხვაობა ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებას“ შორის:

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს საშუალება, მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. ყველაფერს ყავლი გაუვიდა, ჩვენ უნდა მოვბილიზდეთ არა რომელიმე მერობის კანდიდატის, არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის გასამარჯვებლად, არა, ეს არ არის არჩევნები ვინმეს დასამარცხებლად, არამედ, თქვენ უნდა გაიმარჯვოთ, ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ და ვიმარჯვებთ. უბრალოდ, ახლა მთავარია, დარჩენილ ოთხ საათში, გავზარდოთ ეს სხვაობა, მივიდეთ და მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანესი პროცესის ბოლომდე მიყვანაში“.

ნიკა მელიას მტკიცებით, დიდ ქალაქებში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს:

„ამ დიდ ქალაქებში მუშაობს მედიის ძალიან ბევრი წარმომადგენელი და დაშინებისა და მოსყიდვის მასშტაბი ვერ გაშალა „ქართულმა ოცნებამ“ ისე, როგორც მათ სურთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბებში, სოფლებში, იქ, სადაც კამერები არ მუშაობენ, მაგრამ ჩვენი ასობით და ათასობით თანამებრძოლი იბრძვის უთანასწორო ბრძოლაში სუს-თან, ადმინისტრაციულ რესურსთან და ა.შ., მათ უნდა გამოვექომაგოთ და მთელი თბილისი, მთელი ქუთაისი, მთელი რუსთავი, მთელი ფოთი და ა.შ. უნდა დავიძრათ, რომ გავზარდოთ სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და ქართველ ხალხს შორის ქართული ხალხის სასარგებლოდ“.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.

ხმის უფლების მქონე მოქალაქეები ირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერებს და საკრებულოების წევრებს. პროპორციული და მაჟორიტარული წესით აირჩევა საკრებულოების სულ 2068 წევრი. 2 ოქტომბრის არჩევნებში 43 პარტია მონაწილეობს.

მერის არჩევნების პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს. 40%-იანი ბარიერი მოქმედებს საკრებულოების მაჟორიტარი წევრების ასარჩევად.

პროპორციული სისტემით საკრებულოს წევრების ასარჩევად ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისისა, ბარიერი 3%-ია. თბილისის საკრებულოში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 2.5%.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 497 345. საქართველოში 3 664 საარჩევნო უბანია.

2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით, „ქართულ ოცნებასთან“ აპრილში ხელმოწერილი შეთანხმების დათქმის საფუძველზე რეფერენდუმად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების უმეტესობა. „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ამ დათქმით, თუ ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ივლისის ბოლოს, მმართველმა პარტიამ „მიშელის შეთანხმება“ ანულირებულად გამოაცხადა. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში - 2024 წელს ჩატარდება.

XS
SM
MD
LG