კახა კალაძეს იმედი აქვს, რომ მეორედ გახდება თბილისის მერი.
ყოველდღე ლაივ-ჩართვებში მერობის კანდიდატი მერი ხან ახალ სკვერს ხსნის, ხან სამომავლოდ დაგეგმილ გრანდიოზულ მშენებლობას აანონსებს, ხან, მაგალითად, საბაგიროს რეაბილიტაციაზე ლაპარაკობს ან სხვადასხვა რაიონის მოსახლეობას ხვდება და მათ ჰპირდება, რომ „მეტი სიცოცხლე იქნება ყველა უბანში“ - „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ შემდეგ, მისი წლევანდელი საარჩევნო სლოგანი სწორედ ესაა.
კახა კალაძე 1978 წლის 27 თებერვალს, სამტრედიაში დაიბადა, კარლო და მედეა კალაძეების ოჯახში. მისი მამა სამტრედიის საფეხბურთო გუნდ „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის კახა კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე. კალაძე განათლებით ისტორიკოსია, 2003 წელს მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა.
კახა კალაძე იყო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი. თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი - „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა და ის 9 წლის მანძილზე იყო ამ საფეხბურთო კლუბის წევრი.
მშრალად მისი ბიოგრაფია ასეთია:
- 2010-2012 წწ. კლუბი „ჯენოა"
- 2001-2010 წწ. იტალიური საფეხბურთო კლუბი „მილანი"
- 1998-2001 წწ. კლუბი „დინამო კიევი"
- 1996-2012 წწ. საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
- 1993 წ. კლუბი „დინამო თბილისი"
მისი სერიოზული პოლიტიკური კარიერა 2012 წლიდან იწყება, როცა კალაძე მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება, საარჩევნო ბლოკიდან: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება".
- 2013 - დღემდე - პარტია„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი.
- 2012 - 2017 - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე-პრემიერი.
- 2008 - 2012 - სს „პროგრესბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
- 2008 - დღემდე - საქველმოქმედო ფონდ „კალაფონდის" დამფუძნებელი და 2007 - დღემდე - საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ „კალაკაპიტალის" დამფუძნებელია.
პოლიტიკაში წასვლის შესახებ მან პირველად 2011 წლის 11 დეკემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ დაფუძნების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა:
„ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების - ეს ქვეყანა ჩვენიცაა, ჩვეულებრივი ადამიანების”.
სწორედ იმ დარბაზში უთხრა კალაძემ ფანებს, რომ ნაკრებიდან მიდის. საკუთარი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის „მოძრაობისადმი” კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხალხს „ქართული ოცნების“ ერთად ოცნებების ასრულებისკენ მოუწოდა.
კალაძის პოლიტიკაში მოსვლას უხმაუროდ არ ჩაუვლია, მის სიტყვებს ფეხბურთის ფედერაციის საგანგებო პასუხი მოჰყვა, რომელშიც ეწერა, რომ „ეროვნული ნაკრების კაპიტანს გადაწყვეტილება ნაკრებიდან წასვლის შესახებ უპირველესად მთავარი მწვრთნელისთვის უნდა ეცნობებინა“.
კახა კალაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრიც გახდა და 2012 წლის 16 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა ის თავად დაასახელა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად.
კალაძის ენერგეტიკის მინისტრობის პერიოდში მედიის ყურადღების ქვეშ რამდენიმე ხმაურიანი საქმე მოექცა. მათ შორის იყო სწორედ მის დროს შუახევში დაწყებული ხუდონჰესის მშენებლობა, რომელსაც ადგილობრივების დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა. მაშინ კალაძე ამბობდა:
„ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ახირებას ჩვენი ქვეყნის ბედს, საქართველოს ენერგოგანვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობას ნამდვილად ვერ გადავაყოლებთ“.
საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა „გაზპრომთან“ ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესიც.
2017 წლის იანვარში საქართველო დათანხმდა რუსეთის „გაზპრომის“ წინადადებაზე, რომ სომხეთისკენ გატარებული ბუნებრივი აირის საფასური არა ნედლეულით, არამედ ფულით ანაზღაურებულიყო.
მაშინ კალაძემ თქვა, რომ 2-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, პირველ წელიწადს გადახდის შერეული მექანიზმი იმუშავებდა, მეორე წელიწადი კი მთლიანად ფულად ანაზღაურებაზე იქნება ორიენტირებულიო. მთავრობას ეს შეთანხმება ოპონენტებმა უკან გადადგმულ ნაბიჯად და მიუღებელ კომპრომისად ჩაუთვალეს.
კალაძე აცხადებდა, რომ „ამ ხელშეკრულებით არ იზრდებოდა საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ენერგომატარებლებზე”. იცვლებოდა მხოლოდ გადახდის ფორმა.
ენერგეტიკის მინისტრობის და ვიცე-პრემიერობის პარალელურად, კახა კალაძეს 2014 წლის არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობაც ჩააბარეს.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კალაძემ მერის პოსტზე იყარა კენჭი და გაიმარჯვა. მოუგო დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილს, ელენე ხოშტარიას „ევროპული საქართველოდან“ და ირმა ინაშვილს „პატრიოტთა ალიანსიდან“.
კალაძის მაშინდელი დაპირებებიდან ერთ-ერთი ის იყო, რომ თბილისში დასრულდებოდა „ურბანული გენოციდი“ და ის „თანამედროვე, სიცოცხლით სავსე ქალაქი“ გახდებოდა.
კალაძის დროს დადგა თბილისში, მისი თქმით, „პრობლემური ჯიხურების“ აღების საკითხი.
„არასწორ ადგილას განთავსებული ჯიხურების ამბავი უნდა გამოვასწოროთ, მათ უნდა შევუცვალოთ ადგილი“, - თქვა მან. „თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი“.
მისი მერობის პერიოდში შემოვიდა ზონალურ-საათობრივი პარკირება.
კალაძის მერობის დროინდელ დიდ პროექტებში ერთ-ერთი განახლებული ჭავჭავაძის გამზირია, რომლის რეაბილიტაცია 1 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
ასევე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა.
პარლამენტის წინა ტერიტორიის რეაბილიტაცია, სადაც ფილები აყარეს, თავიდან დააგეს და დიზაინი განაახლეს.
კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, რომელიც კალაძემ დააანონსა, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენებაა. ეს ადგილი თბილისის მერიას ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ აჩუქეს. ჯერჯერობით ამ ადგილს მშენებლობისთვის ამზადებენ.
კალაძის ერთ-ერთი საჯარო პროექტი „სიმართლის მუშტი”, რომელიც ფეისბუკის პირდაპირ ეთერში გადიოდა, სამი ოპოზიციური ტელეკომპანიის ჟურნალისტურ ნამუშევრებში, რომელიც მერიას ეხებოდა, „მცდარ ინფორმაციას აქარწყლებდა”.
კალაძის ცნობილი ფრაზები:
მედიის ობიექტივში კალაძის მერობის დროს ნათქვამი არაერთი ფრაზა მოხვდა.
„იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს. თვითონ იტრიალონ საკუთარ ოჯახებში და საკუთარ საწოლებში, რამდენიც უნდათ. სახელმწიფოს და სახელმწიფო სტრუქტურებს შეეშვან“, - ეს ფრაზა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს თქვა გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის შეფასებისას.
„მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა, რომელმაც მთელი გუნდი დარტყმის ქვეშ დააყენა. ამიტომ, ორგანიზატორებს აუცილებლად მოუწევთ მოუბოდიშონ და განუმარტონ ქართულ საზოგადოებას, რა რატომ და როგორ მოხდა“, - ასე გამოეხმაურა კალაძე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენის ამბავს, თუმცა მოგვიანებით, 20 ივნისის ღამის შემდეგ, კალაძე ამბობდა, რომ აქცია კი არ დაიშალა, „ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა თავდასხმა პოლიციაზე და შტურმი პარლამენტის შენობაზე“.
„შმაქსი“ ქუჩაში ჯერ არ გამოჩენილა, თუკი გამოჩნდებიან, მიიშმაქსებიან“, ასე კახა კალაძე გამოეხმაურა პარტია „გირჩის“ ინიციატივას, რომელიც თბილისში ტაქსების რეგულაციებს მოჰყვა.
ამ ინიციატივით, „შმაქსის" თანამშრომლებს მომსახურებას აუნაზღაურებდნენ არა გავლილი მანძილის, არამედ მოსმენილი საგანმანათლებლო მასალის ხანგრძლივობის შესაბამისად.
კალაძის მერობის დროს თბილისში ყველა ტაქსი თეთრად გადაიღება, მათ შესაბამისი ლიცენზიის აღების ვალდებულება დაეკისრათ.
„ჩვენ გვაქვს ზედემოკრატია და ზეთავისუფლება“, - ეს სიტყვები კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ახალი სამართლებრივი დავის დაწყებასთან დაკავშირებით თქვა. ამ დავის შედეგად დატოვა „რუსთავი 2“ მისმა ძირითადმა გუნდმა და დირექტორმა ნიკა გვარამიამ. მათ ახალი ტელევიზია „მთავარი“ გააკეთეს.
კალაძე გამოირჩევა ოპონონენტების მიმართ ნათქვამი ფრაზებითაც. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის ერთ-ერთ კრიტიკულ განცხადებას მან ასე უპასუხა:
„სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ... იქ გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოვებთ და შეუძლიათ, ეს ადამიანები... აბრძანდნენ და გამოექანონ. ნუ, მიშას არ გამოუვა, მაგრამ შეუძლია, ჰოლანდიიდან გამოექანოს“.
კალაძეს ვიდეო გადაუღეს მაშინ, როდესაც ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილეებს შუათითი აჩვენა - როდესაც ეს კადრები გავრცელდა, კალაძემ ჟურნალისტების კითხვას ასე უპასუხა: „ეს ნამდვილად არ ყოფილა აქციის მონაწილეების მისამართით მიმართული. მე ჩემს მეგობართან როგორი ურთიერთობა მაქვს, რა თქვენი საქმეა და რა თქვენი გასარჩევია?“.
კალაძის ერთ-ერთი სულ ბოლო რეპლიკა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიემართებოდა, რეპორტიორს კითხვის პასუხად კალაძემ უპასუხა, რომ მასზე ბინძური და რადიკალი ადამიანი ქვეყანაში არ არსებობს. ჟურნალისტმა მერს ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდა იგი იმ ინფორმაციაზე, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ დაიქირავა პიარტექნოლოგი ისრაელიდან, რომლის მიერ მომზადებული სტრატეგიით „აუცილებელია ოპოზიციური სატელევიზიო არხების დისკრედიტაცია და მათთვის ძირის გამოთხრა“. კალაძემ ამაზე თქვა, რომ ტყუილია.
2017 წელს, მერობის არჩევნებზე კახა კალაძეს 17-გვერდიანი პროგრამა ჰქონდა - იმ დაპირებების ნაწილი შეუსრულებელი დარჩა, როგორც მან რამდენიმე დღის წინ თქვა, ამის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი მიზეზი პანდემია იყო.
მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემის შექმნის გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.
ასევე ნაწილობრივ შესრულდა ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების ახალი ტრანსპორტით ჩანაცვლების გეგმა.
ხიდების და გვირაბების რეაბილიტაცია არ მოხდა.
კალაძემ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლისას თქვა, რომ მერობის მეორე ვადისთვის გასაკეთებელი ბევრი რამ დარჩა - იგი გამარჯვებაში დარწმუნებულია და ფიქრობს, რომ პირველივე ტურში მოიგებს.