"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ არის და "დიფფეიკი" გაავრცელეს. ასე გამოეხმაურა პარტიის ოფისში მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ვიდეოებს.
"ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი. ამის იქეთ მისი ქმედებების შეფასება არის შეუძლებელი... ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში...
ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა და უკრაინაში იმალება და იქედან გეგმავს რაღაცებს მეორე თუ მესამე ტელეფონით. ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში არ ჩამოსულა, სხვა ქვეყანაშიც არ არის...
შემძვრალია სოროში და ემალება ყველას, ილუზია რომ შექმნას, საქართველოშია", - აცხადებს მდინარაძე.
დღეს დილით, 1 ოქტომბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოს სასამართლომ გაასამართლა, ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო.
რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კიევი-თბილისის ავიარეისის ბილეთი შეიძინა და საქართველოში 2 ოქტომბერს, ღამით დაბრუნდება.
ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ იძებნება. მას ქართული სასამართლოს მიერ დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. 2018 წელს, ორივე საქმეზე სააკაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე - 3 წლით.
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი განცხადებები საქართველოში დაბრუნების შესახებ 1 ოქტომბერს დაამთხვია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა დასრულდა 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით, რომელშიც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა.