„წყალი არ გვაქვს“ - ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში ყველაზე ხშირად უწყლობას უჩივიან. ამას ემატება უგზოობა, უმუშევრობა და უყურადღებობა. ერთგან ისიც თქვეს, ჩვენი სოფელი პატარაა და წინასაარჩევნოდაც არავინ გვაკითხავსო.
დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი საფარლო - აქ მთელ უბანს მხოლოდ ერთი ონკანი აქვს. „50 სახლია და ერთი ონკანი. სასმელი წყალიც ეს არის და სარწყავიც. სოფლის პროგრამით 60 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ წლებია არაფერი კეთდება“, - ამბობს ადგილობრივი ელმურაზ გასანოვი.
დმანისის მერიაში აცხადებენ, რომ საფარლოში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი გამოაცხადა. თუმცა, როდის დაიწყება სამუშაოები, ჯერ არ იციან.
მარნეულის რაიონში სოფელი ხუტორ ლეჟბადინი ერთადერთი წყაროს იმედადაა, რომელიც შემოდგომასა და გაზაფხულზე იტბორება და აქაურებიც უწყლოდ რჩებიან. სოფელში 300-მდე ადამიანი ცხოვრობს.
„სასმელი წყალი საერთოდ არ გვქონდა, ჩვენით გამოვიყვანეთ. ესეც არ ვარგა დასალევად, მაგრამ მაინც ვსვამთ. 2017 წელს გამგეობას მივმართეთ. მას მერე გვპირდებიან, იქნება, იქნებაო, მაგრამ არაფერი ჩანს. სადღაც 45 სახლია სოფელში და გვინდა წყალი სახლებში იყოს“, - ამბობს სოფლის მკვიდრი კამიდ საფაროვი.
ადგილობრივებმა ბოლნისის საქალაქო სასამართლოშიც იჩივლეს, თუმცა, უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და სხდომა ჯერ არც ჩანიშნულა. სოფელ ხუტორ ლეჟბადინის წყაროდან სასმელ წყალს მეზობელ სოფლებშიც ეზიდებიან. აქაურებს წყლის მოსატანად ყოველდღე რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ და ეს ტვირთი ძირითადად ქალების ზურგზე გადადის.
ადგილობრივი მთავრობა ირწმუნება, რომ წყლის მილების გაყვანაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და გამარჯვებული კომპანიაც ჰყავთ.
„ხუტორ ლეჟბადინში და ალგეთში წყლის გაყვანაზე ტენდერია გამოცხადებული. არის გამარჯვებული კომპანიაც - „სერვისი“. ბიუჯეტიდან ორივე სოფლისთვის დაახლოებით 700 ათასს ლარამდეა გამოიყო. ახლა შერჩევა-შეფასების პროცესია, რომელიც ალბათ ერთ კვირაში მორჩება და დაიწყება სამუშაოები, ყველა სახლში იქნება წყალი“, - ამბობს ზაურ ტაბატაძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე.
სოფელში უწყლობა ერთადერთი პრობლემა არ არის, სასაფლაო შეუღობავია, გზა აყრილი. კამიდ საფაროვი ჰყვება, რომ ბოლო წლებში უმუშევრობის გამო ბევრი წავიდა საზღვარგარეთ. სოფელი ძალიან ღარიბია. არის სახლები, სადაც სიღარიბის გამო ორიოდე ოთახში 15 კაცი ერთად ცხოვრობს.
რამინ კასანოვი ხუთი ძმიდან ერთ-ერთია. სახლში ძალიან ბევრნი იყვნენ და იძულებული გახდა, ცალკე გასულიყო. 13 წელია, ცოლსა და სამ შვილთან ერთად ვაგონში ცხოვრობს. მათი შემოსავალი სოციალური დახმარებაა: „ვითხოვე, ამ ადგილას მიწა მომცენ, რომ ორი ოთახი მაინც ავაშენო, მაგრამ არ მაძლევენ“, - ჰყვება ის.
აყრილ გზებზე საუბრობენ ბოლნისის რაიონის სოფელ სამტრედოშიც.
პლატფორმა „სალამის“ წარმომადგენელი რაბილ ისმაილი ამბობს, რომ ბოლნისში, დმანისსა და მარნეულში მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობები ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. მისი თქმით, ბევრ სოფელში დღემდე არა მხოლოდ წყალი და გაზი, არამედ არც გზაა, არც გარეგანათება.