Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ არჩევნების დღეს "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებს გეგმავს


პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 2 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიცია გეგმავს პროვოკაციებსა და დესტრუქციულ ქმედებებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ „დესტრუქციული გეგმების შესახებ მრავლად შემოდის გამოჟონილი ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის ოფისებიდან“.

მდინარაძემ ძირითად მოსალოდნელ პროვოკაციებად და დესტრუქციად დაასახელა საარჩევნო ადმინისტრაციაში ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანა, რათა ერთი მხრივ, ხელოვნურად გაიზარდოს საჩივრების სტატისტიკა და მეორე მხრივ, ხელოვნური დაბრკოლება შეექმნას კომისიების საქმიანობას. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებითვე, ცალკეულ უბნებზე იგეგმება საარჩევნო ინვენტარისა და დოკუმენტაციის მოპარვა, ხელმოწერებით მანიპულირებისა და საარჩევნო ბიულეტენების უბნიდან გატანის გზით დისბალანსის ხელოვნურად გამოწვევა და საარჩევნო უბნებზე ხელოვნური რიგების შექმნა ამომრჩევლის აქტივობის შესამცირებლად.

მამუკა მდინარაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს მასობრივად აძლევენ დავალებას, ხელი არ მოაწერონ საარჩევნო უბნების ოქმებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ უბანზე არც ერთი საარჩევნო დარღვევა არ დაფიქსირდება, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის უფროსების მიერ გაიცემა საარჩევნო უბნების ჩაშლის დავალებები:

„მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ პირადად ჩაატარა შეხვედრა საარჩევნო კომისიის წევრებთან და დაავალა 20-ზე მეტი საარჩევნო უბნის ჩაშლა. აღნიშნული საარჩევნო უბნების ნომრებია: 32, 34, 36, 38, 40, 42, 11, 15, 17, 19, 23, 21, 61, 62, 64, 71, 72, 20, 28, 27, 102 და 103“

მდინარაძის განცხადებითვე, ყველას შეახსენებენ, რომ საარჩევნო უბნის ხელოვნურად ჩაშლა სისხლის სამართლის დანაშაულია. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს ისიც თქვა, რომ არჩევნების დღეს იგეგმება საარჩევნო კომისიის წევრების, წარმომადგენლებისა და დამკვირვებლების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირების მიზნით.

"ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე "ქართული ოცნების" ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრალდებებს ბათუმში ამ პარტიის დაბალი რეიტინგით ხსნის. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ უბნებში, რომლის ჩაშლაზეც მამუკა მდინარაძე საუბრობდა, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს მუდმივად იგებს.

"ძალიან კარგად იცის ქართულმა ოცნებამ შიდა კვლევებით ბათუმში რა რეიტინგიც აქვთ. ისინი არათუ 43 პროცენტს, 40 პროცენტსაც ვერ უახლოვდებიან. ძალიან კარგად იციან, რომ მერის არჩევნებში პირველსავე ტურში კატასტროფულად მარცხდებიან. მათ არ უშველა იმ სიძულვილის ბანერებმა, რომელიც ბათუმში გააკრეს, პირიქით მათ საწინააღმდეგოდ იმუშავა... ბატონ მდინარაძეს მოვუწოდებ შეწყვიტოს ჭორაობა ან ჩვენსავით ფაქტებით ისაუბროს..." - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იმართება. ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს და ფიქრობს, რომ თუ მმართველი პარტია "შარლ მიშელის შეთანხმების" შესაბამისად ხმების 43 პროცენტს ვერ აიღებს, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "ქართულმა ოცნებამ" ეს შეთანხმება დატოვა და აცხადებს, რომ 2024 წლამდე არ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები.​

XS
SM
MD
LG