Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: კანონი რომ გვაძლევდეს [სააკაშვილის] არდაკავების საშუალებას, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის საკითხზე ილაპარაკა „რუსთავი 2"-ის ეთერში მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. როგორც ის ამბობს, შეიძლება უკეთესიც ყოფილიყო, კანონი რომ მისი არდაკავების შესაძლებლობას იძლეოდეს.

„ჩამოვა, მოხვდება იქ, სადაც უნდა მოხვდეს ანუ მოხდება მყისიერად მისი დაპატიმრება, ეს არის ძალიან მარტივი სცენარი. თუ არ ჩამოვა, უკვე მეორე სცენარი, რომელშიც ვერანაირ რისკებს ვერავინ ხედავს. ორივე შემთხვევაში, წაგებული რჩება „ნაციონალური მოძრაობა," თუმცა, ქვეყანა ალბათ დაისვენებს თუ ის მოხვდება იმ დაწესებულებაში, სადაც ეკუთვნის მოხვედრა, მათ შორის, იმ ღალატის გამო, იმ რეზოლუციის ხელმოწერის გამო, ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის გამო.

შანსი, რომ გვქონდეს, წარმოიდგინეთ, კანონი გვაძლევდეს [სააკაშვილის] არდაკავების საშუალებას, ეს შეიძლება უკეთესიც კი ყოფილიყო ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, ქუჩაში გაშვებული მიხეილ სააკაშვილი, აბსოლუტური კლოუნი. საბოლოო ჯამში, ის „მხარს უჭერს" ჩვენს საარჩევნო შანსებს, თავისი ქმედებებით, რადგან ვიცით, რომ საზოგადოებაში არის სერიოზული შიში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებასთან დაკავშირებით და ნებისმიერი ასეთი აქტი ამ შიშებს ამძაფრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვენ ამომრჩევლის მობილიზაციაში გვეხმარება.

ქუჩაში რომ გავიდეს, ბევრად უკეთესიც იქნებოდა - ყველა დაინახავდა, ბავშვებს, ახალგაზრდებს აღარ ახსოვთ რა კლოუნი იყო, რა ტიპაჟი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორ იქცეოდა, იტყუებოდა, როგორ გაიქცა გორში თვითმფრინავის დანახვაზე და ა.შ. მშიშარა, ჩვეულებრივი კლოუნი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავდა. 27 სექტემბერს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მან გამოაქვეყნა ავიაბილეთების ფოტოები, სადაც ეწერა, რომ კიევი-თბილისის მიმართულებით ფრენა 2 ოქტომბერსაა დანიშნული.

XS
SM
MD
LG