Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა აზერბაიჯანს ჰააგაში უჩივლა


გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში
გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შენობა ჰააგაში

სომხეთმა აზერბაიჯანს უჩივლა ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლოში. ერევანი ბაქოს ადანაშაულებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური წერს, სარჩელში სომხეთი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანი ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა სომხების რასობრივ დისკრიმინაციას და აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიერ წარმოებული ანტისომხური პოლიტიკის გამო, სომხები სისტემატურად განიცდიდნენ დისკრიმინაციას, წამებას და მასობრივ მკვლელობებს.

სომხეთის სარჩელის თანახმად, აზერბაიჯანმა ეს პრაქტიკა ისევ გამოიყენა 2020 წლის სექტემბერში, "არცახის რესპუბლიკის"(მთიანი ყარაბაღი) წინააღმდეგ აგრესიის დროს და შეიარაღებული კონფლიქტისას სერიოზულად დაარღვია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენცია. სომხეთი ირწმუნება, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების და საზავო შეთანხმების ამოქმედების შემდეგაც აზერბაიჯანი განაგრძობდა სომეხი ტყვეების და სხვა დაკავებული პირების წამებას და მკვლელობებს.

ჰააგაში წარდგენილ სარჩელში სომხეთი მოითხოვს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას და ზარალის კომპენსაციას.

საპასუხოდ, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ, სომხეთს თავად უჩივლებს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციის დარღვევისთვისაც. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ელნურ მამედოვმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ სომხეთს პასუხისმგებლობას უახლოეს დღეებში დააკისრებენ, რადგან არ აპირებენ თვალი დახუჭონ სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის 30-წლიანი ოკუპაციის დროს აზერბაიჯანელთა უფლებების დარღვევაზე.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ლეილა აბდულაევამ სააგენტო „ტრენდს“ განუცხადა, რომ ყარაბაღში სომხური ოკუპაციის ნაწილობრივ დასრულების შემდეგ მოპოვებულია და დოკუმენტურად თავმოყრილია ეთნიკური ნიშნით აზერბაიჯანელების დევნის, წამების და მკვლელობის ფაქტები.

ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის სექტემბერში განახლდა. ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის განთავსების შეთანხმებას. ამ დოკუმენტით, აზერბაიჯანს დაუბრუნდა 90-იან წლებში დაკარგული არაერთი რაიონი.

XS
SM
MD
LG