პოლიტიკური პარტია "დროას" წევრები, ნათია ლეთოდიანი და შუშანა მაცაბერიძე 5000-5000 ლარით დააჯარიმეს მთავრობის ადმინისტრაციასთან შადრევნის წითლად შეღებვის გამო - შადრევანი წითელი საღებავით მათ "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის შემდეგ შეღებეს პროტესტის ნიშნად. ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა - თავდასხმიდან 4 დღეში კი, 9 ივლისს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "დროას" წევრებს ქუჩაში პროტესტის სხვადასხვა ფორმის - მათ შორის, წარწერების გაკეთების - გამო აჯარიმებენ.
"უცნობმა რომ ბერლინის კედლის მონუმენტი დააზიანა, ხო გახსოვთ? აღშფოთებების მერე 1000 ლარით დააჯარიმეს. ნათია ლეთოდიანმა რომ შადრევანში წითელი აკვარელი ჩაასხა, ლექსო ლაშქარავას მკვლელობის გასაპროტესტებლად, 5000 ლარით დააჯარიმეს. ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებთ, მაგრამ თავს კი იმაიმუნებთ მერიავ" - წერს ფეისბუკზე "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.