ეს წუთია, ირინამ კორპუსის წინ დადგმულ, სახელდახელოდ შეკრულ ფიცრულში მცხოვრებ ძაღლს საჭმელი დაუყარა და წყალი შეუვსო.
რამდენიმე თვეა ირინა ამ უპატრონო ძაღლს კვებავს, თუმცა ამისთვის დიდი ბრძოლა დასჭირდა - მეზობლები წინააღმდეგი იყვნენ ქუჩის კიდევ ერთი ძაღლის კორპუსთან ახლოს მოჩვევის - „ბავშვები თამაშობენ, საშიშია, ვინ იცის, ბოლოს როდის აცრეს, ისედაც გარშემო სულ უპატრონო ძაღლები დარბიან“, - ეუბნებოდნენ ირინას.
იმაში არ ტყუოდნენ, რომ აქ, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, ხშირად ნახავთ ხროვად მოსიარულე ძაღლებს - ხანდახან ერთად 10-15 ძაღლი მოძრაობს. დღისით უფრო გაფანტულად, მაგრამ ღამით ერთდებიან და თუ ამ დროს მათი თავშეყრის ადგილას, გარაჟებთან ახორხლილ ყუთებთან ჩაივლი, ყეფის და ხშირად გამოდევნების გარეშე არ გაგიშვებენ. რა დასამალია, ღამით მაგ გზას ვცდილობ მეც მოვერიდო.
თბილისის ცენტრალურ უბნებში ამდენი უპატრონო ძაღლი და კატა არ გვხვდება ხოლმე. ამას, როგორც ცხოველთა დამცველებიც განმარტავენ, თავისი რამდენიმე მიზეზი აქვს: ერთი ის, რომ სადაც უფრო ბევრი ხალხი ცხოვრობს და მეტი ნარჩენების, საკვების პოვნის შანსია, მიუსაფარი ცხოველებიც იქ იყრიან თავს.
მაგრამ ამას გარდა, ისეც ხდება, რომ არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური მიგრაციაც არ არის იშვიათი - როცა ძაღლები სპეციალურად მიჰყავთ გარეუბნებში - ცენტრალური უბნების განსატვირთად.
საქართველო, ცხადია, არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც მიუსაფარი ცხოველების პრობლემა აქვს.
მაგრამ დემოკრატიული ქვეყნების დიდმა ნაწილმა ქუჩის ძაღლების (და კატების) პრობლემა მეტ-ნაკლებად მოაგვარა. ამ მხრივ, ბოლო დროს სულ ჰოლანდიის მაგალითი მოჰყავთ, სადაც ქუჩაში უპატრონო ძაღლს ვერ შეხვდებით - ბოლო მიუსაფარი ცხოველი 2019 წელს „იშვილეს“, ზოგადად პრობლემა კი ქვეყანამ მასობრივი სტერილიზაციის პროგრამით გადაჭრა. ამას, მთელი რიგი წესების შემოღება და კანონით გამყარებული რეგულაციებიც დაემატა.
საქართველოში ამ დრომდე ჯერ ისიც არ ვიცით, სულ რამდენი მიუსაფარი ცხოველი გვყავს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და მათ შორის, დედაქალაქში, თბილისში. დასახელებული ნახევარი მილიონი მხოლოდ სავარაუდო რიცხვია და დაზუსტებული არ არის.
2015 წლის დათვლით, მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა მხოლოდ თბილისში 43 000 იყო, თუმცა ამ რიცხვს არაერთი ცხოველთა დამცველი აყენებდა ეჭვქვეშ დათვლის მეთოლოგიიდან გამომდინარე.
დღეს, მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში გვეუბნებიან, რომ მიუსაფარი ცხოველების რიცხვი თბილისში გაცილებით შემცირებულია - თუმცა ზუსტი რაოდენობა, სანამ ხელმეორედ არ დათვლიან, ისევ არ ვიცით.
და რაც ყველაზე საყურადღებოა, ეს არ არის მხოლოდ თბილისის პრობლემა - დედაქალაქის გარეთ მიუსაფარი ცხოველების ცხოვრება ქუჩაში ფაქტობრივად წამების ტოლფასია.
ცხოველთა უფლებების დამცველი ნათია ჩიქოვანი, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრია ორგანიზაციისა „Animal Project“ - პროექტი ცხოველებისთვის“ რადიო თავისუფლებასთან ამ პრობლემაზე საუბარს იწყებს იმით, რომ საქართველოში ცხოველმოძულეებს, ცხოველმოყვარულებს და ამ თემის მიმართ საერთოდ ნეიტრალურ ადამიანებს აერთიანებთ საერთო სურვილი - არავის უნდა, რომ ქუჩაში იყვნენ ცხოველები.
მაგრამ ამ მიზნის მისაღწევი გზა ყველას განსხვავებული აქვს. ძალა ამ მიზნის მისაღწევად გაერთიანებული არ არის. პრობლემაც წლიდან წლამდე ვერ იჭრება.
ნათია ამბობს, რომ ძაღლი და კატა ადამიანის კომპანიონი ცხოველებია და მათთვის, განსხვავებით სხვა ველური ცხოველებისგან, ქუჩა, ტყე და დაუსახლებელი ადგილი არ არის ბუნებრივი საცხოვრებელი. მას კონკრეტულად ადამიანი სჭირდება - მისი სახლი და მისი ეზო. შესაბამისად, თუ ამ ჭეშმარიტებას ჭეშმარიტებად მივიღებთ, არასოდეს კითხვაც არ გაჩნდება, უნდა ცხოვრობდნენ თუ არა ისინი ქუჩაში.
ნათია ჩიქოვანი განმარტავს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, ბევრმა კი საერთოდ ბოლომდე გადაჭრა ქუჩის ძაღლების (და კატების) პრობლემა, თავშესაფარს აქვს ზუსტად ისეთი დანიშნულება, როგორიც ადამიანთა თავშესაფრებს მსოფლიოში - იქ ცხოველები ხვდებიან მხოლოდ გამოუვალ ვითარებაში და ისიც დროებით. თავშესაფარი, რომელსაც ხშირად ახსენებენ ხოლმე საქართველოში როგორც გამოსავალს („თავშესაფარში გადაიყვანონ ეს ძაღლები და ა.შ.), მხოლოდ გამტარია და არასოდეს მუდმივი საცხოვრებელი.
5 პუნქტი და 5 წელში ქუჩაში ცხოველები აღარ იცხოვრებდნენ
არსებობს რამდენიმე აუცილებელი პირობა, რომლის შესრულების შემთხვევაში, ცხოველთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ ქუჩაში მცხოვრები ცხოველების რიცხვი ( რომლებიც გარდა იმისა, რომ თავად ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში, ხანდახან საფრთხეს უქმნიან ადამიანებსაც) ხუთიოდ წელში საგრძნობლად შემცირდებოდა - სახელმწიფომ, ეუბნება ნათია ჩიქოვანი რადიო თავისუფლებას, სულ მცირე, ეს 5 მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.
1 - ქუჩაში მცხოვრები ცხოველების მასობრივი სტერილიზაცია/ კასტრაცია.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ ისინი აღარ გამრავლდნენ. ოღონდ - აქ იგულისხმება არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო, რადგან შეამცირებ თბილისში - ცხოველები მიგრაციით დაიძვრებიან თბილისს გარედან და ივლიან მანამ, სადაც ადამიანამდე არ მივლენ.
2 - უნდა არსებობდეს ცხოველთა ჩიპირების ვალდებულება.
ეს არის მათი აღრიცხვის საუკეთესო საშუალება. საერთაშორისო პრაქტიკით, ამბობს ნათია ჩიქოვანი, თუ ცხოველი „დაჩიპული“ არ გყავს, შენ არ მოგემსახურება ვეტერინალური კლინიკა. აქაც ასე უნდა იყოს.
3 - ზუსტი სტატისტიკის წარმოება: „დაჩიპვა“ სახელმწიფოს მისცემდა საშუალებას სცოდნოდა, რამდენი ძაღლი და კატაა ქვეყანაში.
„გამოჩნდებოდა, რომ თუ ქვეყანაში იმაზე მეტი ცხოველია, ვიდრე მოთხოვნა, სწორედ ეს იწვევს იმას, რომ ეს ცხოველები შემდეგ ქუჩაში ხვდებიან“.
4 - სახლის პირობებში ცხოველის გამრავლების აკრძალვა და კონტროლი.
ეს შესაძლებელია ხდებოდეს მხოლოდ ლიცენზირებული საშენების მიერ, წესების დაცვით.
5 - დიდი ჯარიმა ცხოველის შინიდან გამოგდების შემთხვევაში.
დღეს თუ სახლიდან ძაღლს გარეთ გააგდებთ, ამაზე ჯარიმა მხოლოდ 8 ლარია - გვეუბნება ნათია ჩიქოვანი. სოლიდური ჯარიმა კი ადამიანს დააფიქრებდა, უნდა თუ არა საერთოდ ცხოველი.
„ჩვენთან ძალიან ხშირია ცხოველების საჩუქრად ჩუქების პრაქტიკა, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ცხოველი არ შეიძლება იყოს საახალწლო საჩუქარი, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“.
ასე საგანგებოდ ნაჩუქარი ჰასკი დღემდე არის ახალი პატრონის მოლოდინში - ის პატივისცემის ნიშნად აჩუქეს ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც, როგორც ნათია გვიამბობს, ძაღლი არაფერში სჭირდებოდა და უყურადღებოდ ჰყავდა. ძაღლს ქუჩაში დაეჯახა მანქანა და მისმა პატრონმა იქვე თქვა მასზე უარი, დააძინეთო. ძაღლი ცხოველთა დამცველებმა კი გადაარჩინეს, მაგრამ მისი დაბინავება დღემდე პრობლემაა.
არაფერი ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი პუნქტიდან საქართველოში არ კეთდება და როგორც ნათია ჩიქოვანი ამბობს, ეს იმდენად არა ნაკლები რესურსის, არამედ კეთილი ნების ნაკლებობის ან ნების არაარსებობის ბრალია.
„ქუჩის ცხოველები ისედაც მაქსიმუმ 5 წელი ცოცხლობენ. მათ ძალიან ბევრი დაავადება სჭირთ. ჩვენთან კი მათ მხოლოდ ცოფზე ცრიან - ჭირსა და ენტერიტზე არა, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს დაავადებები ადამიანებზე არ გადადის. ცალკე პრობლემაა ის, თუ როგორ არაჰუმანურად ხდება საქართველოში სტერილიზაცია/ კასტრაცია - ცხოველებს ოპერაციიდან 2-3 საათში ქუჩაში ყრაინ და ხშირად ჭრილობები ისევ თავიდან ეხსნებათ. მაგრამ ისიც პრობლემაა, რომ მონიტორინგის სააგენტოც ვერ აჩერებს მათ დიდხანს სტაცონარში ისეთი და იმ რაოდენობის ვირუსები აქვთ. ამიტომ იქ გაჩერებას ისევ გარეთ გამოყრა ურჩევნიათ“.
კასტრაცია-სტერილიზაციის გზა რომ გამოსავალია, ამას არც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში უარყოფენ - პრობლემის გადაჭრის მთავარ სამოქმედო გეგმადაც ეს მიაჩნია სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიკა ქობულაძეს.
ის ირწმუნება, რომ ბოლო სამ წელში ოპერაციების სტატისტიკა მზარდია.
გადავხედოთ მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოფიციალურ სტატისტიკას:
2020-2021 წლებში (წელს მონაცემები დათვლილია იანვარი/ივნისის ჩათვლით) თავშესაფარში ჩატარებული სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების რიცხვი ასეთია:
- 2020 წელს – 2359
- 2021 წელს – 2931
თავშესაფარში გადაყვანილია:
- 2020 წელს - 4653 ცხოველი.
- 2021 წელს - 5305 ცხოველი.
2021 წელს ჩატარდა 3052 ქირურგიული ოპერაცია.
2021 წელს ჩატარდა 138 სმაშველო ოპერაცია, 180-მდე ცხოველი გადარჩინეს.
ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინა გაუკეთდა 3616 ცხოველს.
2021 წელს ბუნებრივ არეალში დაბრუნდა 2255 ცხოველი.
„ჩვენი გეგმა დღეს სწორედ ესაა, რომ რამდენიმე წელში თბილისში აღარ იყოს არასტერილური და აუცრელი ქუჩის ძაღლები“, - ეუბნება ნიკა ქობულაძე რადიო თავისუფლებას, თუმცა საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილების საჭიროებასაც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს გამოსავალი ქუჩის ცხოველების თავშესაფარში გადაყვანა და იქ გამოკეტვა ჰგონია:
„რაც, ცხადია, არ არის სწორი, რადგან თავშესაფარში უნდა იყვნენ მხოლოდ ისეთი ცხოველები, ვისაც არ შეუძლია ქუჩაში ცხოვრებასთან ადაპტირება ან აგრესიულია ან ტრავმირებული. ჯერ ერთი, თბილისში არის იმდენი ძაღლი, რომ ვერავითარი თავშესაფარი მათ ვერ დაიტევს და მეორეც, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უნდა ძაღლის დანახვა თავისი კორპუსის წინ, ამიტომ მას ჩვენ თავშესაფარში ვერ გადავიყვანთ“.
ნიკა ქობულაძეს ასევე ვკითხეთ, რატომ ვერ დაითვალეს მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა 2015 წლიდან დღემდე, რაზეც მან გვიპასუხა, რომ არსებობდა დათვლის სანდო მეთოდოლოგიის პრობლემა. ეს მეთოდოლოგია რამდენჯერმე გაიარეს უცხოელ ექსპერტებთან ერთად და წესით, 2022 წელს სააგენტოს უკვე დათვლილი უნდა ჰქონდეს რამდენი მიუსაფარი ცხოველია დედაქალაქში და რამდენად შემცირდა მათი რიცხვი 2015 წლის შემდეგ.
ნიკა ქობულაძე ამბობს, სამ-ოთხ წელში, სტერილიზაცია/კასტრაციის რიცხვი კიდევ გაიზრდება თბილისში აღარ იქნება იმ რაოდენობით ცხოველები, რაც ქალაქის მოსახლეობას დისკომფორტს შეუქმნის.
თუმცა მხოლოდ სტერილიზაცია ვერ იქნება გამოსავალი, თუ ადამიანები სახლიდან ცხოველებს ისევ გამოყრიან - ეს თბილისში შედარებით ნაკლები პრობლემაა, მაგრამ რეგიონებში ასეთი ფაქტები ძალიან ბევრია.
ნათია ჩიქოვანიც ამბობს, რომ ძაღლებს პირდაპირ ავტომაგისტრალებზე ტოვებენ.
გურიაში, ნასაკირალის მონაკვეთი ამის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია,სადაც ათობით მშიერი, ავადმყოფი და უპატრონო ძაღლი ელის ჩამვლელებისგან დაპურებას.
ნიკა ქობულაძეს იმ კანონის იმედი აქვს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით დააწესებდა თამაშის წესებს და ამ პრობლემის მართვასაც ცენტრალიზებულს გახდიდა. მსჯელობა მიდის პატრონიანი ცხოველების გამრავლებაზე შეზღუდვის დაწესებაზეც. თუმცა, ამ კანონპროქტის განხილვაც, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის მზადაა, კოვიდპანდემიის გამო დროებით შეჩერებულია და ჯერ მისი საპარლამენტო განხილვების თარიღიც უცნობია.
მთავარი შიში - ცოფი
თბილისსა და რუსთავში გამოკითხული ადამიანები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მეტად ცოფის შიში აქვთ და ქუჩაში მცხოვრებ ძაღლებსაც ამიტომ უფრთხიან.
ცოფის აცრა წელიწაფში ერთხელ ტარდება.
თუმცა, როგორც სააგენტოში ამბობენ,თუ ადამიანებს სურთ, რომ მათ უბანში იყვნენ უსაფრთხო ცხოველები, მათ უნდა მიმართონ სააგენტოს აცრის მოთხოვნით.
მხოლოდ ის, რომ ქუჩაში მცხოვრებ ძაღლს ყურზე სარჭი აქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იმ წელსაა აცრილი.
რაც შეეხება ცოფის სტატისტიკას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 1997-2006 წლებში საქართველოში რეგისტრირებული იყო ცოფის 96 შემთხვევა.
207-2014 წლებში - 42.
ადამიანებში ცოფით დაინფიცირების მაქსიმალური რიცხვი - 21 შემთხვევა 1996 წელს დაფიქსირდა.
2015 წელს პირველად მოხდა, რომ ადამიანთა ცოფით დაავდების არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. ასე იყო 2016 და 2017 წლებში.
2018 წელს დაფიქსირდა ცოფის 2 შემთხვევა. 2018 წლის შემდეგ განახლებული მონაცემი NCDC-ს აღარ უდევს.
რაც შეეხება ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრას, ის წელიწადში უტარდება დაახლოებით 35 000 – 49 000 ადამიანს.
ცალკე სტატისტიკა, თუ რამდენი შემთხვევაა ძაღლების მიერ ქუჩაში ადამიანების დაკბენისა, აღრიცხული არ არის.
თუმცა, აი, მაგალითად რუსთავში, სადაც ასევე რამდენიმე ათასი უსახლკარო ძაღლია, ადევნებაზე ხშირად ჩივიან. განსაკუთრებით კი ველომომხმარებელები. ერთ-ერთი მათგანია გიგა ძულიაშვილიც.
რუსთავის გარდა უსახლკარო ცხოველების პრობლემა მწვავედ დგას აჭარაშიც, კერძოდ ბათუმში და ამაზე რადიო თავისუფლება ადრეც წერდა.
უპატრონოზე უპატრონო ძაღლები
რატომ არის ასეთი რადიკალური სხვაობა თბილისში არსებულ ვითარებასა და რეგიონების სიტუაციას შორის? თბილისში, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, პასუხისმგებელი ორგანო მაინც არსებობს, სააგენტოს სახით, სადაც დარეკვა და რეაგირების მოთხოვნა შეუძლიათ. მაგრამ სხვაგან პრაქტიკულად უკონტროლო ვითარებაა ყველა თვალსაზრისით.
ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგალითად ბათუმში, როცა ქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, ასობით ქუჩის ძაღლი უბრალოდ ნაგავსაყრელზე წაიყვანეს და იქ დატოვეს. ცხოველთა დამცველებს დღემდე მიაქვთ იქ მათთვის საკვები და პატრონების პოვნას ცდილობენ.
ნათია ჩიქოვანი გვეუბნება, რომ სოფლებში განუკითხაოაბს კიდევ უფრო დიდი მასშტაბი აქვს:
„იქ საერთოდ ლაპარაკიც არ არის სტერილიზაცია/კასტრაციაზე. მეტისების არასასურველ ლეკვებს პირდაპირ ნაგავში ყრიან ან ტრასაზე ტოვებენ. პასუხს ვერავის მოსთხოვ. ამიტომ, გამოსვალი მხოლოდ ერთიანი სისტემის შექმნაა. რეგიონებში ადგილებზე უნდა იყოს ვიღაც ამაზე პასუხისმგებელი“.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებით, ეს პრობლემა სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე გვარდება. საქართველოში, ჯერჯერობით, თბილისს გარდა, მიუსაფარ ცხოველებზე პასუხისგებელი ორგანო არ არსებობს.