მართლაც არსებობს თუ არა 2021 წლის ბიუჯეტში ისეთი დამატებითი რესურსები, რომლებიც მთავრობის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და ეკონომიკურ ოპტიმიზმს გაამართლებდა?
კორონავირუსის დასამარცხებლად აღებული ვალები
საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად და ქვეყნის ბიუჯეტის სხვა საჭიროებებისთვის შარშან და წელს, საერთო ჯამში, დაახლოებით 15 მილიარდი ლარი ისესხა. მათ შორის იყო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების 150 მილიონი ევროს, ანუ 555 მილიონი ლარის სესხიც. მისი მიღება დაკავშირებული იყო ქვეყნის შიგნით გატარებულ პოლიტიკურ ცვლილებებთან, კერძოდ, სასამართლო სისტემის რეფორმასთანაც. საქართველომ დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო, უკვე გამოიყენა, მეორე ნაწილზე კი სექტემბრის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის სახელით უარი განაცხადა.
ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირების სურვილი დაასახელა. საქართველოს საგარეო ვალი, რომელიც ბოლო 2 წელია რადიკალურად გაიზარდა, ეკონომისტების შეშფოთებას იწვევს. მთავრობის მიერ აღებული ვალების ოდენობამ თითქმის 34 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტია და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციურ კანონთან ეკონომიკური თავისუფლების შესახებ.
ექსპერტული შეფასებით, მშპ-ის 60 პროცენტზე მეტი სახელმწიფო ვალის პირობებში ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ამ ვალის მომსახურებისთვის (გასტუმრებისთვის) მუშაობს.
იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა ვალების მძევალი არ აღმოჩნდეს, ეკონომისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას არა ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, არამედ გაზრდილ საბიუჯეტო ხარჯებზე: მთავრობამ „ქამრები უნდა შემოიჭიროს“. თუმცა საქართველოს ხელისუფლება სხვაგვარად იქცევა და სულ უფრო ზრდის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რომლის დიდ ნაწილს სწორედ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული ფულადი რესურსები შეადგენს.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (EPRC) და არასამთავრობო ორგანიზაცია Fukuyama Democracy Frontline Centre - საქართველოს მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სახელწოდებით - „უარი ევროპას - ფინანსური თუ პოლიტიკური არჩევანი?“ აღნიშნულია, რომ საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლების, დაახლოებით, 5%-ს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების გრანტები ავსებს. „მათ შორის ევროკავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი დონორი საქართველოს ბიუჯეტისთვის. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, საქართველოს ბიუჯეტში შესული გრანტების დაახლოებით 40% სწორედ ევროკავშირიდან მოდის. ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში კიდევ უფრო მზარდია და 2020 წლის ბიუჯეტში გრანტების 60%-ის წყარო ევროკავშირი იყო. პროგნოზის მიხედვით, 2021 წლის ბიუჯეტში ამ მაჩვენებელმა 48% უნდა შეადგინოს“.
ეკონომიკური ზრდა და 1 მილიარდი ლარი
ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში წერია: „საქართველოს ჰქონდა ძალიან წარმატებული პროგრამა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე მაღალი ნდობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. შედეგად, ქვეყანამ ჯამში მოიზიდა 2 მილიარდზე მეტი აშშ დოლარის დახმარება, რამაც შესაძლებელი გახადა სრულად დაგვეფინანსებინა პანდემიის საპასუხო ღონისძიებები და შეგვენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
ჩვენს პარტნიორებთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა და მათი დაფინანსებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი.
რაც შეეხება მიმდინარე წელს ევროკავშირისგან მისაღებ სესხს - მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, ქვეყანაში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლები და მოსალოდნელია მისი გადაჭარბებით შესრულება, რაც გვაძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად შევამციროთ ვალის აღების მაჩვენებელი“.
ფინანსთა სამინისტრო და მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერებიც ირწმუნებიან, რომ ევროკავშირის 75 მილიონი ევროს სესხზე უარი ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდის ტემპმა განაპირობა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კონკრეტულ ციფრსაც ასახელებს. მისი თქმით, ბიუჯეტში დამატებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხერხდა.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამაც აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა შესაძლებელი გახადა დამატებითი თანხების მობილიზება.
„საკითხი დგას მარტივად. დღეს ჩვენ ვსაუბრობდით, რამდენად მაღალია ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკის აღდგენის ტემპი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენმა ეკონომიკამ 1 მილიარდი ლარი დამატებით გამოიმუშავა. ანუ ჩვენ გვაქვს შიდა რესურსი, რომელიც შეგვიძლია ბევრ პროგრამას და კარგ საქმეს მოვახმაროთ. და საგარეო ვალი, რომელიც ისედაც საკმაოდ გაგვეზარდა პანდემიის გამო, აღარ უნდა გავზარდოთ“.
როგორც ირკვევა, საუბარია 2021 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების - განახლებული პროგნოზების შესახებ. ივლისის ბოლოს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ჩაიწერა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი, ნაცვლად 3,4 პროცენტისა, 7,7 პროცენტით გაიზრდება. დეფიციტი მცირდება 7,6-დან 6,9 პროცენტამდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54,6 პროცენტამდე. ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მომავალ წელს თითქმის 19,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტში ასახული ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაუმჯობესება უკავშირდება შესადარი პერიოდის, 2020 წლის ვარდნას და მკაცრი შეზღუდვების შემდეგ გახსნილი ეკონომიკის ამოძრავებას. მშპ-ის პროგნოზირებული ზრდა უმნიშვნელო იქნება, თუ მას 2019 წელს შევადარებთ.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ეკონომიკური ზრდის მთავრობის მიერ გაცხადებული პროგნოზირებული ტემპისა, მთლიანი შიდა პროდუქტი გადანაწილებული ერთ სულ მოსახლეზე (აშშ დოლარებში) მცირედით იცვლება. ის უფრო დაბალია, ვიდრე მაგალითად 2012 წლის მაჩვენებელი.
შესაბამისად, ეკონომისტების ნაწილს გადაჭარბებულად მიაჩნია მთავრობის მიერ ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპზე საუბარი. მათი აზრით, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით მთავრობა ყველა რესურსს უნდა იყენებდეს დეფიციტის შესამცირებლად. თუმცაკი, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, მიუხედავად ცვლილებებისა, კვლავ მაღალ დონეზე რჩება დეფიციტის მაჩვენებელი.
იანვარ-ივლისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 2,151 მილიარდი ლარი შეადგინა.
დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 6,791 მილიარდი ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 7,814 მილიარდი შეადგინა.
ეკონომიკის ანალიტიკოსის, ნოდარ სირბილაძის აზრით, ბიუჯეტის ისეთი მაღალი დეფიციტი, როგორიც იანვარ-ივლისში იყო, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია.
როგორც ცნობილია, დეფიციტის დაფინანსება ვალების აღების გზით ხდება, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ ვალების შემცირება დაიწყო და ევროკავშირის სესხის დარჩენილი ნაწილის მიღებაზე სწორედ ამიტომ თქვა უარი. მეორე გზა ხარჯების შემცირებაზე გადის, რომელიც, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, დიდი პოპულარობით არ სარგებლობს საქართველოს სახელმწიფო მოხელეთა შორის.