მარიამი, სალომე და ანანო PCR ტესტების ლაბორატორიაში მუშაობენ და ვირუსისგან 1 მილიმეტრი შუშა აშორებთ. ინფიცირების აღარ ეშინიათ - როცა შენს ხელში ათასობით ნიმუში გაივლის, ვირუსთან ურთიერთობა ერთგვარ მარათონად იქცევა. ლაბორატორია „გენომიქსის” მიკრობიოლოგები უკვე 9 თვეა, რაც კორონავირუსზე ტესტირებებს ატარებენ. მართალია, უშუალოდ ვირუსს მიკროსკოპის ქვეშ არ სწავლობენ, მაგრამ მისი „ხასიათი“ კარგად გაიცნეს.
რა ვიცით დღემდე კორონავირუსზე? რა გზით წარმოიქმნება ახალი შტამები და როგორ „იჭერს“ კოვიდს პისიარ ტესტი? - მოლეკულური ბიოლოგები ვირუსს ახლოდან გვაჩვენებენ.
რა “სურს” Sars-Cov-2-ს?
„Co - Corona (კორონა) Vi - Virus (ვირუსი) D - Disease (დაავადება) 19 - დაავადების აღმოჩენის წელი“, - გვიხსნის ვირუსის სახელს სალომე ღვინეფაძე, მოლეკულარული ბიოლოგი. „ეს დაავადების სახელია, უშუალოდ გამომწვევ ვირუსს კი Sars-Cov-2 ჰქვია“.
კორონავირუსები ვირუსის დიდი ოჯახია, რომლებიც წაწვეტებული ცილების „გვირგვინს” ატარებენ. ამ ცილებით კორონავირუსი უჯრედში აღწევს და სხვადასხვა დაავადებას იწვევს, მათ შორის გაციებასაც, მაგრამ ის კორონავირუსი, რომელსაც ახლა ვებრძვით, ნაკლებად შესწავლილია - ჯერ მისი წარმომავლობაც არ გვაქვს ბოლომდე გარკვეული და არც ის ვიცით, როდის დავიმორჩილებთ და გავასწრებთ ამ მარათონში.
„თავიდან იყო განხილვები, იქნებ სიცივემ ან სიცხემ გააქროს ეს ვირუსი. სიცხეს შეუძლია ქმედითობა დააკარგვინოს, მაგრამ არა იმდენად, რომ გავრცელება შეჩერდეს. მასპინძლის გარეშე ეს ვირუსი დიდხანს ვერ ცოცხლობს, ჰაერში და ზედაპირებზე 8 საათიდან რამდენიმე დღემდე, მაგრამ ზედაპირებიდან გადადების რისკი დიდი არ არის, უფრო ადამიანიდან ადამიანზე „დახტუნავს”, - განმარტავს სალომე.
სპეციალისტები ვირუსს ფაქტობრივად სისწრაფეში ეჯიბრებიან - სანამ კოვიდს გავრცელებისთვის ახალ ბარიერებს უქმნიან, ვირუსი მრავლდება და იცვლება - მუტაციას განიცდის.
სინჯარების შემხედვარე, რთულია წარმოიდგინო რომ შენ წინ შეიძლება ამ წუთას მუტაციის პროცესი მიდიოდეს - შიგნით თითქოს არაფერია. სინამდვილეში ვირუსი მუდმივად გამრავლებისკენ მიისწრაფვის. მუტაცია გააზრებული ქმედება არ არის, ეს უფრო მექანიკური „გადაწერისას” - საკუთარი თავის ახალი ასლების შექმნისას დაგროვებული შეცდომებია. ეს ვირუსი არ „წყვეტს”, რომ უფრო ძლიერი გახდეს, მუტაციამ შეიძლება პირიქით, დაასუსტოს კიდეც.
„სხვა კორონავირუსებისგან განსხვავებით, СOVID-19-ის გამომწვევს შეუძლია, გადაწერისას ინფორმაცია “გადაამოწმოს” - ეს შემოწმების უნარი განაპირობებს, რომ გამრავლებისას მიღებული ასლები იქნება ორიგინალის მსგავსი. ამ თვისების გამო მეცნიერებს ეგონათ, რომ კორონა ნაკლებად საშიში იყო, არ მოხდებოდა ბევრი სხვადასხვა ვარიანტის წარმოშობა და დაავადება უფრო მარტივად დამარცხდებოდა. მაგრამ მუტაციების დაგროვება ნელ-ნელა მაინც მოხდა. მივიღეთ ვარიანტები, რომელთაგან ოთხი არის უფრო მწვავე [ვიდრე ორიგინალი]“.
ჩვენ სწორედ იმ მუტაციის ზემოქმედებას განვიცდით, რომელიც ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. ოთხი ყველაზე ძლიერი ვარიანტი მაღალი ინფიცირების კერებში წარმოიშვა - რაც უფრო მეტია ინფიცირებული, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ კორონავირუსი განიცდის ისეთ მუტაციას, რამაც შესაძლებელია ახალ ვარიანტამდე მიგვიყვანოს.
ვირუსიც ევოლუციის კანონებს ემორჩილება - გადარჩება ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ვარიანტი. თავდაპირველი ვარიანტები, მაგალითად, ალფა შტამი ჯერ არ გამქრალა, მაგრამ დიდწილად გზა დაუთმო ინდოეთში წარმოშობილ B.1.617.2-ს, რომელიც ჩვენთვის დელტა შტამის სახელითაა ცნობილი.
ვაქცინა დელტას დაამარცხებს?
„მოდით, ვირუსის რნმ ძაფზე აცმული მძივებივით წარმოვიდგინოთ, ერთ-ერთი ასეთი მძივის შეცვლის შედეგად, ვირუსის ზედაპირზე განლაგებული სპაიკ-ცილა შეიცვალა“, - ამბობს სალომე. ცილა, რომლითაც ვირუსი უჯრედში აღწევს, ამიტომ დელტა ვარიანტი 40%-ით უფრო გადამდებია ალფასთან შედარებით. დელტა მაშინ გაჩნდა, როცა ინფიცირების სტატისტიკა უკვე დაბლა მიდიოდა - ახლა ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ ზევით მიიწევს. ვაქცინაციის ტემპი მსოფლიოში ჯერჯერობით ვერ ეწევა ამ მძლავრი ვარიანტის უნარებს.
დელტა სულ რამდენიმე თვეა, რაც არსებობს, ამიტომ დარწმუნებით შეუძლებელია ვთქვათ, რომელი ვაქცინა რა პროცენტით ამცირებს ინფიცირების შანსს, მაგრამ ინფიცირების საერთო ტემპს ანელებს. რაც უფრო ნელა გადავა ვირუსი ერთი მასპინძლიდან მეორეზე, მით ნაკლებად განიცდის მუტაციას - ამისთვის არის საჭირო, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას.
„ვაქცინა გამოგვიმუშავებს იმუნიტეტს კოვიდის წინააღმდეგ და, საბოლოო ჯამში, თუ მოგვიწევს შეხება, ორგანიზმი უკვე მზადყოფნაში იქნება, მისთვის ნაცნობი იქნება ეს კოვიდი და მისი ზედაპირული მოლეკულები და, შესაბამისად, შეიძლება ადამიანი სულ არ დაინფიცირდეს ან უბრალოდ გადამდები არ იქნება“, - განმარტავს სალომე. მისი თქმით, ვიღაცისთვის 1 დოზა ვაქცინაც შეიძლება საკმარისი იყოს, სხვები კი ორი დოზის მერეც ინფიცირდებიან, თუმცა მსუბუქი სიმპტომებით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო კონფერენციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ვაქცინაცია ვირუსის გადადებასთან ბრძოლის მხოლოდ ერთი კომპონენტია. პირბადე, სოციალური დისტანცია და ტესტირება პრევენციის მნიშვნელოვანი მექანიზმებია. ჯანმოს ბოლო მონაცემებით, ქვეყნების ნახევარში მხოლოდ 10% არის სრულიად ვაქცინირებული, მეოთხედზე ნაკლებმა ქვეყანამ 40% აცრა, 70% კი მხოლოდ სამმა ქვეყანამ მოახერხა. ადამიანები არღვევენ უსაფრთხოების წესებს და ვირუსს ახალი მუტაციების გზას უხსნიან.
PCR როგორც ბრძოლის იარაღი
ვიღაც სამოგზაუროდ წავა, ვიღაცას კი სახლში იზოლაცია მოუწევს - განაჩენი კომპიუტერის ეკრანზე მრუდების სახით დაიხატება. მარიამ გაჩეჩილაძე ყველა ასეთი გრაფიკის უკან ადამიანებს ხედავს - მათ, ვინც ღელავს და სულმოუთქმელად ელოდება ლაბორატორიის პასუხს. მარიამი ამბობს, რომ ახლანდელ ეპიდვითარებაში წარმოუდგენელია ნიმუშების პარტია კოვიდდადებითი შემთხვევის გარეშე.
„ახლა 2-3-ჯერ არის გაზრდილი ნიმუშების რაოდენობა, პარტიაში კოვიდდადებითობის მაჩვენებელი უფრო მეტჯერაც გაიზარდა. ახლა წარმოუდგენელია, გვქონდეს პარტია, სადაც დადებითი ნიმუშები არ იქნება. დადებითი პასუხის შემთხვევაში [ტესტს] ვამეორებთ, რომ დარწმუნებულები ვიყოთ“.
PCR ტესტის სიზუსტე 95% ტყუილად არაა - ეს მრავალსაფეხურიანი, რთული პროცესია, რომელსაც რამდენიმე კონტროლის მექანიზმი აქვს. Polymerase chain reaction - პოლიმერული ჯაჭვური რეაქციის მეთოდოლოგია ბევრი დაავადების დიაგნოსტიკაშია გამოცდილი. ამ მეთოდით შესაძლებელია, ვირუსის გენეტიკური კოდის მოლეკულა, ერთჯაჭვიანი რნმ, ორჯაჭვიან მოლეკულად, დნმ-ად გადავაქციოთ, მერე დნმ-ის კონკრეტული რეგიონი მილიარდჯერ გავამრავლოთ და ავაწყოთ „ჯაჭვი”, რომელსაც აპარატი წაიკითხავს.
ამ პროცესს ანანო მაისურაძე ასე ხსნის: „პრაიმერები [სპეციალური ხსნარები] დნმ-ის „საწყისებია“ - თავისებური კაუჭები, რომლებიც ნიმუშში არსებულ დნმ-ს უკავშირდება - ასე აეწყობა ჯაჭვი, რომელიც აპარატისთვის ხილული ხდება“. ეს შრომატევადი და საყურადღებო პროცესია - ნაცხიდან კორონავირუსის გამოყოფიდან, საბოლო შედეგამდე 3 საათამდე გადის, ნიმუში კი ათობით და ასობითაა. ნიმუშების ექსტრაქცია, ფიზიოლოგიური ხსნარის დამატება, აპარატიდან აპარატში გადატანა - ლაბორანტებს შეცდომის უფლება არ აქვთ, ყველა მოძრაობა ზუსტი უნდა იყოს.
გარდა ამისა, ტესტს ორი კონტროლის მექანიზმიც აქვს - პოზიტიური და ნეგატიური. ყველა პარტიაში სპეციალურად ათავსებენ ისეთ ნიმუშს, რომელშიც ცარიელი ხსნარი ასხია, და ისეთს, რომელშიც დანამდვილებით არის კორონავირუსი. ეს მექანიზმები გარანტიაა, რომ აპარატმა სწორად იმუშავა და ნიმუშებიც არ დაბინძურებულა.
აპარატის მუშაობის დროს სპეციალურ პროგრამაში მრუდები ჩანს: „ნიმუშში რა კონცენტრაციით იყო ვირუსი, შეგვიძლია განვსაზღვროთ კომპიუტერში გრაფიკის სახით. რაც უფრო მალე გადაკვეთს მრუდი ზღვარს, მით უფრო მაღალია კონცენტრაცია ნიმუშში“, - ამბობს ანანო.
სანამ აპარატი მუშაობს, ნიმუშების ახალი პარტია შემოდის, და ასე - მთელი დღე. PCR ლაბორატორიის მუშაობაც ერთგვარი მარათონია.
„აქამდეც მიმუშავია სხვადასხვა ლაბორატორიაში, მაგრამ აქ არის საერთოდ სხვა სპეციფიკა - ტექნიკას კი ვიცნობ, მაგრამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, გრაფიკი შეზღუდული. ჭამაც დამვიწყებია ხოლმე, გვიან საღამომდეც ვმუშაობთ. ვცდილობთ ადამიანების მდგომარეობაში შევიდეთ, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ“, - ამბობს მარიამ გაჩეჩილაძე.
ზუსტი დიაგნოზი ვირუსის გავრცელებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობაა. PCR ტესტს შეუძლია, ვირუსი ადრეულ ეტაპზე დაინახოს, მაშინაც კი, როცა ნაცხში მცირე რაოდენობითაა. ეს ტექნოლოგია კონტაქტიდან მეხუთე დღეს, სიმპტომებიდან კი შემდეგსავე დღეს, ყველაზე ზუსტ შედეგს იძლევა.