მე ვარ დღენაკლული ტატოს დედა.
24 იანვარს, 34 კვირაზე გავაჩინე ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. საკეისროს მერე ორი წამით დამანახეს და რეანიმაციაში გააქანეს.
იმ წამიდან დაიწყო ტანჯვა და გაურკვევლობა. მამას უთხრეს, რომ ბავშვი იყო უმძიმესი. იმ დროს რეანიმაციაში იწვა 48 ბავშვი და წარმოიდგინეთ, ყველა მშობელი რომ ერთად რეკავს. ამიტომ მეორე დღემდე არ დამარეკინეს. ეს გავიგე.
წარმოიდგინეთ, ვწევარ 5 დღე კლინიკაში. ბავშვი წევს დაბლა სართულზე და ვიხვეწები, რომ ჩამიშვან მიმღებში, საიდანაც შეიძლება, პლანშეტით დავინახო ჩემი შვილი. არა. ნებას არ მრთავენ. სურათი მაინც გადაუღოს ვინმემ! ვიხვეწები და არა.
მძულს 4 საათი და მოლოდინის შემდეგ ექიმის ან ექთნის გაყინული ხმა. ბავშვი სტაბილურადაა. ექიმი ცუდ ხასიათზეა და ასე გპასუხობს.
ათენებ ღამეს და მაინც რეკავ გვიან. იქნებ მეტი გაიგო. არაფერი. დილითაც რეკავ. მზად ხარ, გაგლანძღონ, ოღონდ გაიგო, რომ სუნთქავს შენი შვილი.
თუ გაგიმართლა და შეგხვდა ის კაცი ექიმი, რომლის სახელი არ ვიცი, ხომ კარგი. გიპასუხებს ზრდილობიანად, ოდნავ საიმედოდ.
არავინ გიფრთხილდება. ექიმთან შეხვედრას ითხოვ, მაგრამ უარია.
პანდემიის გამო მშობლებთან შეხვედრის პასუხისმგებლობა სულ აღარ არსებობს. ვისაც „პატრონი“ ჰყავდა, მას კი ხვდებოდნენ.
პალატაში გადაგვიყვანეს. იქ მართლა კარგი ექიმები და ექთნები შემხვდნენ.
მაგრამ რეანიმაციის პერიოდი იყო კატასტროფა. შვილი ნანახი არ გყავს და კითხვებიც აღიზიანებთ.
ანალიზის პასუხები გვაინტერესებდა და შენ რაში გაინტერესებს, ეგ ჩვენთვისაა მნიშვნელოვანიო. ანუ შენ რას გაიგებო.
რძე არ შემატანინეს. იმდენი ვინერვიულე, სულ გამიშრა. წვეთი რძე ჩემ შვილს არ მიუღია და დღემდე ვიტანჯებით ხელოვნური საკვების შერჩევაზე. ყველა ასე ჩემსავით ნერვებდაგლეჯილი იყო გარშემო.
ეს ლია გაფრინდაშვილის ამბავია, ნაადრევად დაბადებული ბავშვის დედის.
მისი წერილი მას შემდეგ მივიღე, რაც დღენაკლული ბავშვების დედების ჯგუფში ვიკითხე, სიმართლე იყო თუ არა ის, რომ დედები კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაშიც ვერ ნახულობენ თავიანთ პატარებს და კოვიდპანდემიის მიზეზით ჩაკეტილ ნეონატალურ განყოფილებებში შესვლა აკრძალულია. ხოლო მშობლებს მუდმივი ბრძოლის ფონზე უწევთ ინფორმაციის მიღება თავიანთი დღენაკლული შვილების შესახებ.
დედები მალევე გამომეხმაურნენ, მათი ნაწილი წერდა, რომ დღეს, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, მთავარი უსაფრთხოებაა და ურჩევნიათ საკუთარი გრძნობები ცოტა ხნით გვერდზე გადადონ.
ნაწილი ასევე ღიად წერდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, დედას თავის დღენაკლულ შვილთან, წესების დაცვით, თუნდაც მცირე ხნით, მაგრამ ყოველდღე ჰქონდეს ცოცხალი კონტაქტი.
საჯარო სივრცეში მიმოწერა მალე შეწყდა, მაგრამ გაივსო ჩემი საფოსტო ყუთი.
ლიას შემდეგ მომწერა მარიამმა, მერე ანამ, ინგამ, ილონამ, თამარმა, ნინიმ და კიდევ ათობით დღენაკლული ბავშვის დედამ. მოულოდნელად ბევრმა მშობელმა, ვისი შვილებიც ამ წუთებშიც იბრძვიან სიცოცხლისთვის.
ეს მათ თავს გადახდენილი ამბების მხოლოდ ერთი ნაწილია, რომელიც გვიყვება იმაზე, თუ რას აწყდება და განიცდის საქართველოში დღენაკლული ბავშვის მშობელი.
ასე უნდა იყოს? თუ რაღაც უკვე დიდი ხანია შესაცვლელია?
ნინის ამბავი
პირველ საუნივერსიტეტოში დამაწვინეს კოვიდით. ნერვიულობაზე დავღვარე წყლები და დაიბადა ჩემი ბიჭი.
მითხრეს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ სანამ კლინიკიდან გამოვეწერებოდი, არც ვიდეოზარი, არც ფოტო, არც რძის წაღება, არანაირი არაფერი ხდებოდა.
პალატაში იყვნენ უცხო გოგოები ბავშვებით ხელში და ეს ყველაზე დიდი დარტყმა იყო ჩემთვის.
ჩემი პატარა დღეს ისევ კლინიკაშია, მაგრამ ვიცი, რომ მალე სახლში გვეყოლება.
სანამ არ დავრეკეთ ჯანდაცვაში, იქამდე ფოტოც კი არ გვანახეს.
მაგრამ ეს ვითარება ჩემი გამოწერის შემდეგ შეიცვალა - ყოველდღე ვნახულობ ბავშვს, დაცულია წესები და რძეც მე მიმაქვს, რომ დედის რძით იკვებოს.
ექიმს დღეში რამდენჯერაც გვინდა იმდენჯერ ვეკონტაქტებით - როგორც ტელეფონით, ისე ვაიბერით, გვაქვს ხელში აყვანის უფლება., ექთნებს რაც შეეხება, კმაყოფილები ვართ - ცოტა ბავშვი და საკმარისზე მეტი ექთანია, ყოველთვის ეფერებიან ბავშვებს. ფსიქოლოგიურად დედისთვის ძალიან ძნელია მაგრამ უნდა გაგიმართლოს, რომ ასეთ ხელში მოხვდეს ბავშვი,
ელენეს ამბავი
უსაშინლესი პერიოდი იყო. 8 თვე გავიდა და კიდევ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ბავშვი 57 დღის განმავლობაში ერთხელაც არ მინახავს. სასწრაფო საკეისრო კვეთა გამიკეთეს და რომ დაიბადა, მაშინაც ვერ მოვკარი თვალი.
მივდიოდი, ტელეფონს ვაწვდიდი - უღებდნენ ფოტოებს და მიბრუნებდნენ. მხოლოდ ასე ვიცნობდი შვილს.
დღეში ერთხელ მქონდა დარეკვის უფლება. შიგნით არ მიშვებდნენ.
ახლა ვნანობ, რატომ არ გავაპროტესტე-მეთქი, მაგრამ მაშინ ისე ვიყავი, ოღონდ კარგად ყოფილიყო და არაფერზე მქონდა პრეტენზია...
უკმაყოფილო არ ვარ, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ბავშვს არ მანახებნდნენ, მთავარია, შვილი გადამირჩინეს.
ილონას ამბავი
„რომ მახსენდება, რა დღეები გამოვიარე, ამ წამსაც ვზივარ და ვტირი. თან ვწერ და იმ ოთხ კოშმარ თვეს ვიხსენებ“, - მომწერა.
ექიმს ვეკითხებოდი, რა შეიძლება გამოეწვია ჩემი შვილის დაავადებას. ექიმის პასუხი იყო, რომ ჯერ გადარჩენაზე ვიფიქროთ და მერე მის დაავადებებზე ვისაუბროთო.
ეს სიტყვები განადგურებს. არ იცი რა ქნა, როცა იმ ცივ კედლებში გყავს დატოვებული ერთი ციცქნა არსება, რომელიც ყოველ წამს იბრძვის სიცოცხლისთვის.
ინგას ამბავი
მე 4 თვე მყავდა ბავშვი დატოვებული და ყოველთვის მერჩივნა, რომ მეც არ მენახა, ოღონდ სხვას რაიმე ვირუსი არ შეეტანა.
მე შევდიოდი დღეში ერთხელ, სანამ რეანიმაციაში იყო. შემდეგ, როცა შედარებით ნაკლები საფრთხე იყო და სხვა ოთახში გადაიყვანეს იქ 2 ჯერ მიშვებდნენ. მასწავლეს დაბანა, კვება, და ჩემით ვახერხებდი მის მოვლას. მაგრამ ზაფხულის შემდეგ გართულდა მდგომარეობა და ჩემს მიტანილ რძესაც ძალიან დაცულად იბარებდნენ და შესვლით აღარ უშვებდნენ არავის.
მეკმაყოფილი ვიყავი ამით, რადგან ნებისმიერი იქ შესული ადამიანი მაინც რისკს წარმოადგენდა. თან ერთ ოთახში ათეულობით ბავშვია და ცალ-ცალკე პალატებში უბრალოდ შეუძლებელი იქნება მათი კონტროლი.
გასაგებია, რომ ბავშვს დედა უნდა, გრძნობს და ასე შემდეგ, მაგრამ მაგის დრო წინ არის. მთავარია ასეთ რთულ მომენტში მივცეთ მედპერსონალს მათი მიხედვის საშუალება.
ნინოს ამბავი
როდესაც ვიმშობიარე, ბავშვი მაშინვე ინკუბატორში აიყვანეს, მე პალატაში დამაწვინეს მელოგინესთან ერთად,რომელმაც ჩვეულებრივ იმშობიარა და შვილი თავისთან ჰყავდა.
იმ უეცარი ელდის მერე, რომელიც ნაადრევი მშობიარობით მივიღე, ეს იყო ურთულესი. ვუყურებდი,როგორ ეფერებოდა დედა თავის შვილს,როგორ აჭმევდა და ამ დროს, ჩემი ნამცეცი სადღაც იწვა მარტო, დედის სითბოს მონატრებული.
3 დღეში მე გამწერეს. მხოლოდ ერთი საათი, 3-დან 4-მდე მქონდა ბავშვის ნახვის უფლება. "იუტუბზე" რომ ვუყურებ ახლა ვიდეოებს,ლამის 5-თვიანი დღენაკლულები ხან მამას ჰყავს მიხუტებული საათობით, ხან-დედას. ჩვენთან მინიმუმამდეა დაყვანილი მშობლებისა და შვილის კონტაქტი. არადა, თურმე როგორ სჭირდება კანით კანთან შეხება მაგ დროს.
საკმაოდ ხშირად იცვლებოდნენ მორიგე ექთნები და ექიმები, ისინიც ხომ გამოდიოდნენ გარეთ და მერე შედიოდნენ ბავშვებთან,ისინიც ხომ ჩემნაირი ადამიანები არიან, ხოდა, როგორც ისინი ,,დეზინფიცირდებოდნენ",იგივე პროცედურები ჩაეტარებინათ ჩემთვისაც და ვნახავდი ჩემს შვილს. ეს უფრო დამოკიდებულების ბრალი მგონია, ჩვენს სამედიცინო სისტემაში ნაკლები ყურედღება ექცევა ყოველთვის ფსიქოლოგიურ განწყობას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია.
15 დღის მერე, ბავშვი კუვიზიდან რომ ამოიყვანეს, 7დღე ერთად ვიყავით ნეონატალოგიურ განყოფილებაში და ნამდვილად ყურადღებას არ გვაკლებდნენ. ძალიან კარგი იყო ეს პერიოდი, თუმცა,სახლში გამოწერის შემდეგ არ არსებობს არანაირი კონტროლი. ჩემთვის პირველი შვილია, თავს კი არ ვიმართლებ,მაგრამ ბევრი რამ არ ვიცოდი...
მარიამის ამბავი
ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს რამდენიმე წუთით ვნახე. შემდეგი 2 თვე მისთვის თვალი არ მომიკრავს.
დღეში ერთხელ მქონდა 5-წუთიანი სატელეფონო ზარის უფლება. ამ ორ თვეში ერთხელ დამანახეს ბავშვი ვიდეოზარით, რამდენჯერმე 30-წამიანი ვიდეო გამომიგზავნეს. ზოგიერთი ექიმი ფოტოებსაც მიგზავნიდა.
ექიმებსაც გააჩნდა - ზოგი მოკლედ მომიჭრიდა ხოლმე, რომ ბავშვი სტაბილურად მძიმედ იყო. ზოგი - პირიქით.
ძალას მხოლოდ რძის შეგროვება და შვილისთვის მიტანა მაძლევდა. ასე გავიდა ის ორი თვე.
კიდევ ერთი ამბავია, რომელიც მარიამს მოსვენებას არ აძლევს:
„სულ ვფიქრობ და ვეჭვობ, რომ დედებს შეგნებულად აშრობინებენ რძეს. ან რაღაც პრეპარატებით. ან უბრალოდ, ეუბნებიან, რომ არ აქვთ საავადმყოფოში რძის მიტანის უფლება და ამ აკრძალვის გამო დედებს რძე უშრებათ. რა სიკეთეს ართმევენ პატარებს ამით, ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. წარმოიდგინეთ, მათ ისედაც არ ჰყავთ გვერდით დედები და კიდევ მძიმე, ხელოვნური საკვებით კვებავენ. თუ ხელოვნური კვების აგიტატორები არ არიან ექიმები, მაშინ რა მიზეზია, რომ უკრძალავენ დედებს შვილისთვის რძის მიტანას? ძალიან მაწუხებს ეს ამბავი“.
სალომე დათაშვილის ამბავი
ჩეხეთში ვცხოვრობთ. პანდემიის პერიოდში, ორსულობის 29-ე კვირაზე ვიმშობიარე. როგორც კი პალატაში გადამიყვანეს, მას შემდეგ ყოველდღე 2 საათით მოჰყავდათ ჩემი შვილი და გულზე მაწვენდნენ. გაწერის შემდეგ ბავშვთან რძე თავად მიმქონდა. შვილთან სწორედ ეს კონტაქტი დამეხმარა იმ უმწარესი დღეების გადალახვაში.
„აქ, ჩეხეთში ძალიან დიდ როლს თამაშობს დედასთან ახალშობილის კონტაქტი. გამოწერამდე 10 დღის განმავლობაში იქ ღამეც მტოვებდნენ, მასწავლიდნენ, როგორ უნდა მომევლო მისთვის, როგორ უნდა დამებანა, საფენი როგორ გამომეცვალა“.
„არაჰუმანური მოპყრობა“ - ასე შეაფასებდნენ, ეს ამბები იქ რომ მოესმინათ“
„წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭომ რომ იცოდეს, რა ხდება საქართველოში, აუცილებლად მიანიჭებდა მედიკოსების მხრიდან ჩვილისა და მისი მშობლების მიმართ ამდაგვარ დამოკიდებულებას არაჰუმანური მოპყრობის კვალიფიკაციას“, - ეს სიტყვები ფსიქოლოგ მაია ცირამუას ეკუთვნის. სწორედ ასე გამოეხმაურა ის დღენაკლული ჩვილებისა და მათი დედების ურთიერთობის საქართველოში არსებულ პრაქტიკას და ისიც ახსნა, თუ რას ნიშნავს „მიჯაჭვულობის ფენომენი“ მშობლისა და შვილის ურთიერთობაში:
„ბავშვი მშობლებს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან „იცნობს“, დაბადება ერთ-ერთი სერიოზული ტკივილია ადამიანისთვის, ის ტოვებს ყველაზე უფრო თბილ და კომფორტულ გარემოს და მისი სიცოცხლისუნარიანობისათვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს მისი უსაფრთხოების ბაზისთან - მშობლებთან ახლოს ყოფნას, შეხებას, მათი ხმის გაგონებას. ეს ისევე მნიშვნელოვანია ჩვილისთვის, როგორც სამედიცინო მკურნალობა, რომელსაც ის კლინიკაში გადის. რაც შეეხება დედას, ზოგადად მშობელს, როცა ასეთ მგრძნობიარე პერიოდში ქალი რჩება შვილის გარეშე, მას ხშირად ჩვილთან მიახლოების, შეხების, როგორც ირკვევა, მისი მოკითხვის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგების შესაძლებლობაც კი არ აქვს. უხეში დამოკიდებულება ექიმებისგან, მუდმივი აქცენტირება იმაზე, რომ „თავი ხელში აიყვანო“... რა არის იმაზე უფრო ბუნებრივი, რაც მშობლებს ამ დროს სჭირთ, ისინი საკმაოდ მძიმე სტრესულ მდგომარეობაში არიან და მათი მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი, როგორც მშობლების, ასევე ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“, - წერს მაია.
მისი ამ საჯარო პოსტის ქვეშ არაერთ საყურადღებო კომენტარს წაიკითხავთ.
„რა არის ამაში ახალი, ეს ხომ საბჭოთა დროიდანაც ვიცით?“
ფსიქოლოგებს ერთხელ უკვე ჰქონდათ მცდელობა, ქართველი ექიმების, ექთნებისა და ბებიაქალებისათვის გაეზიარებინათ დასავლური გამოცდილება და უფასოდ დახმარებოდნენ. ეს სცადა, მაგალითად, ორგანიზაცია PeriCare-ის ფსიქოლოგმა, მარიამ ალანიამ.
მან სამშობიაროებსა და ნეონატალოგიურ ცენტრებს შესთავაზა ე.წ. attachment/bonding-ზე დაფუძნებული მოდელის დანერგვა, როგორც პროგრამის ნაწილისა, რომელიც საქართველოში გერმანიის პერინატალური ფსიქოთერაპიის ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება და გულისხმობს ბავშვსა და დედაზე პერინატალურ ზრუნვას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და, თუ საჭიროა, თერაპიას.
გადამზადება, თუ ვინმე ამით დაინტერესდებოდა, შეეხებოდა ძირითადად იმ პერსონალს, ვისაც დღენაკლულ ბავშვებთან და მათ დედებთან აქვთ შეხება.
მაგრამ ამ უფასო შეთავაზებაზეც კი, პასუხი იყო - უარი.
მარიამი მოგვითხრობს, რომ ერთი სამშობიარო სახლის გარდა, ამ პროგრამაში ჩართვა არავინ ისურვა.
ერთ-ერთი ცნობილი სამშობიაროდან კი პირდაპირ ასე უპასუხეს:
„რა არის ამაში ახალი, ეს ხომ ჩვენ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ვიცით, რომ მშობიარეს სჭირდება ემოციური მხარდაჭერაო“.
მარიამ ალანია კი აღწერს სურათს, თუ რა ითვლება ექიმებისთვის „ემოციურ მხარდაჭერად“:
ახალნამშობიარები დედა შედის ნეონატალოგიურ განყოფილებაში, ხედავს უამრავი მილით სხვადასხვა აპარატზე მიერთებულ თავის შვილს, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობა, ბავშვი არ ტირის, არ მოძრაობს. დედა იწყებს იწყებს ტირილს. ვერ აკონტროლებს ემოციას და ამ დროს მას ეუბნებიან, რომ ჯობია, გავიდეს. დატოვოს ტერიტორია.
„უარესებიც ხდება, დაწყნარდი და წადი. ჩვენ მივხედავთ“ - ძალიან ხშირად, სწორედ ეს არის „ემოციური მხარდაჭერა“. ასეთი პასუხი დედას კი არ ეხმარება, მის უდიდეს ტრავმას აუფასურებს. ამ დროს კი ისე ირღვევა დედა-შვილის კონტაქტი, რომ თავად დედა ხდება მისახედი.
მარიამ ალანია ამბობს, რომ საქართველოში მედპერსონალი საერთოდ არ არის მომზადებული დედების დასახმარებლად.
უდედოდ გატარებული ერთი კვირაც კი ძალიან დიდი დროა ახალშობილისთვის. ხოლო თუ ეს დრო სცილდება ამ ვადას და ხანდახან ერთი თვეც გრძელდება მშობელთან კონტაქტის გარეშე, ამ დანაკლისის აღდგენა ან ძალიან რთულია, ზოგჯერ კი - შეუძლებელიც:
„ჯობს დედას ეტირებოდეს, მაგრამ ხედავდეს შვილს. ჯობს იქ დავეხმაროთ მას, ვიდრე მოვაშოროთ, ავუკრძალოთ და ორი კვირის თუ ერთი თვის მერე მივცეთ ხელში ბავშვი და ვუთხრათ, აჰა, მოუარე... საქართველოში ვითომ არსებობს რაღაც „გაიდლაინი“, ვითომ ვეთანხმებით ბავშვებზე მორგებულ იუნისეფის წესებს, მაგრამ რეალობაში ეს არ ხორციელდება და ეს არ არის კოვიდპანდემიის გამო. ასეთი იყო მიდგომა კოვიდამდეც“, - ამბობს მარიამ ალანია.
ფსიქოლოგი იხსენებს ერთ-ერთი ნეონატალოგის სიტყვებსაც, რომელიც გულწრფელად ამბობდა, „მე აღარ მაქვს მშობლის დამშვიდების და მისთვის ახსნის თავიო“.
„რას ნიშნავს ეს? პერსონალმა უნდა იცოდეს, როგორ მიაწოდოს დედას ინფორმაცია გასაგებად და ადამიანურ ენაზე. ხშირად - ინფორმაციასაც კი არ აწვდიან, თუ რა ხდება მისი და მისი შვილის თავს. მათ უნდა შეეძლოთ შეფასება, რა დროს უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგი და თავად არ უსვამდნენ დეპრესიის დიაგნოზს. ამით უფრო ამძიმებენ ისედაც ძალიან მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი ქალების ჯანმრთელობას და თუ, წესით, 2-3 კვირაში ქალი უკეთ უნდა გამხდარიყო, ასეთი აგდებული დამოკიდებულებით მათი მდგომარეობა უფრო მწვავდება და მართლა შეიძლება დეპრესიაში გადაიზარდოს“.
თუ დედა არ არის კარგად, წარმოუდგენელია, ბავშვი იყოს კარგად, - განმარტავს მარიამ ალანია და მაგალითად მოჰყავს გერმანის გამოცდილებაც, რომელიც არც კოვიდპანდემიის პერიოდში შეცვლილა.
„იქ ბავშვი რომ დაიბადება, ექთანი არ მივარდება და არ გაჰყავს ბავშვი მაშინვე. პირიქით, ოთახიდან გადის ყველა და პატარას რამდენიმე წუთით ტოვებენ დედასთან და მის პარტნიორთან, თუკი ის მშობიარობას ესწრებოდა“.
„ჩვენ უსაფრთხოება ვარჩიეთ“
ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოს პერინატალური ცენტრი (იქ სულ ჰყავთ 80-100 დღენაკლული ჩვილი) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცენტრია და ჩვენც, პირველ რიგში, ამ ცენტრში ვიკითხეთ, წესები პანდემიამ გაამკაცრა თუ ზოგადად, ეს მიდგომა არსებობს, რაზეც დედები ჰყვებიან.
როგორც ცენტრის ახალშობილთა განყოფილების გამგემ, შორენა ჭანკვეტაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს განყოფილება იყო პირველი საქართველოში, რომელმაც ე.წ. კენგურუს მეთოდი დანერგა და აქტიურად იყენებდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალშობილების შემთხვევაშიც კი. ამ მეთოდის საშუალებით დედებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რამდენიმე საათი ყოფილიყვნენ ჩახუტებულები თავიანთ შვილებთან. და როგორც შორენა გვეუბნება, ამ მეთოდს აქტიურად იყენებდნენ პანდემიამდე.
მაგრამ პანდემიის შემდეგ, გართულებულმა ეპიდსიტუაციამ წესები მათთანაც შეცვალა.
მათ პირველ ადგილზე უსაფრთხოება დააყენეს. როგორც ექიმი გვეუბნება, მოიკითხეს უცხოური ქვეყნების გამოცდილებაც, ისრაელში, აშშ-ში, სხვაგანაც. და მიიღეს პასუხი, რომ იქ მაინც დაშვებული იყო დედის ყოფნა, ცხადია, კოვიდპასპორტით, პისიარ ტესტის გაკეთების შემდეგ. თუმცა, შორენა ჭანკვეტაძეს არ დაუმალავს თავისი პოზიცია და გვითხრა, რომ მას, როგორც ექიმს, ამ ეტაპზე უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია, ვიდრე სხვა დანარჩენი.
„თუ მშობლები დაფიქრდებიან ამაზე, მიხვდებიან, რომ სპეციალურად ამ აკრძალვებს არავინ აწესებს. ეს ყველაფერი ისევ ბავშვების უსაფრთხოებისათვის კეთდება. როცა ასეთ პიკში ვართ, არ ვიცი, რამდენად საპასუხისმგებლო საქციელია, რომ აქ მშობლები გვყავდეს. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და ბევრი მშობლის უკმაყოფილებისა, მაინც გვირჩევნია, სიმკაცრე გვქონდეს“.
მშობლების კითხვას, არიან თუ არა დაცულები მათი შვილები მედპერსონალის მხრიდან დაინფიცირებისგან, შორენა ჭანკვეტაძე ასე პასუხობს, რომ ექიმები და ექთნები კვირაში ორჯერ მაინც იტესტებიან, ეს არ არის სრული დაცვა, მაგრამ დღეს სხვა ალტერნატივა არ არსებობს:
„ჩვენ თუ არ ვიმუშავებთ, მაშინ ამ ბავშვებს საერთოდ ვერ გადავარჩენთ“.
მან ასევე უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ ნეონატალურ განყოფილებებში მომუშავე პერსონალის დიდი ნაწილი აცრილია, თუმცა არა ყველა. შორენამ ასევე გვითხრა, რომ ფოტოსა ან ვიდეოს გაგზავნაზე უარი მშობლისთვის არასოდეს უთქვამთ. ხოლო დედამ, ექიმის თქმით, პირველივე წუთიდან იცის სად წევს მისი შვილი, თუმცა შემდგომ, ბავშვის ნახვა მის გამოჯანმრთელებამდე შეზღუდულია და ეს ისევ და ისევ ქვეყანაში არსებული რთული კოვიდვითარებით აიხსნება.