შინდისის გმირების მემორიალი, რომლისთვისაც 1 160 000 ათასი ლარი შეგროვდა, მაინც ვერ აშენდა. თავდაცვის სამინისტროს ეჭვი თანხის მითვისებაზე აქვს, თუმცა იმის გამო, რომ მემორიალის მშენებლობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციასთან სამართლებრივი ურთიერთობა არ აქვთ, სასამართლოში ვერ უჩივიან.
თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ მემორიალის ასაშენებლად თანხა არაერთხელ გამოყვეს, ჯამში 930 ათასი ლარი (2018 წლის 27 თებერვალი - 100 000 ლარი, 2018 წლის 13 ივლისი - 530 000 ლარი, 2018 წლის 8 ნოემბერი - 300 000 ლარი). ამას ემატება 230 ათასი ლარი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისგან და ფიზიკური პირებისგან.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, "შინდისის გმირების მემორიალის ფონდის" თანამშრომლების მხრიდან შესაძლო თაღლითობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დაიწყო. ამ მუხლით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და გაფლანგვისთვის დგება.
"გამოძიება მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.