Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამაღლებული ხმა: ნინა სიმონის მუსიკა და ბრძოლა


სალომე ასათიანის პოდკასტი

გადმოწერა

„ჩემთვის ხელოვანის მოვალეობაა თავისი დროების ასახვა. ვფიქრობ, ეს ვრცელდება მხატვრებზე, მოქანდაკეებზე, პოეტებზე, მუსიკოსებზე. კი, ეს მათი არჩევანია - მაგრამ მე ვირჩევ ავსახო ის დრო და ვითარება, რომელშიც ვცხოვრობ. ჩვენი ცხოვრების ამ გადამწყვეტ მომენტში, როცა ყველაფერი ასე სასოწარკვეთილია, როცა ყოველი დღე გადარჩენის დღეა - არ მგონია ჩაურევლობა შეიძლებოდეს. ... ამ ქვეყანას ჩვენ ან შევცვლით და გამოვძერწავთ - ან ის აღარასოდეს შეიცვლება და გამოიძერწება“.

ეს სიტყვები ეკუთვნის „ასათიანის კუთხის“ დღევანდელი ეპიზოდის გმირს, ნინა სიმონს - მეოცე საუკუნის ამერიკელ მუსიკოსს და სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლ ლიდერს. მომღერალს, რომლის უნიკალურ ხმასაც მყისიერად ვცნობთ - უჩვეულო, თითქოს მოუხეშავ, ცოტა გაბზარულ კონტრალტოს, მომნუსხველი, მდიდარი, ძლიერი დაბალი რეგისტრით, რომელიც თავისი უცნაური, ანდროგინული ჟღერადობით ანგრევს „ქალი“ და „კაცი“ ვოკალისტების შესახებ არსებულ მოლოდინებს თუ წარმოდგენებს. და ვცნობთ მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სტილს და ფრაზირებასაც - ემოციურს და თან ამაყს, ტკივილიანს და თან ძლიერს, დრამატულს და თან მაინც თავდაჭერილს.

ნინა სიმონი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი, ყველაზე პროვოკაციული და, თან, ყველაზე ნაკლებად გაგებული მუსიკოსია - გვეტყვიან კულტურის ისტორიკოსები. რაც უნდა უცნაური, თუ ირონიული იყოს, მემკვიდრეობა, რომელიც ნინა სიმონმა დაგვიტოვა, მისი ცხოვრების მთავარი იმედგაცრუების შედეგია - ის იყო სიღარიბეში და რასობრივი სეგრეგაციის პირობებში გაზრდილი, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი, რომელიც პოპულარულ მუსიკაში მოხვდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ აუხდა ოცნება გამხდარიყო ამერიკის პირველი შავკანიანი დიდი პიანისტი. ამის შემდეგ ის გადაიქცა ლეგენდად, რომლის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში - ჯაზში, ბლუზში, სოულში - მოთავსება შეუძლებელი იყო, გახდა მთავარი და მძლავრი მუსიკალური ხმა შავკანიანთა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მღელვარე მოძრაობისთვის. და განასხეულებდა ქალის ისეთ სახეს, რომელიც პოპულარული კულტურისთვის მაშინ ძალიან უჩვეულო და ტრანსგრესიული იყო - ძლიერს, უშიშარს, გულწრფელს, პირდაპირს, და ყოველთვის უკომპრომისოს.

ნინა სიმონმა დაწერა უკვდავი სიმღერა „Mississippi Goddam“ – „მისისიპი, ღმერთმა დაწყევლოს“, რომელიც მისი სპონტანური რეაქცია იყო 1963 წელს ალაბამაში კუ კლუქს კლანელთა მიერ ეკლესიის აფეთქებაზე, რასაც ოთხი პატარა შავკანიანი გოგო ემსხვერპლა. ეს სიმღერა, თავისი მოუთოკავი სიბრაზით და პირდაპირობით, რევოლუციურ კომპოზიციად რჩება საპროტესტო მუსიკის ისტორიაში - მასში არაა არანაირი მეტაფორა „პროგრესზე“ და „თავისუფლებაზე“, არანაირი ბიბლიური ან იგავის ენა. „ეს მთელი ქვეყანა ტყუილებითაა სავსე. ყველა დავიხოცებით - და დავიხოცებით ბუზებივით. მომეცით ჩემი თანასწორობა“ - მღერის ნინა სიმონი და ამბობს ზუსტად იმას და მხოლოდ იმას, რისი თქმაც სურს. მისი დაწერილია, ასევე, სიმღერა “Four Women” – “ოთხი ქალი“ - იმ დროისთვის ძალიან გაბედული, ფემინისტური სიმღერა აფრიკელი-ამერიკელი ქალების გამოცდილებების, ტკივილის და გადარჩენის შესახებ.

1958-დან 1993 წლამდე ნინა სიმონმა 60-ზე მეტი დისკი გამოუშვა. რეპერტუარი, რომელსაც ის ასრულებდა, იყო უზარმაზარი სპექტრის - ის მღეროდა ფოლკლორულ სიმღერებს, თანამედროვე როკის ჰიტებს, ბობ დილანის, ლეონარდ კოენის და ჯორჯ ჰარისონის სიმღერებს, ბერტოლტ ბრეხტის და კურტ ვაილის კომპოზიციებს, ჯგუფ ბი ჯისის სიმღერებს, საბავშვო სიმღერებს, ჯაზის სტანდარტებს, გოსპელს, სპირიჩუელს. სიმღერების მისეული ინტერპრეტაციები და არანჟირება ყოველთვის ორიგინალური და სპეციფიკურად „ნინასეული“ იყო - მათ შორის ჯორჯ გერშვინის არიის „I Love You, Porgy“, ლენარდ კოენის სიმღერის „Suzanne“ და სქრიმინ ჯეი ჰოკინსის უკვდავი ჰიტის, „I Put a Spell on You“. ნინა სიმონის თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ მის შემოქმედებაში სტუდიურ ალბომებზე გაცილებით მნიშვნელოვანი ცოცხალი კონცერტების ჩანაწერებია - თუ შესაბამის განწყობაზე იყო, ნინა სიმონი ნებისმიერი ზომის და შემადგენლობის აუდიტორიასთან შედიოდა ინტენსიურ ემოციურ კონტაქტში. „არასოდეს, არასოდეს მინახავს მუსიკოსს საკუთარ კონცერტზე ასეთი კონტროლის დამყარება შეეძლოს“ - აღმოხდა ერთ სან-ფრანცისკოელ კრიტიკოსს ნინა სიმონის კონცერტის რეცენზიაში - „ეს არ იყო შოუ - ეს იყო ერთი საათის და 35 წუთის განმავლობაში გაგრძელებული სულიერი სექსი“.

ალან ლაიტი
ალან ლაიტი

მაგრამ ნინა სიმონისთვის მაინც კლასიკური მუსიკა, კლასიკური კომპოზიცია რჩებოდა შემოქმედების მწვერვალად. „ის საკუთარ თავს სიცოცხლის ბოლომდე აღიქვამდა სერიოზულ პიანისტად. მაგრამ მან ისიც იცოდა, რომ სხვები მას ასე არ ხედავდნენ, რომ სხვებს არც ესმოდათ რას წარმოადგენდა და რას ქმნიდა ის, როგორც მუსიკოსი. ეს ბრძოლა, თუ დაძაბულობა ნინას მთელს ცხოვრებას გასდევს თან“ - გვეუბნება პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი, ამერიკელი მუსიკის კრიტიკოსი, ალან ლაიტი. „ასათიანის კუთხის“ მსმენელები მას კარგად იცნობთ - უწინდელ ეპიზოდებში ალან ლაიტმა ლენარდ კოენის სიმღერა „ჰალელუიაზე“ და პრინსის უნიკალურ მუსიკალურ მემკვიდრეობაზე მოგვითხრო. ახლახან მას ნინა სიმონზე სთხოვეს წიგნის დაწერა, „ნეტფლიქსის“ ახალი დოკუმენტური ფილმის მასალებზე დაყრდნობით - და ეს წიგნი, სათაურით „რა მოხდა, მის სიმონ“, კრიტიკოსებმა გამოსვლისთანავე მიიჩნიეს ნინა სიმონის ყველაზე სიღრმისეულ და ნიუანსირებულ ბიოგრაფიად.

ეპიზოდის მოსმენის შემდეგ კრიტიკოსების ამ შეფასებას ალბათ თქვენც დაეთანხმებით. ნინა სიმონის შესახებ ალან ლაიტი უამრავ საინტერესო ამბავს მოგვიყვება - მის ტრიუმფზეც და ტკივილზეც, ძალაზე და სისუსტეზეც, გამარჯვებებზეც და ჩავარდნებზეც. ჩვენი სტუმრის მონათხრობთან ერთად ბევრ მუსიკასაც მოვისმენთ. და, იმედი მაქვს, რომ ამ ეპიზოდით ნინა სიმონი - ბრწყინვალე და მღელვარე დროების თავადაც ბრწყინვალე და მღელვარე შემოქმედი - კიდევ უფრო მომნუსხველი, აღმაფრთოვანებელი და თან ცოტათი უფრო ახლობელი გახდება „ასათიანის კუთხის“ მეგობრებისთვის.

  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG