მწერალთა სახლმა გამოაქვეყნა ლიტერატურული პრემია "ლიტერას" ჟიურის შემადგენლობა, წინა წლებში დაჯილდოების ცერემონიალმდე ჟიურის წევრების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა. წელს 5 კაციანი ჟიურის ერთი წევრი სამინისტრომ შეარჩია კულტურის მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად. ამავე ბრძანების საფუძველზე გახდა ჟიურის წევრების ვინაობის გასაჯაროება დაჯილდოების ცერემონიალამდე საჭირო.
წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
- ბელა წიფურია - ლიტერატურათმცოდნე
- რეზო თაბუკაშვილი - მწერალი
- ლელა კოდალაშვილი - მწერალი, კრიტიკოსი
- ოქტაი ქაზუმოვი - ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი
- იოსებ ჭუმბურიძე - პუბლიცისტი
დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.
სამინისტროს მიერ წარდგენილი ჟიურის წევრი იოსებ ჭუმბურიძეა, მას სხვადასხვა დროს მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაერთი მხარდამჭერი განცხადება აქვს გაკეთებული საჯაროდ.
წელს, ლიტერატურულ პრემია ლიტერას კულტურის მინისტრის პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად საკუთარი სურვილით გამოეთიშნენ მწერლები ტორესა მოსი და მათე სარალიშვილი, ასევე დიზაინერი ნატალია ავალიანი.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის ერთი წევრი კულტურის სამინისტრომ დანიშნა, კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა ირაკლი კაკაბაძემაც, რომელმაც "ბოლშევიკური წესი" უწოდა მწერალთა სახლის ორგანიზებულ კონკურსში სამინისტროს წარდგენილი ჟიურის წევრის ჩასმას.
"რადგან ჯერ არ იყო გამოქვეყნებული მოკლე სია, თავს ვიკავებდი ამ გადაწყვეტილების მიღებისაგან, მაგრამ დღეს მეც ვუერთდები ჩემს ძვირფას კოლეგებს, ვინც პროტესტის ნიშნად მოხსნა საკუთარი წიგნები პრემიიდან და მოვუწოდებ ყველა მწერალს, ვისთვისაც ძვირფასია ამ ქვეყნის მომავალი, ქართული კულტურა და მწერლობა, ვინც თვლის, რომ არასოდეს აღარ უნდა დავბრუნდეთ უკან საბჭოთა წარსულში, გამოხატეთ თქვენი პოზიცია და ხმა აღიმაღლეთ ამ უმსგავსობის წინააღმდეგ.
აქვე, სულიდარობას ვუცხადებ „მწერალთა სახლს“ და მის თანამშრომლებს, რადგან მგონია, რომ „ბიძინას გაუმა...“ მყვირალა მინისტრის გადაწყვეტილება, უპირველესად ამ ორგანიზაციის დიდ იდეასა და სულისკვეთებას აზიანებს და ებრძვის" - დაწერა ირაკლი კაკაბაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე.
ლიტერატურულ კონკურსს პროტესტის ნიშნად გამოეთიშა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, მწერალი და პოეტი, ეკა ქევანიშვილიც.