Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურჯაანი-ლისაბონი-ტოკიო - ლაშა ბექაურის ოქროს გზა


ლაშა ბექაური
ლაშა ბექაური

ტოკიო-2020-ის გახსნიდან მეექვსე დღეს ბუდოკანის ძიუდოს დარბაზში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ლაშა ბექაური ავიდა და ოქროს მედალთან ერთად სახელმწიფოს მიერ დაწესებული სოლიდური ფინანსური ჯილდო - მილიონი ლარიც გაინაღდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტმა ბოლო სამ თვეში უკვე მეორე დიდ შეჯიბრებაზე მოიპოვა ოქროს მედალი. არადა, სულ რაღაც ერთი თვის წინ მისი ტოკიოში გამგზავრება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მხრის ტრავმა ოლიმპიურ ჩემპიონს ბოლომდე ჯერაც არ მოუშუშებია...

კახური ბრინჯაოთი დაწყებული ისტორია

ლაშა ბექაურმა ძიუდოზე ვარჯიში, მამის სურვილით, შვიდი წლის ასაკში დაიწყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში. ეს საქმე თავიდან დიდად არ მოსწონებია, მაგრამ თანასოფლელ ბიჭებთან ერთად მაინც დაუზარლად სწავლობდა ჭიდაობას. ინტერესში მალევე ჩავარდა მას შემდეგ, რაც გურჯაანში გამართულ ბავშვთა შეჯიბრებაზე მესამე ადგილზე გავიდა.

საქართველოს ასაკობრივი პირველობა ლაშამ რამდენჯერმე მოიგო, საქართველოს ნაკრებში კი 2016 წლიდან დამკვიდრდა, ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ. მაშინ 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

ევროპის თასზეც იმავე წელს დაეუფლა პირველ მედალს - ბრინჯაოს. 2017-ში კი ორი წონით მაღლა - 73 კილოგრამში გავიდა საერთაშორისო არენაზე და წელი წაუგებლად ჩაამთავრა. ევროპის თასის ორ ოქროს ჭაბუკთა შორის ევროპის და მსოფლიოს პირველობების ჩემპიონის ტიტულებიც მიამატა.

2018 და 2019 წლებში ლაშა ბექაური უკვე 81 და 90 კილოგრამებში ავიდა ევროპის თასის კვარცხლბეკზე. ასაკობრივი ნაკრებიც შეიცვალა - ჭაბუკებიდან ახალგაზრდულში აინაცვლა და ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, ერთხელ - ევროპის.

ძირითად ნაკრებშიც სწრაფად გაშინაურდა და პირად კოლექციას პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირების მედლებიც შემატა.

მსოფლიოს მასტერსი

2019 წლის მიწურულს ლაშა ბექაური მსოფლიოს რეიტინგის გამორჩეულ ქართველ ძიუდოისტებთან ერთად ჩინეთში გაემგზავრა ერთ-ერთ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე - მსოფლიოს მასტერსზე - საჭიდაოდ. 19 წლის ქართველი პლანეტის უძლიერეს სპორტსმენებთან კონკურენციაში ოქროს მედალს დაეუფლა.

ლაშა ბექაური
ლაშა ბექაური

მასტერსის ოქროთი დაგვირგვინებული სეზონი ბექაურს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ სათანადოდ დაუფასა. არხილოსკალოელი ვარსკვლავი მსოფლიოს 2019 წლის აღმოჩენად დასახელდა.

ლისაბონიდან დანახული ტოკიო

საერთაშორისო არენებზე მოპოვებული გამარჯვებების თუ აღიარებების მიუხედავად, ბექაურის ტოკიოს ოლიმპიადაზე გამგზავრება შეჯიბრების დაწყებამდე სამიოდ თვით ადრეღა გადაწყდა ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. ფინალში ერთმანეთს ის და ბექა ღვინიაშვილი დაუპირისპირდნენ. ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, შიდა კონკურენციის ლიდერი სწორედ კონტინენტის პირველობას უნდა გამოეჩინა. შესაბამისად, სასწორზე ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად იაპონიის საგზურიც დაიდო. მათ ლაშა ბექაური დაეუფლა.

ტრავმა

ოლიმპიურ თამაშებამდე თვე-ნახევრით ადრე ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები გამოავლინეს. ბუდაპეშტში გამართულ შეჯიბრებაზე ლაშა ბექაურის დატვირთვისგან მწვრთნელებმა თავი შეიკავეს, თუმცა სპორტსმენი უნგრეთში მაინც იახლეს და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის განაცხადშიც შეიყვანეს.

ბექაური ტატამზე ერთადერთხელ გავიდა და... ისეთი ტრავმა მიიღო, ოლიმპიადაზე ჭიდაობა ერთხანს კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მხრის ტრავმას ნაკრების სამედიცინო შტაბმა სპეციალურად ლაშასთვის გაწერილი პროგრამით უმკურნალა. მართალია, ბოლომდე მოსარჩენად ექვსი კვირა საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ მომავალი ჩემპიონის ტოკიოში წაყვანა მაინც მოხერხდა. იქ კი ლაშა ბექაურმა ტრავმას და მეტოქეებს ერთად აჯობა.

90 კილოგრამი

საქართველო დამოუკიდებელი სახელით ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე 1996 წლიდან გამოდის. მას შემდეგ ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიური ოქროს მედალი ოთხჯერ აქვთ მოპოვებული და აქედან სამჯერ ერთსა და იმავე წონით კატეგორიაში - 90 კილოგრამში. ერთადერთი ქართული ვერცხლიც ამავე წონაზე მოდის.

ლაშა ბექაურამდე ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ზურაბ ზვიადაური (2004) და ირაკლი ცირეკიძე (2008). ვარლამ ლიპარტელიანს კი უმაღლეს ტიტულამდე ფინალის მოგება დააკლდა (2016).

ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი

ლაშა ბექაური ტოკიოში მყოფი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრთაგან ყველაზე ახალგაზრდაა. 21 წლის გახდა გაჩემპიონებამდე ორი დღით ადრე - 26 ივლისს. დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში კი მასზე უმცროს ასაკში ოლიმპიური ოქრო მხოლოდ ლაშა შავდათუაშვილს მოუგია, რომელიც ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე (2012) კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლისას 20 წლის იყო.

ნათლია-ნათლულის ოქროს მსგავსება

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დამოუკიდებელმა გუნდმა პირველი ოქროს მედალი 2004 წელს მოიპოვა ათენის ოლიმპიადაზე. ჩემპიონი ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური გახდა. ლაშა ბექაური მაშინ ოთხი წლის იყო.

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა ძველი ფოტო - ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნებულ ზვიადაურს კალთაში უზის პატარა ხუჭუჭა ნათლული, ლაშა ბექაური.

„გილოცავ, ნათლი, შე გულიანო“ - დაწერა დღეს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ზვიადაურმა. მანვე ატვირთა ვიდეო, როგორ უყურეს ხევსურეთში ბექაურის ფინალურ შეხვედრას.

არასპორტული ჩანართი - ინციდენტი პოლიციელებთან

2019 წლის დეკემბერში, მსოფლიოს მასტერსზე გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლაშა ბექაურმა ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ჰყვებოდა, როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად პოლიციელები და როგორ გაუწია მათ წინააღმდეგობა. ბექაურის თქმით, მას პოლიციის განყოფილებაში ათზე მეტმა პოლიციელმა სცემა.

19 წლის სპორტსმენმა წერილი მალევე წაშალა და ამ თემაზე მედიასთან საუბრისგან თავი შეიკავა. მისმა მწვრთნელმა, ამჟამად საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ლაშა გუჯეჯიანმა კი ბექაურზე პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტი გამორიცხა და ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლაშამ ფეისბუქზე პოსტი ემოციურ ფონზე დაწერა.

საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც გამოაქვეყნა განცხადება, რომ გამოძიება დაიწყეს, სამართალდამცავთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე.

მას შემდეგ, ამ საკითხზე არც ერთ მხარეს ყურადღება აღარ გაუმახვილებია და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასკვნაც აღარავის გახსენებია.

რადიო თავისუფლებას ბექაურის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესსამსახურმა შემდეგი წერილი მოაწოდა:

„2019 წლის 8 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება პოლიცის თანამშრომელთა მხრიდან ლაშა ბექაურის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა მასმედიით გავრცელებული ინფორმაცია და თავად ლაშა ბექაურის Facebook პოსტი, სადაც იგი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქმეზე ჩაატარა ათობით საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: დაიკითხნენ მოწმეები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები, დათვალიერდა ადგილმდებარეობა, დათვალიერდა ლაშა ბექაურის პოლიციის განყოფილებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, ასევე გამოძიებისთვის საინტერესო სხვა ვიდეოჩანაწერები. ვიდეოჩანაწერებში არ ფიქსირდება პოლიციის განყოფილების შენობაში ძალადობის ფაქტი.

თავად ლაშა ბექაური, სამსახურის არაერთი გამოძახების მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოში გამოძიების დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდგომ გამოცხადდა და სრულად უარყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტი. ძალადობის ფაქტი ასევე უარყვეს მოწმის სახით გამოძახებულმა ლაშა ბექაურის ოჯახის წევრებმა და ძიუდოს ეროვნული ნაკრების წარმომადგენელმა. საგამოძიებო ორგანოში აღნიშნული მოწმეებიც, რამდენჯერმე გამოძახების შემდგომ გამოცხადნენ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიების პროცესში დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას, ლაშა ბექაურის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაში მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით, თუმცა მათი მხრიდან აღნიშნული ვერ იქნა უზრუნველყოფილი. ამასთან, ფედერაციის მიერ გამოძიებას სრულყოფილად არ მოეწოდა დოკუმენტაცია, რომელშიც ასახული იქნებოდა სავარაუდო ძალადობის შემდგომ ლაშა ბექაურის სამედიცინო შემოწმების შედეგები, რაც გამოძიებისთვის მსხვერპლის ართანამშრომლობის პირობებშიც კი იქნებოდა მნიშვნელოვანი მტკიცებულება.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG