Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კრამერი: ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია“


დევიდ კრამერი
დევიდ კრამერი

„ევროკავშირი შეურაცხყოფილი უნდა იყოს იმით, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაში დრო დაკარგა. ახლა მიზანმიმართული სანქციების დროა, რათა „ქართული ოცნების“ წევრები მიხვდნენ, რომ უკვე საკმარისია“,- ასე აფასებს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დატოვოს ე.წ შარლ მიშელის შეთანხმება.

კრამერი თვლის, რომ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც ქვეყანაში უკვე წელიწადზე მეტია გრძელდება, სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებასა და პრემიერ ღარიბაშვილს ეკისრებათ.

„პრემიერი უნდა გადამდგარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად, ის რჩება და პოლიტიკურ სიტუაციას აუარესებს. პარალელურად საპარლამენტო კომისიამ, რომელიც გასული შემოდგომის არჩევნებს იძიებს, დაასკვნა, რომ ყველაფერი კარგადაა. ძალაუფლებაში მყოფმა მთავრობამ, რომელმაც კოალიციის გარეშე მიიღო საკმარისი ხმები, თავადვე გამოიძია არჩევნების საქმე და დაადგინა, რომ მთავრობაში მყოფმა ძალამ სამართლიანად მოიგო. „ქართული ოცნება“ არსებულ სიტუაციას დასცინის. წარსულში, შეიძლებოდა, რომ კრიზისის არსებობაში ბრალის ნაწილი ოპოზიციაზეც გაგვენაწილებინა და გვეთქვა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. თუმცა, ახლა, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს, „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ივანიშვილს“,- ამბობს კრამერი, „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციასთან საუბარში.

"ქართული ოცნების" გადაწყვტილებას დევიდ კრამერის მსგავსად, „საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის“ მიმოხილველი, ლუის ნავაროც არ იწონებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში განგრძობითი კრიზისია შექმნილი და ამაში დიდი წილი პასუხისმგებლობა, სწორედ საქართველოს მთავრობას ეკისრება.

მაგრამ კრამერისგან განსხვავებით, რომელიც ახლანდელ სიტუაციაზე სრულ პასუხისმგებლობას მხოლოდ მართველ პარტიას აკისრებს, ნავარო თვლის, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობაც“ უნდა იგრძნოს.

„მორჩილება, რომელიც „ენმ“-მ აჩვენა მიშა სააკაშვილის მიმართ, ბოიკოტისა და შეთანხმებაზე ხელის არ მოწერის სახით, ასევე კარგად აჩვენებს მათ ნამდვილ სურვილებს ევროკავშირთან ინტეგრაციაზე. მაშინ, როდესაც უფრო პატარა ოპოზიციურ პარტიებს ახლა შეუძლიათ გაამართლონ პარლამენტის დატოვება იმ მიზეზით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა შეთანხმება, იგივეს გაკეთება „ენმს“ აღარ შეუძლია“,- ამბობს ნავარო.

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს, 28 ივლისს, გამოაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და ამ გადაწყვეტილების მიზეზეზად ის დაასახელა, რომ "დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე, მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა".

2021 წლის 19 აპრილს, "ქართულმა ოცნებამ" და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, თბილისში, ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს, რომელმაც სათავე დაუდო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შედარებით განმუხტვას და ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას. შეთანხმებას ხელი არ მოაწერეს "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და მასთან საარჩევნო ბლოკში მყოფმა პარტიებმა, "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ".

XS
SM
MD
LG