Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტს: თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, წინა ხაზზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობის განმახორციელებელი ჯგუფების ორგანიზატორების დასჯისა და ხელისუფლების მიერ პასუხისმგებლობის აღების საკითხზე დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ ტელევიზიები პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად გადაიქცნენ. კრიტიკული კითხვების შემდეგ მან ტელეკომპანია „ფორმულას“ კორესპონდენტს „პარტიული აქტივისტი“ უწოდა:

„თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები, აი, თქვენ. თქვენ ხართ პირდაპირ პარტიული აქტივისტი, ნაცმოძრაობის წევრი ხართ თქვენ, რომელიც ფინანსდებით ყველაზე დიდი მძარცველი კეზერაშვილის მიერ... თქვენ ეხლა ადგილს აფუჭებთ. თქვენ უნდა იყოთ პარტიაში, თქვენ უნდა იყოთ წინა ხაზზე. პარლამენტში მინდა, რომ გიხილოთ თქვენ. თქვენ ხართ ჩვეულებრივი პარტიული აქტივისტი“, - უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა „ფორმულას“ ჟურნალისტს, გიორგი კიკაბიძეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიას „ძალადობის“ დასრულებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტელეკომპანიები მთავარი მოძალადეებისა და მთავარი კორუმპირებულების მიერ არიან დაფინანსებულები:

„ეს სიყალბე და ეს ძალადობა უნდა დაასრულოთ თქვენ, ამ შემთხვევაში თქვენ არ გელაპარაკებით, ველაპარაკები ამ შემთხვევაში იმ ადამიანებს, ვინც არიან თქვენი მმართველები. სამწუხაროა, რომ ტელევიზიები გარდაიქმნა უკვე რეალურად პარტიული ორგანიზაციების დანაყოფებად“, - უთხრა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი პროგრამის წარდგენის ღონისძიების დასრულების შემდეგ.

5 ივლისს თბილისში „თბილისი პრაიდის“ ფარგლებში „ღირსების მარში“ იგეგმებოდა, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი მსვლელობის, მედიაზე თავდასხმისა და ოფისების დარბევის შემდეგ „ღირსების მარში“ გაუქმდა. ჰომოფობიური, ულტრაკონსერვატორი და ნაციონალისტური, პრორუსული ჯგუფების ძალადობის შედეგად დაშავდა 55 პირი, მათგან 53 ჟურნალისტი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, სასტიკად ნაცემი ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს გარდაიცვალა.

5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი, კერძოდ:

  • ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე - 24 პირი;
  • "თბილისი პრაიდის" ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე - 3 პირი;
  • 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა.
XS
SM
MD
LG