Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაურის თქმით, შსს იძულებული გახდა ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ კადრები გაევრცელებინა


5 ივნისის მოვლენების და „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ ილაპარაკა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მინისტრმა განმარტა, რატომ გაავრცელა შსს-მ ლექსოს გარდაცვალების შემდეგ კადრები. ის ამბობს, რომ სამინისტრო იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო.

„ძალიან მძიმე იყო იმ კადრების გაშვება, ბრიფინგებზე, რაც მოგვიწია. იძულებულები გავხდით. არანაირი სურვილი არ მქონდა არც მე, არც თანამშრომლებს - ჩემს მოადგილეებსა და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და პირდაპირ ენახათ მის ოჯახის წევრებს და მის დედას, შვილს“, - თქვა შს მინისტრმა და განაგრძო - „ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ კადრების გაშვება მოგვიწია, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში წამოვიდა თემა, რომ „ინფორმაცია გააჟღერეთ რა მოხდა, გვითხარით, რა ხდება“. ძალიან აიწია ტემპერატურა, იცით, რომ შეიკრიბა რუსთაველზე ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა პასუხს, რა მოუვიდა, რითი მოკვდა ეს ადამიანი? უკვე იძულებულები გავხდით, რაც გვქონდა სწრაფად ამ ინფორმაციას ვაწვდიდით“, - თქვა გომელაურმა.

11 და 12 ივლისის ბრიფინგებზე შსს-მ გაავრცელა ვიდეოსათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები. თბილისის რუკაზე დეტალურად არის მოხაზული 10 ივლისს, გამოძიების მტკიცებით, ლექსოს ლაშქარავას და მისი მეგობრის გადაადგილების სავარაუდო ტრაექტორია.

XS
SM
MD
LG