იზოლაცია, შიში და გაურკვევლობა, დაკარგული მეგობრები და თამაშზე დაწესებული შეზღუდვები - ბავშვებს პანდემიამ თავისი ტრავმები მოუტანა. თუკი კორონავისურის გამოჩენის საწყის ეტაპზე ექიმები ამბობდნენ, რომ ახალი ვირუსი განსაკუთრებულად მოხუცებს ერჩის, პანდემიის მეორე წელს გამოჩენილი ახალი შტამები არც ბავშვებს ინდობს.
ბავშვებს უფროსებისგან განსხვავებით ვირუსის წინააღმდეგ ჯერ არ აქვთ ისეთი ეფექტიანი იარაღი, როგორიცაა ვაქცინა.
- პირბადე სწორად გეკეთა?
- ხელები კარგად დაიბანე?
- ავტობუსში მგზავრებს ძაან მიუახლოვდი?
უფროსებს უჭირთ ენდონ ბავშვებს და მათ დასაცავად ყველაზე სანდო გზად გამოკეტვას მიიჩნევენ. როცა ჯერი შეზღუდვების დაწესებაზე მიდგება, ყველაზე ადრე სკოლები, ბაღები, საზაფხულო ბანაკები და შემოქმედებითი სტუდიები იკეტება, შეზღუდვების შემსუბუქებისას კი ბავშვებზე ადრე სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები გვახსენდება.
კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ბავშვებთან თან მიჰყვება მშობლების, ბებია-ბაბუების, მასწავლებლების შფოთვა, შიში და ემოციები. მარტო დარჩენილი ბავშვების სამყარო დავიწროვდა. ზღვრულ სივრცეში დარჩენილები ემოციებზე საუბრის ნაცვლად ხშირად ხატავენ.
ჩემმა შვილმა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში დახატა პირველად ვირუსი, რომელმაც მეგობართან დააშორა. რაც დრო გადიოდა, მეგობრებს მართლა უფრო და უფრო იშვიათად ნახულობდნენ, ყოველდღე გარეთაც ვერ გავდიოდით, ზოგჯერ მოწყენილობა აუტანელი იყო. სამაგიეროდ მთელი წელი ხატავდნენ, ხან რას, ხან რას. ნახატებში დაცულია „სოციალური დისტანცია”.
5 წლის თეკლამ პანდემიის დასაწყისში თავისი თავი დახატა. ფანჯარაში იხედება და მოწყენილია იმის გამო, რომ ადამიანები ერთმანეთთან აღარ დადიან, მერე კი წერილი მისწერა „კორონას”. „ფუ კორონავ! მე არასოდეს მეყვარები”, - უბრაზდება თეკლა ვირუსს, რომლის გამოც ბაღში ვეღარ დადის.
8 წლის ლუსიმ იცის, რომ როცა დედამიწის გარშემო თვითმფრინავები აღარ დაფრინავენ და ყველა კონტინენტზე კორონავირუსია გავრცელებული, ხელები ხშირად უნდა დაიბანოს. იმედი ჰქონდა, ზაფხულის არდადეგების მერე, სკოლის დაწყების დროისთვის კორონავირუსი აღარ იქნებოდა.
9 წლის ანდრო თავიდან იმაზე დარდობდა, რომ უფროსები პირბადეს სწორად არ ატარებენ, ცხვირები აქვთ გამოყოფილი და ჰგონიათ, ეგრეც დაცულები იქნებიან. მერე, პანდემია იმდენს ხანს გაგრძელდა, რომ ახალმა ამბებმაც მიაღწია მის ყურამდე და ნინოწმინდის პანსიონის დაკეტვა-არდაკეტვის შესახებ მსჯელობას მოჰკრა ყური. ისიც გაიგო, რომ პანსიონში პატარა ბავშვები კარგ დღეში არ არიან და უმანკო ბავშვი მიაკრა ჯვარზე.
6 წლის ანასტასიასთვის პანდემიის მოტანილი სიახლე კურიერები აღმოჩნდნენ, რომლებსაც საჭმელი მოჰქონდათ მაშინ, როცა მშობლებს მოსამზადებლად არ ეცალათ. კურიერები ძირითადად ბიჭები იყვნენ, ზოგჯერ გოგოებიც. ანასტასიაც გოგო კურიერებს ხატავდა, გრძელი, ფერად-ფერადი თმებით.
მზე და კორონავირუსი 4 წლის მართამ დახატა.
7 წლის კოსტას პანდემიის დროს ზაზუნა მოუკვდა - ხელში ჯვრით და მწუხარე სახით ამ ნახატზე, თვითონაა, ქვემოთ - თავისი საყვარელი ზაზუნა.
7 წლის მაშო მიხვდა, რომ მამა სულ ტელეფონში იყურება და ეს დიდად არ მოსწონს.
11 წლის თეკლასაც აწუხებს ტელეფონზე დამოკიდებულება, ოღონდ ოჯახის წევრების იმდენად არა, რამდენადაც სხვების, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რომელი ტელეფონი აქვს. თეკლა უკვე იმხელაა, კლასში პირბადის ტარების ვალდებულებაც აქვს და ისიც აწუხებს, რომ პირბადიდან ცუდად ისმის ადამიანის ლაპარაკი.
5 წლის კატომ იმდენ ხანს უყურა ეკრანებს და ეკრანთან მსხდომ ხალხს, ბოლოს თავისი საკუთარი კომპიუტერი გამოიგონა და დახატა. კატო ერთადერთია თავის ოჯახში, რომელიც არც სკოლაში დადის და არც სხვა რაიმე აუცილებელი საქმე აქვს კომპიუტერთან. მისი უფროსი და ნახევარი წელი ონლაინ გაკვეთილებს ესწრებოდა, დედა კი, რომელიც მასწავლებელია, ონლაინ ასწავლიდა თავის მოსწავლეებს.
9 ოლიკო თავიდან დეტალურად წერდა და ხატავდა, რას აკეთებდა დღის განმავლობაში. მერე მიხვდა, რომ იმ გოგოს ჰგავდა, კაფსულაში რომელიც ზის მაშინ, როცა გარეთ ათასი საინტერესო რამ ხდება და ასეც დახატა თავისი თავი.
8 წლის ელენე მიხვდა, რომ პანდემიისას მისი დაბადების დღეები ისეთი აღარ არის, როგორც იყო: სტუმრების რაოდენობამ იკლო.
ხალხი საშიშია, სტუმრიანობას უნდა ვერიდოთ.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხატვა ბავშვებისთვის ერთ-ერთი გზაა საკუთარი თავის გამოსახატავად, სათქმელის სხვებამდე მისატანად, თავად პროცესი კი თერაპიულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს.
თუ ბავშვები გყავთ და ეს აქამდე არ გაგიკეთებიათ, მოუმარაგეთ ხატვისთვის საჭირო მასალა, დაუწყვეთ ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას და სთხოვეთ, მისთვის მნიშვნელოვანი ამბები ქაღალდზე გადაიტანოს. თუკი თქვენი შვილები აქტიურად ხატავენ, შესთავაზეთ განსხვავებული მასალები, სახატავი სივრცეები და მეთოდები - ექსპერტიმენტები ამ პროცესს უფრო საინტერესოს და სახალისოს გახდის.