Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გუმათში აქციაზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

გუმათში აქციაზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შემდეგ, 3-3-ათასლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს სოფელ გუმათში 29 მაისის აქციისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წარმომადგენლის ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და ორივე დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა საქმის განხილვა გრძელდება და მათ ბრალი არ მოხსნიათ.

ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში 1 ივნისს დააკავეს სპეცოპერაციის შედეგად. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებული 29 მაისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს. ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, რის შემდეგაც პოლიციამ კანონმდებლობის შესაბამისად იძულების ღონისძიება გამოიყენა“.

ირაკლი მუკბანიანის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის (პოლიციელზე თავდასხმა) პირველი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იგივე ბრალდება წაუყენა პროკურატურამ „რიონის ხეობის მცველს“ დავით ხუციშვილს, რომელიც პოლიციამ 10 ივნისს დააკავა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციებს უწყვეტად მართავენ. დემონსტრანტები ცდილობენ, არ შეუშვან ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები რიონის ხეობაში სოფელ გუმათიდან.

ხელისუფლების მტკიცებით, „ნამახვანჰესი“ საქართველოს ენერგოსექტორში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია და მისი მიზანშეწონილობა დადასტურებულია არაერთი კვლევით.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების და ხელისუფლების მონაწილეობით, 12 ივნისს ევროკავშირის შუამავლობით მედიაციის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.

აქტივისტების ინფორმაციით, ამჟამად ხეობაში სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG