"გლოვაშიც კი პოლიტიკურ პერფორმანსს დგამენ. კადრებს არჩევენ.
დრონით გადაღებული ჩასვენება...
მკვლელობაზე საუბრობენ. სინამდვილეში კი, დღეს, მათ თავად მოკლეს მედია", - წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე პარლამენტარი "ქართული ოცნებიდან", შალვა პაპუაშვილი ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის შესახებ.
"გლოვას ჭირდება სულიერება", - პასუხობს მას კომენტარებში მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, ნინო წილოსანი.
ლექსო ლაშქარავას "სირცხვილიას" ოფისში 5 ივლისს რამდენიმე ათეული პირი სასტიკად გაუსწორდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას - დაკავებულია მხოლოდ 5 თავდამსხმელი. ლექსო ლაშქარავას სიძულვილის ჯგუფების თავდასხმის შემდეგ დაზიანებული ჰქონდა თვალი და სახის ძვლები, დასჭირდა ქირურგიული სამედიცინო ჩარევა. ლექსო ლაშქარავა თავდასხმიდან მეექვსე დღეს, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა ნახეს გარდაცვლილი - შსს ექსპერტიზის დასრულებამდე მიანიშნებდა მის კავშირს ნარკოტიკებთან. გარდაცვალებიდან მეორე დღეს "შუალედური ქიმიური დასკვნის" საფუძველზე უწყებამ თქვა, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ზედოზირება გამხდარიყო.
ლექსო ლაშქარავა დღეს დაკრძალეს.
მოქალაქეები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.