სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრების, ზაზა გახელაძის დაკავებიდან 1 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ოჯახი ცხინვალის ციხის პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს. ხელისუფლების მხრიდან არაერთი დაპირების მიუხედავად, გახელაძის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ზაზას დედა ნანა ბუნტური ამბობს, რომ ყველა იმედი გადაწურული აქვთ და მხოლოდ საპატრიარქოს მიერ რუსეთში გაგზავნილი წერილის პასუხსღა ელოდებიან. გახელაძის ცოლი ირმა ბუთხუზი კი აცხადებს, რომ 1 წელია ყოველდღე სახლის კარის გაღებას და ზაზას გამოჩენას ელოდება. თუმცა ამ ერთმა წელმა ოჯახის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ ზაზას გასათავისუფლებლად მუშაობს, ამ მუშაობას 11 წლის შემდეგ დაასრულებს.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დადგება ერგნეთის ინციდენტებისა და პრევენციის ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 13 ივლისს გაიმართება.
დღეს გახელაძეების ოჯახში ჩავიდა " დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, სახელმწიფოს გახელაძის გასათავისუფლებად საკმარის ძალისხმევას არ იჩენს.
"ოჯახს უკვე იმედი აქვს დაკარგული, რომ ზაზა გათავისუფლდება. ისინი ითხოვენ უფრო მეტ დახმარებას საზოგადოებისგან. მათ სურთ, რომ ჩართული იყოს როგორც ხელისუფლება, ისე საზოგადოება პრობლემის მოგვარებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველი დღე ჩვენ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიფიქროთ შედეგზე, თუ როგორ გავათავისუფლოთ ზაზა გახელაძე", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს.