Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს ხალხმა იცის დამოუკიდებლობის ფასი, ჩვენ დავეხმარებით ამ მიღწევის შენარჩუნებაში


ევროკავშირის კომისრის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას თავისუფლების და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და დემოკრატიის გარანტორების გაძლიერებაში. ევროკომისრის ეს პასუხი შეეხება რადიო თავისუფლების კითხვას, დამატებით რა შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა საქართველოში არსებული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რათა არ განმეორდეს თბილისში 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ინციდენტები.

„ერთ რამ, რაც ვისწავლე საქართველოს შესახებ და საქართველოში, არის ის, რომ ეს არის ერი, რომელმაც ათასობით წლის განმავლობაში იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველოს ხალხმა კარგად იცის თავისუფლების და დამოიკიდებლობის ღირებულება და ფასი და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ამ მიღწევის შენარჩუნებაში და მასშტაბის გაზრდაში. რეფორმები უკავშირდება სამართლის უზენაესობას, ეს ჩვენი თანამშრომლობისთვის ფუძემდებლურია. ჩვენ პარლამენტის წევრებთან, პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ამაზე და კიდევ უფრო მეტი აქცენტები გაკეთდება ამაზე მომავალში. ჩვენ შესასრულებელი საკითხების გრძელი სია გვაქვს და ყველას, ვისაც ამ ქვეყანაში ველაპარაკები, მათგან მეძლევა იმედი, რომ დემოკრატიის მიმართ მხარდაჭერა ძალიან ძლიერია და ვხედავ ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულების ერთულებას. საქართველო ტრანსფორმაციის გზაზე დგას და ჩვენ ამაში ქვეყანას დავეხმარებთ. ჩვენ გვსურს, რომ ადმინისტრირება, სასამართლო სისტემა და დემოკრატის სხვა გარანტორები იყოს მხარდაჭერილი“, - განაცხადა ევროკომისარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

5 ივლისს დაგეგმილი "ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამოსულმა მოძალადე ჯგუფებმა თბილისის სხვადასხვა ნაწილში ძალადობრივი თავდასხმები მოაწყვეს აქტივისტების ოფისებსა და მედიის წარმომადგენლებზე. დაშავებული 55 ადამიანიდან 53 მედიის წარმომადგენელია. მათ შორის არიან რადიო თავისუფლების ჟურნალისტებიც.

5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტები და სახელმწიფოს არაეფექტიანი მუშაობა 6 ივლისს მდუმარე აქციით გააპროტესტეს მოქალაქეებმა პარლამენტის წინ. სიძულვილის ჯგუფებმა კვლავ გამართეს კონტრაქცია, იძალადეს პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებზე. სამართალდამცველებმა მედია და აქციის მონაწილეები "უსაფრთხო დერეფნებით" გაიყვანეს ტერიტორიიდან აქციის დასასრულს, რუსთაველის გამზირი კი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს.

XS
SM
MD
LG