Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაამართლებს თუ არა სააპელაციო სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ ძიუდოისტს?


19 წლის ძიუდოისტი, გიგა ტატიაშვილი, ერთი წელია სასჯელს იხდის 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2021 წლის 19 მარტს მას მსჯავრი დაადო სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. ამავე მუხლის პირველ ნაწილში, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ის უდანაშაულოდ ცნო და საბოლოოდ, გიგა ტატიაშვილს პატიმრობად 5 წელი განუსაზღვრა. ამავე მუხლით, მიუსაჯა მოსამართლემ ხუთ-ხუთი წელი გიგა ტატიაშვილთან ერთად დაკავებულ სამ ახალგაზრდას. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გუგა ტატიაშვილის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სხდომა 7 ივლისსა დანიშნული.

არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ გიგა ტატიაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს. სააპელაციო საჩივარში მსჯავრდებულის ადვოკატი ჩამოთვლის 24 გარემოებას, რის გამოც, მისი აზრით, 19 წლის ძიუდოისტი მოსამართლემ უნდა გაამართლოს.

ვინ არის გიგა ტატიაშვილი?

19 წლის ძიუდოისტი, ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი, გიგა ტატიაშვილი, გიორგი შაქარაშვილის საქმეში მონაწილე ორი მთავარი ავტომობილიდან („ტოიოტა კამრი“ და „მერსედესი“) ერთ-ერთის, „მერსედესის“ მძღოლია. მცხეთაში, ნარეკვავის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკზე, დაბადების დღის წვეულებაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას, მცხეთის მაგისტრალზე, მდინარე არაგვის ხიდთან, პირველი სწორედ „მერსედესი“ წამოეწია. ავტომობილიდან გადმოსული ხუთი მგზავრი, არაგვის ხიდზე მიმავალ ახალგაზრდებს, გიორგი ქათამაძესა და კონსტანტინე ღიბრაძეს ფიზიკურად გაუსწორდა. გიორგი შაქარაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა კიდევ სამმა პირმა, გაქცევა მოასწრო. როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, ამ დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებს გიგა ტატიაშვილი.

როგორ აღმოჩნდა გიგა ტატიაშვილი ჯერ დაბადების დღეზე და შემდეგ მცხეთის მაგისტრალზე

19 წლის ძიუდოისტი, გიგა ტატიაშვილი იუბილარის, ანა გაბეჩავას კლასელია. დაბადების დღის წვეულებაზე, ის სწორედ ანამ დაპატიჟა. როგორც გიგა ტატიაშვილი ყვება, მცხეთაში, ნარეკვავის ტერიტორიაზე მდებარე აგარაკზე, 18 ივნისს, მეგობართან და თანაკლასელთან, თამაზ დათაშვილთან ერთად ჩავიდა.

ტატიაშვილის ჩვენების თანახმად, მათი მისვლიდან 40 წუთში, როდესაც სუფრას მისთვის უცნობი ადამიანებიც შემოემატნენ, სუფრაზე კამათი დაიწყო და „ერთმანეთს სიტყვებზე ეკიდებოდნენ“. გიგა ტატიაშვილი ამბობს, რომ დაძაბულ გარემოს ერიდება და აივანზე გადის. უკან შემობრუნებული კი ხედავს, რომ იუბილარი ტირის და იქ მყოფ ახალგაზრდებს წასვლას სთხოვს. გიგა ტატიაშვილის თქმით, სწორედ ანა გაბეჩავასგან შეიტყო, რომ ეზოში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა:

„როდესაც გარეთ გავედი, დავინახე, რომ სიტუაცია განმუხტული იყო და ჩხუბის მონაწილეები ცდილობდნენ ტერიტორიიდან წასვლას, რაზეც მე ჩემს მეგობარს, თამაზ დათაშვილს ვუთხარი, რომ წავსულიყავით და გავრიდებოდით აღნიშნულ სახლს, რაზეც დამთანხმდა და ჩემი მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით წავედით თბილისის მიმართულებით. მე და თამაზს ასევე გამოგვყვა ჩემი კლასელი ირაკლი მუმლაძე და ნიკოლოზ ცუცქირიძე და ჩვენ ოთხივე მივედით ნახალოვკაში, „მადას“ საკონდიტროსთან. მე გავაჩერე მანქანა, საიდანაც გადავიდნენ ჩემი თანმხლები პირები და შევიდნენ არკას შენობაში. მე გადავწყვიტე, დავლოდებოდი თამაზს, რომელიც უნდა წამეყვანა სახლში, თუმცა, იგი იქიდან აღარ გამოვიდა, რადგან დარჩა მეგობართან. ხოლო ნიკოლოზ ცუცქირიძე და ირაკლი მუმლაძე გამოვიდნენ არკას შენობიდან, რომლებსაც მოყვებოდნენ თენგო ბარბაქაძე, ქანაშვილი, რომლის სახელიც არ ვიცი და ასევე, სრული აღნაგობის, დაახლოებით 25-26 წლის ბიჭი, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა, შემიძლია ამოვიცნო. მათ მთხოვეს, რომ ისინი უკან წამეყვანა მცხეთაში, რადგან ჩემი კლასელები, ლაშა შერმადინი და გიორგი მერებაშვილი იქ დარჩნენ და ვერ მოდიოდნენ უკან, რაზეც მე მათ დავთანხმდი“.

ამონარიდი გიგა ტატიაშვილის ჩვენებიდან
ამონარიდი გიგა ტატიაშვილის ჩვენებიდან

გიგა ტატიაშვილის მანქანაში ხუთი მგზავრი ჩაჯდა. როგორც ის იხსენებს, მცხეთისკენ მიმავალს ესმოდა, რომ უკანა სავარძელზე მჯდომი ერთ-ერთი პირი, მობილურზე ლაპარაკობდა. ამ ლაპარაკიდან შეიტყო, რომ მათ უკან კიდევ ერთი ავტომობილი მოდიოდა. როგორც 19 წლის ძიუდოისტი ყვება, მან იცოდა, რომ მისი კლასელები, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ დაბადების დღის წვეულებაზე, ლაშა შერმადინი და გიორგი მერებაშვილი, თბილისისკენ ფეხით მოძრაობდნენ, ამიტომ მანქანა ნატახტარზე მდებარე ხიდთან დაატრიალა და წავიდა თბილისის მიმართულებით:

„გზაზე შემხვდნენ კლასელები, მანქანა გავუჩერე, მეგონა ჩასხდებოდნენ, თუმცა, მათ ჩემს მანქანაში მყოფ პირებს უთხრეს, რომ წინ მიდიოდა 5-6 ახალგაზრდა, რომლებმაც სცემეს ჩემი კლასელები, რაზეც ჩემ მანქანაში მჯდომმა პირებმა მითხრეს, რომ აღარ წავსულიყავი და მანქანა გამეჩერებინა, თუმცა, მე დავძარი მანქანა, რადგან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო ჩხუბი, მაგრამ ჩემს მანქანაში მჯდომი პირები ცდილობდნენ გაეღოთ მანქანის კარი და გადმოსულიყვნენ, რაზეც გავხდი იძულებული, მანქანა გამეჩერებინა და როდესაც გავაჩერე მანქანა, ჩემი მგზავრები გადმოვიდნენ და გაიქცნენ ჩვენ წინ ფეხით მოძრავი ჩემთვის უცნობი პირების მიმართულებით, რა დროსაც დავინახე, რომ ჩემს გვერდით მჯდომი სრული აღნაგობის პირმა, რომელსაც ხელში ეჭირა რკინის ჯოხი, დაარტყა ერთ-ერთს ფეხში, რა დროსაც ჩემს წინ მოძრავი უცხო პირები გაიქცნენ, რომლებსაც გაეკიდნენ ჩემი მგზავრები. მე მათ ვთხოვდი, თავი დაენებებინა მათთვის და წამოსულიყვნენ, თუმცა, ისინი მაინც აგრძელებდნენ ჩემთვის უცნობი პირების ცემას და მე ჩემს მგზავრებს და ასევე ლაშა შერმადინს და გიორგი მერებაშვილს მოვატყუე, რომ მოდიოდა პოლიცია, რაზედაც ყველანი ჩასხდნენ მანქანაში და წამოვედით“.

რატომ ფიქრობს ადვოკატი, რომ გიგა ტატიშვილი მოსამართლეს უნდა გაემართლებინა?

გიგა ტატიაშვილის ადვოკატი არაერთ მიზეზს ჩამოთვლის, რის გამოც თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიგა ტატიაშვილის მიმართ არასამართლიანი განაჩენი გამოიტანა. მას მაგალითებად მოჰყავს განაჩენში არსებული ის პუნქტები, რომლებიც მისი თქმით, თავისთავად ადასტურებენ ფაქტს, რომ გიგა ტატიაშვილს არც ძალადობაში და მით უმეტეს, არც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია:

„განაჩენში ვკითხულობთ, „აშკარად ჩანს (ვიდეოკადრებში) სხვა ბრალდებულ პირთა მიერ დაზარალებულების მიმართ ჩადენილი ძალადობა/ცემა დაახლოებით 00:45 წუთზე და მათგან განსხვავებით, გიგა ტატიაშვილის როლი ამ დროს ცალსახად პასიურია“. დასაბუთებული მსჯელობის და დასკვნის პარალელურად, სასამართლო წინააღმდეგობრივ დასკვნებს აკეთებს და სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს გიგა ტატიაშვილის მიერ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლავს ძალადობა და იარაღის გამოყენება“.

არჩილ ჩოფიკაშვილის მტკიცებით, მოწმეთა ჩვენებებით და განაჩენის მიხედვით დასტურდება, რომ გიგა ტატიაშვილს არც ერთ ეტაპზე, არც ერთ პირთან რაიმე უსიამოვნება, დაძაბულობა ან კონფლიქტი არ მოსვლია. შესაბამისად, მისი აზრით, გიგა ტატიაშვილს არ ჰქონდა და ვერ ექნებოდა რაიმე ინტერესი ან მოტივი, რომ ვინმეს მიმართ ძალადობა განეხორციელებინა.

აბსურდულს უწოდებს ადვოკატი ბრალდების მტკიცებას, რომ გიგა ტატიაშვილი თბილისში ,,ძალადობის მიზნით ფიზიკური ძალის მობილიზებისთვის'' გამოემგზავრა. მისივე თქმით, თუკი „ტოიოტას“ და „მერსედესის“ მგზავრები იყვნენ ერთმანეთთან დანაშაულებრივ კავშირში, ჯგუფურად გეგმავდნენ ფეხით მიმავალი პირების წინააღმდეგ ძალადობას და ამავე დროს, ინფორმაციას იღებდნენ ლაშა შერმადინის და გიორგი მერაბიშვილისგან, მაშინ გაუგებარია, რატომ არ მივიდნენ დანაშაულის ადგილას ეს ორი ჯგუფი ერთად და რატომ არ იმოქმედეს ერთობლივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად?

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც არჩილ ჩოფიკაშვილს გიგა ტატიაშვილის დასაცავად მოჰყავს, არის ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს მთელი საღამოს განმავლობაში, 18 ივნისის 19:39 სთ-დან 19 ივნისის 02:29 სთ-მდე პერიოდში, არ ჰქონია არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია:

„შესაბამისად, დაუდგენელია ტატიაშვილმა რა საშუალებით გაუწია ,,ფიზიკურად ძლიერი პირების'' შეკრებას ორგანიზება (პროკურორის აპელაცია). წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ ყოფილა დადასტურებული გიგა ტატიაშვილის კავშირი დანაშაულებრივ ჯგუფთან (თუ ასეთი თეორიულად არსებობდა) და არ შეიძლება გიგა ტატიაშვილმა პასუხი აგოს მისი მანქანის მგზავრების ქმედებებზე“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

რა ჩანს ვიდეო-კადრებში?

გარე-კამერებით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ მას შემდეგ, რაც გიგა ტატიაშვილი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე აჩერებეს ავტომობილს, იქიდან გადმოდის ყველა მგზავრი, მათ შორის გიგა ტატიაშვილიც, თუმცა ის მანქანასთან რჩება, დანარჩენები კი გზაზე ფეხით მიმავალი ახალგაზრდების მიმართულებით გარბიან. ის, რომ გიგა ტატიაშვილს არცერთი პირის მიმართ არ განუხორციელებია ძალადობა, ამას ადასტურებენ საკუთარ ჩვენებებში „მერსედესის“ მგზავრებიც.

ეს ფაქტი მითითებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 მარტის განაჩენშიც, სადაც ვკითხულობთ: ,,აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება ვიდეოჩანაწერითაც, სადაც აშკარად ჩანს სხვა ბრალდებულ პირთა მიერ დაზარალებულების მიმართ ჩადენილი ძალადობა/ცემა, მისი (ტატიაშვილის) როლი კი ამ დროს ცალსახად პასიურია''.

ვიდეო-ჩანაწერში ჩანს, რომ ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ტატიაშვილი და მისი მგზავრები ჩქარი ნაბიჯებით და სირბილით სხდებიან მერსედესში. არჩილ ჩოფიკაშვილი ამ ფაქტორს სწორედ გიგა ტატიაშვილის „ტყუილს“ უკავშირებს. შეგახსენებთ, როგორც გიგა ტატიაშვილის ჩვენებაში ვკითხულობთ, მან მის თანმხლებ პირებს მოატყუა, რომ პოლიცია მოდიოდა:

„თუ არა ტატიაშვილის ტყუილი რომ მოდიოდა პოლიცია და მოწოდება ,,მალე წავიდეთო'' რით აიხსნება მგზავრების სწრაფი ნაბიჯებით და სირბილით მანქანაში ჩასხდომა? ტატიაშვილის მიერ თავდასხმის აღკვეთის შესახებ მითითებულია მის მიერ მიცემულ ჩვენებებში, სადაც აღნიშნულია, რომ მან დაიძახა ,,პოლიცია მოდისო'', რითაც თავდამსხმელებმა შეწყვიტეს ძალადობა, ჩასხდნენ მანქანაში და დატოვეს შემთხვევის ადგილი დაახლოებით 2 წუთში. ეს ერთ-ერთი დაზარალებული, გიორგი ქათამაძის ჩვენებითაც დასტურდება. ის აღნიშნავს, რომ „ამ დროს ხიდის მიმართულებიდან დავინახე ორი გამოქცეული პიროვნება, რომლებმაც გინებ-გინებით ჩამიარეს გვერდით და ამ დროს მე მესმოდა „მერსედესის“ ავტომანქანიდან შეძახილები „მალე წავედითო“. ვიდეომასალით დგინდება, რომ „მერსედესთან“ ყველაზე ახლოს მდგომი პირი იყო სწორედ გიგა ტატიაშვილი, რომელიც არც ერთი პირის მიმართ არ ძალადობდა. არც დაცვის და არც ბრალდების მხარეს სასამართლო განხილვის დროს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ“.

რატომ მიესადაგა გიგა ტატიაშვილს სსკ-ის 225-ე და არა ნაკლებად მსუბუქი მუხლი?

ადვოკატი აბსურდულს უწოდებს გიგა ტატიაშვილის მიმართ გამოყენებულ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებასაც, რაკიღა, მისი თქმით, თუკი მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო ამ მუხლის პირველ ნაწილში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, ის ვერ ჩაიდენდა:

„სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასჯადია 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში მონაწილეობა, რასაც ტატიაშვილი (და სხვა მსჯავრდებულებიც) ობიექტურად და ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ, რადგან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, სასამართლომ არ დაადგინა არც ერთი პირის მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ჯგუფური მოქმედება, რომელსაც ყავს ორგანიზატორი ან ხელმძღვანელი, არ განხორციელებულა. ანუ, ორგანიზატორის და ხელმძღვანელის გარეშე განხორციელდა ის ძალადობა, რაც ვიდეოფირზეც აღბეჭდილია. ბუნებრივია, იმ ქმედებაში ვერ მიიღებდნენ მსჯავრდებულები მონაწილეობას, რასაც ადგილი არ ჰქონია“, - ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი და მიაჩნია, რომ გიგა ტატიაშვილის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებით სსკ-ის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია ქათამაძის დაზიანებები).

სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლზე საუბრისას, არჩილ ჩოფიკაშვილს მოჰყავს მაგალითები, როდესაც ბრალდებულების მიმართ სწორედ ეს მუხლი იყო გამოყენებული. მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულების ბოლო ათწლეულის პრაქტიკაში, ასეთი შემთხვევა მხოლოდ ორი იყო და ეს შემთხვევები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ეხებოდა:

„ერთი-ერთი შემთხვევა უკავშირდება ბათუმის ინციდენტს, როდესაც 2017 წელს მოქალაქეები აპროტესტებდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებასა და დაკავებას. პროტესტის მიზნით, პირთა ჯგუფმა მოახდინა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, რა დროსაც მონაწილეებმა გადაკეტეს ქუჩა და საავტომობილო გზის გახსნის შესახებ პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნებს არ ემორჩილებოდნენ. მოგვიანებით სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, დაიწყო ქუჩების დარბევა, ცეცხლის წაკიდებით ასევე დააზიანეს და გაანადგურეს სახელმწიფოსა და მოქალაქეების კუთვნილი სხვადასხვა ღირებულების ავტომანქანები და სხვა ქონება. მეორე შემთხვევა კი ეხება 2018 წელს, გორი რაიონულ სასამართლოში მომხდარ ინციდენტს, როდესაც, მოქალაქეებმა დაარბიეს სასამართლოს დარბაზი, პროცესის მონაწილე პროკურორისა და საქმის განმხილველი მოსამართლის, ასევე სასამართლოს მიმართ გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა, ყვიროდნენ და იგინებოდნენ. ამ საქმეზეც სააპელაციო სასამართლომ შეცვალა კვალიფიკაცია და სსკ-ის 225-ე მუხლით ეს პირები გამართლდნენ. სხვა სტატისტიკა ამ მუხლზე არ არსებობს. რამდენი ჯგუფური ჩხუბი მომხდარა ამ წლებში, ეს მუხლი არავისთვის წაუყენებიათ. მხოლოდ ამ საქმის პროკურორი და მოსამართლე მიხვდნენ, რომ ეს მუხლი მიესადაგებინათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის? ვერ ვხვდები გამოძიების მოტივს. შესაძლოა, ძალიან დიდი საზოგადოებრივი წნეხი იყო გამოძიების მიმართ. ამას ობიექტური მიზეზიც ჰქონდა, აბსოლუტურად უდანაშაულო ბავშვი დაიღუპა. ამ წნეხმა მოიყოლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირიც, რომელსაც სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ ჩანაწერებშიც ჩანს, რომ არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამას ადასტურებენ მოწმეებიც. მით უმეტეს, მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაშიც“.

არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სსკ-ის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ძირითად ობიექტს წარმოდგენს საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება. შესაბამისად, ქალაქგარეთ, დასახლებული პუნქტისგან მოშორებით ჩადენილ ძალადობას კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ, კონკრეტული მიზნით და კონკრეტული პირების მხრიდან, შეუძლებელია ზიანი მიეყენებინა საზოგადოებრივი წესრიგის და უშიშროებისათვის:

„ბრალდებულთა მიზანს არ წარმოადგენდა საზოგადოების უშიშროების ან, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და თვითონ ბრალდების მიხედვითაც დანაშაული შურისძიების მოტივით განხორციელდა კონკრეტულად განსაზღვრული პირების წინააღმდეგ (წვეულებაზე მყოფი ერთ-ერთ ჯგუფთან ასოცირებული პირების წინააღმდეგ). აღწერილი და არსებული გარემოებების გათვალისწინებით, სათანადო მტკიცებულებების და გარემოებების გარეშე დაუშვებელი იყო სსკ-ის მე-9 კარით გათვალისწინებულ დანაშაულად ჩაეთვალა სასამართლოს მომხდარი ფაქტი. რეალურად, ეს იყო სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“.

რას წერენ დაზარალებულები ტატიაშვილის შესახებ?

არჩილ ჩოფიკაშვილი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ადასტურებს, რომ შაქარაშვილის საქმის სამი დაზარალებული, გიორგი ქათამაძე, ვახტანგ ახვლედიანი და კონსტანტინე ღიბრაძე, ნოტარიალურად დადასტურებულ ხელმოწერებში აფიქსირებენ თავის პოზიციას, რომლის მიხედვითაც, "გიგა ტატიაშვილის მიმართ არავითარი მოთხოვნა ან პრეტენზია არ გააჩნიათ და არც მომავალში არ ექნებათ. თანახმა არიან, რომ მსჯავრდებულ გიგა ტატიაშვილის მიმართ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება, გამოყენებული იყოს არასაპატიმრო სასჯელი, შეწყალება, ამნისტია, საპატიმრო სასჯელის შეცვლა არასაპატიმრო სასჯელით, პირობით ვადამდე გათავისუფლება და კანონით გათვალისწინებული სხვა შეღავათები“.

ეს ხელწერილები თან ერთვის გიგა ტატიაშვილის სააპელაციო საჩივარს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას პროკურატურაც ასაჩივრებს

სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის 19 მარტის გადაწყვეტილებას ბრალდების მხარეც. პროკურატურას მიაჩნია, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გიორგი ტატიაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასამართლიანია.

რადიო თავისუფლება ორი დღის განმავლობაში ცდილობდა საქმის პროკურორთან, ვახტანგ ცალუღელაშვილთან გასაუბრებას, თუმცა, ამის საშუალება არ მოგვეცა.

რას ფიქრობს შაქარაშვილის ოჯახი და ოჯახის ადვოკატი ტატიაშვილის საქმეზე?

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატსა და გიორგის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს. როგორ აფასებს ოჯახი გიგა ტატიაშვილის სააპელაციო საჩივარს, უნდა შეიცვალოს თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება „მერსედესის“ მძღოლის მიმართ? - მირიან ნიკოლაძე გვპასუხობს, რომ ოჯახის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ნეიტრალურია:

„ოჯახმა აირჩია ასეთი პოზიცია, რომ ამ ეპიზოდში არ ერევა, ვინაიდან აქ იურიდიულად, სტატუსით არ არის დაზარალებული და თვლის, რომ არ არის მისი გადასაწყვეტი, ასე მოხდება თუ ისე. შესაბამისად, გვაქვს ნეიტრალური პოზიცია. ამის გარდა, სხვას ვერაფერს ვიტყვი“.

რა მოხდა 18-19 ივნისის ღამეს

18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.

ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ. სწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გასული წლის ივნისის ბოლოს სულ 17 პირი დააკავეს. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით წარიმართა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

მათგან ხუთ პირს, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიმდინარე წლის 9 მარტს დამნაშავედ ცნო და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 19 მარტს, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირებიდან ხუთს, მათ შორის გიგა ტატიაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ოთხ მათგანს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ერთს, კი 9 წლით.

გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე სულ 11 პირი იყო ბრალდებული, მათგან სამს ამნისტიის კანონი შეეხო და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამი ბრალდებულის საქმე კი ცალკე იმ მოტივით გამოიყო, რომ მათ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ფარგლებში მოინდომეს სხდომების ჩატარება.

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG