ევროკავშირის მიერ განახლებული კოვიდუსაფრთხო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში სომხეთი და აზერბაიჯანიც შევიდნენ. ჩამონათვალში ვერ მოხვდა საქართველო. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროკავშირისა და შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში შეუზღუდავი შესვლის უფლებით მიმდინარე კვირის ბოლოდან ისარგებლებენ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო კიდევ 11 ქვეყნის მცხოვრებლები. ეს ქვეყნებია:
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- ბოსნია და ჰერცეგოვინა
- ბრუნეი
- კანადა
- იორდანია
- კოსოვო
- მოლდოვა
- მონტენეგრო
- კატარი
- საუდის არაბეთი
SchengenVisaInfo.com-ის თანახმად, ზემოჩამოთვლილ 11 ქვეყანას კორონავირუსის ახალი შემთხვევების გავრცელების დაბალი მაჩვენებელი აქვს. worldometers-ის ბოლო მონაცემებით, სომხეთში კოვიდ-19-ის 126 ახალი შემთხვევა აღირიცხა, ხოლო აზერბაიჯანში - 86.
ვროკავშირის საბჭო ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნების სიას 2 კვირაში ერთხელ აახლებს. SchengenVisaInfo.com-ის ცნობით, ამჟამად სიაში ასევე არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთი მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთი კორეა, ტაივანი, ტაილანდი და ამერიკის შეერთებული შტატები.
ევროკავშირმა საქართველო კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიაში ერთი წლის წინ, 2020 წლის 30 ივნისს შეიყვანა, თუმცა რამდენიმე თვეში, 2020 წლის ოქტომბერში, ამოიღო ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი, გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 980 ახალი შემთხვევა.