სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგის“ მეორე სართულზე, ე.წ. მასობრივი იმუნიზაციის პირველი პუნქტი გაიხსნა. ამცრელი ცენტრი, ამ ეტაპზე, ჩინური წარმოების ვაქცინაზე, „სინოვაკზე“ დარეგისტრირებულ მოქალაქეებს იღებს.
იმუნიზაციის პუნქტში სულ 10 ამცრელი კაბინეტია, თუმცა, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთი კაბინეტი ფუნქციონირებს.
18 წლის ელენე „სინოვაკის“ პირველ დოზას იკეთებს. გადაწყვიტა, აცრა მარცხენა მკლავზე გაიკეთოს. ვაქცინის მეორე დოზა მან 2-დან 4 კვირაში უნდა მიიღოს.
გარდა ამცრელი კაბინეტებისა, მასობრივი ვაქცინაციის პუნქტში გახსნილია შოკის ოთახი, სადაც ვაქცინაციის შემდგომ შესაძლო გართულების შემთხვევაში, პაციენტს შესაბამისი დახმარება გაეწევა.
აცრის შემდეგ, მოქალაქეები 40 წუთის განმავლობაში გაჩერდებიან ე.წ. დაყოვნების სივრცეში, სადაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ოთხი ექიმი დააკვირდება.
ამცრელი პუნქტი სავაჭრო ცენტრ „ჰუალინგში“ 23 ივნისს გაიხსნა. ვაქცინაციაზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს ცენტრი დილის 10 საათიდან საღამოს 18 საათამდე მიიღებს.
მარიკა ჯანიაშვილი, შპს „ექსპრეს-მედიკალ სერვისის“ აღმასრულებელი დირექტორი გვეუბნება, რომ ამცრელ პუნქტში ყოველ შვიდ წუთში ერთი რეგისტრაცია ფიქსირდება:
„უცხოეთში აცრის მსურველები სტადიონებზე, დიდ სავაჭრო ცენტრებში, სპორტულ დარბაზებში იცრებიან. ძალიან მალე ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი იწყება. ჩვენმა სამედიცინო ცენტრმა ეს სივრცე შეარჩია იმუნიზაციის პროცესისთვის და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად მოაწყო ეს სივრცე, გადმოგვეცა გარკვეული რაოდენობის ვაქცინა და უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს იმუნიზაციის პროცესი. გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ჩინეთის საელჩოსა და საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებით, ჩვენს ამცრელ პუნქტში დღეს აიცრნენ ჩინეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა ობიექტზე არიან დასაქმებულნი".
როგორც „ჰუალინგში“ გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში გვეუბნებიან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლის ვაქცინა შემოვა, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მათთვის სასურველ ვაქცინაზე დარეგისტრირდნენ და აიცრან. „ჰუალინგში“ გახსნილი იმუნიზაციის ცენტრი გეგმავს, რომ დღეში საშუალოდ 1000-მდე მოქალაქე მიიღოს.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, პირველი ივლისიდან, ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციის დაწყება იგეგმება. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, ამ ეტაპზე დამატებით მიმდინარეობს მასობრივი იმუნიზაციის პუნქტების შერჩევის პროცესი, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ფონდ „კურაციოსთან“ ერთად შეიმუშავა დიდი ამცრელი სივრცეების გეგმა, რომელიც უკვე წარედგინა ჯანდაცვის სამინისტროს. მისივე თქმით, მასობრივი იმუნიზაციის პუნქტების მოწყობასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“, მოლაპარაკებებს აწარმოებენ სავაჭრო მოლებსა და „დიდ დაწესებულებებთან“ სხვადასხვა კერძო კლინიკის წარმომადგენლებიც.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, პირველი ივლისიდან ქვეყანაში მილიონი დოზა ვაქცინა შემოვა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 25 ივნისს განაცხადა, ივლისის პირველ კვირაში საქართველო მიიღებს ამერიკული წარმოების „ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს და ასევე ჩინურ ვაქცინებს „სინოფარმსა“ და სინოვაკს“.
25 ივნისის მონაცემებით, საქართველოში ერთი დოზით აცრილია 248 545, ორჯერადად კი 90 870 ადამიანი.
25 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში პირველი დოზით აცრა მხოლოდ ჩინური ვაქცინით „სინოვაკით“ ხორციელდება. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამ დროისთვის ქვეყანაში შეჩერებულია „ასტრაზენეკათი“ აცრა მათთვის, ვისაც ამ ვაქცინის პირველი დოზით აცრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აცრა შეეძლებათ იმ პირებს, ვისაც პირველი დოზა გაკეთებული აქვთ და პირველი აცრის გაკეთებიდან გასულია 10-დან 12 კვირამდე დრო. ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 43 000 დოზა ვაქცინას, რომელიც საქართველოს 22 ივნისს უნდა მიეღო, ივლისის პირველ დეკადაში მივიღებთ.
13 მარტიდან 25 ივნისის ჩათვლით, ქვეყანაში სულ 157 725 ადამიანის ორჯერადად, ანუ სრულად ასაცრელი ვაქცინაა შემოსული.