Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ქართული ოცნება" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს


"ქართული ოცნება" პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას არ წყვეტს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

კობახიძის თქმით, პროცედურები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ასარჩევად პოლიტიკური შეთანხმების შესაბამისად წარიმართა.

"ჩვენთვის გაუგებარია ცალკეული პოლიტიკური ძალების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა და არჩევა პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებასთან წინააღმდეგობაში მოდის. შეთანხმების სულისკვეთებას ვერ განიმარტება ის, რაც მისივე ტექსტს პირდაპირ ეწინააღმდეგება", - განაცხადა კობახიძემ.

ბრიფინგზე კობახიძეს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიების მსგავსად აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობდა, რომ ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. ამის მიუხედავად "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტია ასრულებს პოლიტიკური შეთანხმების პირობებს.

"[პარლამენტმა] უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს... ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა", - ეწერა პოლიტიკურ მხარეებს შორის 19 აპრილს გაფორმებულ შეთანხმებაში.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უვადოდ ირჩევენ. საბჭომ რამდენიმე დღის წინ, 17 ივნისს 9 კანდიდატი შეარჩია. ახლა ამ კანდიდატებთან მოსმენები პარლამენტში უნდა გაიმართოს და საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. პარლამენტში დღეს უმრავლესობა "ქართულ ოცნებას" ჰყავს, ერთ-ერთს იმ პარტიებიდან, რომელმაც შეთანხმებას ხელი მოაწერა.

XS
SM
MD
LG