ახლადშექმნილი „ასოცირებული ტრიოს“ - საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველი ერთობლივი ვიზიტით მიემგზავრებიან ბრიუსელში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავენ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი 24 ივნისს დაიწყება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დავით ზალკალიანი, დმიტრო კულება და აურელიუ ჩოკოი შეხვდებიან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკის, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის და ევროპარლამენტის დეპუტატებს.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს გააცნობენ „ასოცირებული ტრიოს“ დაფუძნების და მისი სამომავლო საქმიანობის მიზნებს. შეხვედრებზე საუბარი იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ დეკემბრის სამიტისთვის მზადებაზე.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე ძალისხმევის გასაერთიანებლად „ასოცირებული ტრიო“ 2021 წლის მაისში დააფუძნეს.