Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში რამდენიმე ჰექტარზე ხორბლისა და ქერის აუღებელი მოსავალი დაიწვა


კახეთში, შირაქის მინდვრებში რამდენიმე ჰექტარზე ხორბლის და ქერის აუღებელი მოსავალი დაიწვა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომელმაც შემდეგ სოციალურ ქსელში ხანძრის ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა.

თვითმხილველის თქმით, დაზარალებულთა შორის თავადაც არის.

„როგორც ვიცი, ხანძარი შემთხვევით გაჩნდა. დაიწვა ასაღები მოსავალი, ისე დამწვარი ტერიტორიები უფრო მეტია“, - ამბობს თვითმხილველი.

როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ადგილზე იმუშავა 8 სახანძრო ჯგუფმა და ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული.

უკვე რამდენიმე კვირაა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქერის მოსავლის აღება დაიწყო.

გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასობით ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში, იქ, სადაც ხორბლისა და ქერის მოსავალი უკვე აიღეს, ხანძრებს უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურად თავად მიწის მფლობელები აჩენენ და შემდეგ სამართალდამცავებს ემალებიან, რათა ჯარიმა თავიდან აიცილონ.

ხანძრის გაჩენის მიზეზი მოსავლის აღების შემდეგ ნაკვეთების თივისგან გათავისუფლებაა, თუმცა ზოგ შემთხვევაში ცეცხლის კონტროლი ვერ ხდება და იწვება აუღებელი მოსავალიც.

განგებ გაჩენილი ხანძრების მავნე პრაქტიკა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. არსებობს აკრძალვები და ჯარიმებიც, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად წლიდან წლამდე არაფერი იცვლება.

XS
SM
MD
LG