Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია საპატრიარქოს მიმართავს, ნინოწმინდის პანსიონში შესვლის უფლება მისცეს


საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საპატრიარქოს კიდევ ერთხელ მიმართავს, შეუშვან მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში. ამ გზავნილის გასავრცელებლად მან მედიასთან ისაუბრა.

"მივმართავ კიდევ ერთხელ საპატრიარქოს, რომ მისცენ სახალხო დამცველს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს და ბავშვების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს, საკუთარი მანდატის განხორციელების შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ მივიღებ დადებით პასუხს. ეს იქნება ძალიან პოზიტიური ბავშვებისთვის, რადგან ისინი არიან ყველაზე დიდი ზეწოლის ქვეშ“, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვები წნეხისა და ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა იმის გამო, რომ მათთან მუდმივად არიან სოციალური მუშაკები, დამატებითი წნეხის თავიდან ასარიდებლად თავი შეიკავეს ვიზიტისგან.

„თუ უახლოეს დღეებში დავინახეთ, რომ ბავშვების პანსიონიდან გამოყვანის პროცესი, მათი ოჯახებში ინტეგრაცია შეჩერდა და არ გაგრძელდა ისე აქტიურად, როგორც ბოლო დღეებში, რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ განვახორციელოთ მონიტორინგი... შევაფასებთ ვითარებას და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე დავგეგმავთ კონკრეტულ დღეს“, - თქვა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და ითხოვდა დაწესებულებაში შესვლას, რის უფლებასაც მას სხალთის მთავარეპისკოპოსი, მეუფე სპირიდონი არ აძლევდა.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

გარდა 2016-2021 წლებში ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიებისა, შსს-ს ცნობით, სხვადასხვა მედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ბავშვთა პანსიონატში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ).

XS
SM
MD
LG