Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი მტკიცებულებები მეგი ბაქრაძის საქმეში


ვიოლეტა ინასარიძე და მეგი ბაქრაძე
ვიოლეტა ინასარიძე და მეგი ბაქრაძე

მეგი ბაქრაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ ექთნის გარდაცვალებიდან 3 თვის თავზე ისევ არ არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და პასუხი კითხვაზე, რატომ გარდაიცვალა იგი კოვიდის საწინააღმდეგო აცრიდან მეორე დღეს, აღმოუჩინეს თუ არა სათანადო სამედიცინო დახმარება. გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რაზე დაყრდნობითაც ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მეგი ბაქრაძისთვის იმუნიზაციის სივრცეში ადრენალინი არ გაუკეთებიათ.

ახალციხეში, კლინიკა „იმედის” იმუნიზაციის სივრცის, რეგისტრატურისა და მოსაცდელი ოთახის დათვალიერების შედეგად დაწესებულებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია - მხოლოდ დექსამეტაზონი და დიმედროლი, მაგრამ არა ადრენალინი.

18 მარტს, აცრის გაკეთების დღეს მეგისთვის დექსამეტაზონისა და დიმედროლის გაკეთებას ადასტურებენ მოწმეებიც. ასევე ერთ-ერთი მოწმე აცხადებს რომ სანამ მეგის რეანიმაციაში გადაიყვანდნენ, მისთვის არავის გაუკეთებია ადრენალინი, რადგან მუდმივად მის გვერდით იმყოფებოდა და ადრენალინის გაკეთების მომენტი ვერ გამორჩებოდა.

მოწმეებს გიორგი აფციაურსა და ვიოლეტა ინასარიძეს, რომლებიც იყვნენ იმუნიზაციაზე პასუხისმგებლები და აცხადებდნენ, რომ მეგის ადრენალინი გაუკეთეს, ცრუ ჩვენების ბრალი აქვთ წარდგენილი. მათივე ხელმოწერაა დოკუმენტზე, სადაც მითითებულია ადრენალინის გაკეთება.

მეგი ბაქრაძის ადვოკატი - ვახო ბარამაშვილი
მეგი ბაქრაძის ადვოკატი - ვახო ბარამაშვილი

„ისმის კითხვა - ბექა ლიპარტელიანმა, რომელიც დახმარებას უწევდა მეგის, პირველ რიგში ადრენალინი რატომ არ გაუკეთა? და რატომ გაუკეთა დექსამეტაზონი? ბატონი ბექა იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებული პირი არ არის, ის არ არის იმუნიზაციის პროცესში არაფერზე პასუხისმგებელი პირი, უბრალოდ, შემთხვევით დაინახა ცუდად გამხდარი ადამიანი და მისი დახმარება დაიწყო და, შესაბამისად, სტანდარტულ ალერგიას უმკურნალა.

ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადამზადებაგავლილი პირები იყვნენ: გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე, რომლებმაც დაინახეს, რომ მეგი ცუდად გახდა, ადგილზე იმყოფებოდნენ და მიუხედავად ამისა, კლინიკა მაინც დატოვეს და მეგი მაინც მიატოვეს. გამოვიდა, რომ პაციენტმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო. ესაა, რაც ამ წუთას დგინდება“, - აცხადებს ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი.

მეგი ბაქრაძის ადვოკატები მოითხოვენ, რომ იმუნიზაციაზე პასუხისმგებელ პირებს ბრალი დოკუმენტაციის გაყალბებაზეც წარედგინოთ.

„თვითონ პირი რომ ამბობს, მე რაც ჩავწერე სამედიცინო დოკუმენტში, ეს არ არის სწორი, ეს ხომ დამთავრებული დანაშაულია. სამედიცინო დოკუმენტის გაყალბება არ უტოლდება ტყუილის თქმას. ცრუ ჩვენების მიცემას სხვა მოტივი შეიძლება ჰქონოდა, სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბება კი ხდება რაღაც დანაშაულის დამალვის მიზნით“, - ამბობს ვახო ბარამაშვილი.

ადვოკატები აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ ფაქტობრივად შეაჩერა გამოძიება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში და საქმეს იმ საბაბით აჭიანურებს, რომ არ ფლობს სათანადო მასალებს სრულად გამოძიების გასაგრძელებლად.

მეგი ბაქრაძის ადვოკატი - ნინო ამაღლობელი
მეგი ბაქრაძის ადვოკატი - ნინო ამაღლობელი

„პროკურატურამ ბოლო კომუნიკაციისას გვითხრა, რომ მათ არ სჯერათ, რომ ერთი და იგივე დოკუმენტაციაა ამოღებული რეგულირების სააგენტოდან და კლინიკებიდან, ამცრელი ექიმიც კი არ იყო გამოკითხული, სამი თვის განმავლობაში პროკურატურა გვეუბნება, რომ რეგულირების სააგენტო არ თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან, სადაც მათი უნიათობა ჩანს“, – ამბობს მეგი ბაქრაძის მეორე ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.

„მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ბაია ცანავამ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა, მათ შორის, კლინიკა „იმედიდან“ ამოღებული დოკუმენტაციაც. ცანავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ეს დოკუმენტაცია ადვოკატებსაც აქვთ და ეს არ არის გუშინ ან რამდენიმე დღის წინ გადაცემული მასალები.

ადვოკატი ნინო ამაღლობელი უარყოფს ამ ინფორმაციას და აცხადებს, რომ გუშინ შეხვდნენ გლდანი-ნაძალადევის პროკურორს, რომელმაც უთხრა, რომ ამ დრომდე რეგულირების სააგენტო არ აწვდის „იმედის” კლინიკიდან წამოღებულ დოკუმენტაციას. „თუკი დოკუმენტაცია პროკურატურას აქვს და ჩვენ არ გვაძლევენ, ეს კიდევ სხვა განხილვის საკითხია. ამასთან დაკავშირებით მექნება კომუნიკაცია პროკურატურასთან“, - ამბობს ნინო ამაღლობელი.

მეგი ბაქრაძის ადვოკატის თქმით, ლევან რატიანმა ერთ-ერთ გადაცემაში თქვა, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალება ბედისწერა იყო, თუმცა, ნინო ამაღლობელის თქმით, ბედისწერას ვერ დავარქმევთ შემთხვევას, როდესაც ლევან რატიანმა უარი თქვა მეგი ბაქრაძის კლინიკაში მიღებაზე - „მან თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ თავიდან უარი თქვა მეგის მიღებაზე, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის სამინისტროდან დარეკეს, გაახსენდა, რომ ერთი ადგილი დარჩენილი ჰქონდა“.

ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, აცრიდან მეორე დღეს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის „ყველაფერი გაკეთდებოდა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

სასამართლო პროცესი კი 20 ივლისს არის ჩანიშნული, სადაც განხილული იქნება საქმეში არსებული მტკიცებულებების საკითხი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG