Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლო შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვას იწყებს


სააპელაციო სასამართლოში 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა იწყება.

ფეხბურთელის მკვლელობისთვის გასამართლებულების ადვოკატები მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებენ.

ერთ-ერთი მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აცხადებს, რომ ადვოკატებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შეცვლის იმედი არ აქვთ, თუმცა, იმისათვის, რომ საქმის განხილვამ სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლოს, საჭიროა საქართველოში ყველა ეროვნული ინსტანციის გავლა:

„დღეს პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა დისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლო ასეთ გახმაურებულ საქმეზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას არ შეცვლის. თუმცა, თუკი სამართლებრივად მივუდგებით საქმეს, რა თქმა უნდა, ცალსახად უნდა შეცვალოს გამამტყუნებელი განაჩენი და მიიღოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ახლა ფორმალურად უნდა გავიაროთ ყველა ეროვნული ინსტანცია იმისათვის, რომ საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ“.

მიმდინარე წლის 9 მარტს, მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ბიძინა სტურუამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ სცნო. არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს 16 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ორ არასრულწლოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ. მოსამართლემ თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 2020 წლის ივნისის ბოლოს, ბრალი 17 ადამიანს წარედგინა, მათ შორის, ექვს არასრულწლოვანს. გამოძიება ჯერ სამი მუხლით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებით დაიწყო, მოგვიანებით კი მას მეოთხე, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი დაემატა და ამ მუხლით მიმდინარე საქმე ცალკე, „შაქარაშვილის მკვლელობის საქმედ“ გამოიყო.

შეგახსენებთ, 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლების ერთ-ერთ აგარაკზე გამართულ დაბადების დღის წვეულებაზე, ახალგაზრდებმა იჩხუბეს. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. თუმცა ჩხუბში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც მცხეთისკენ , ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა კამრით“ წავიდნენ.

ბრალდების თანახმად, სწორედ ისინი წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის ნაცნობებს. ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიში“ მსხდომი პირების თავდასხმისას დაიკარგა.

19 წლის ფეხბურთელის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

სასამართლო სამედიცინო დასკვნების თანახმად, გიორგი შაქარაშვილის 16 სახის დაზიანება, სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დაზიანებების ხასიათიდან და ლოკალიზაციიდან გამომდინარე, დაზიანებები განვითარებულია მინიმუმ 9 დარტყმით ფეხის, ხელის ან სხვა სახის მკვრივი-ბლაგვი საგნებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ გიორგი შაქარაშვილს მკვლელობამდე სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდგომაც წყალში გადააგდეს.

XS
SM
MD
LG