Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინთან სამიტის წინ, ბაიდენი საუბრობს დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის მიზანსწრაფვა, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, მკაფიო იქნება სამიტზე, რომელსაც ის მომავალ კვირაში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართავს.

16 ივნისს დანიშნული სამიტისთვის განწყობის შექმნა ბაიდენმა სცადა წერილის გამოქვეყნებით, რომელშიც აღნიშნავს, რომ პუტინთან შეხვედრამდე ის რამდენიმე დღის განმავლობაში გამართავს მოლაპარაკებას აშშ-ის პარტნიორებსა და მოკავშირეებთან - "მათთან, ვინც მსოფლიოს უყურებს იმავე პერსპექტივიდან, როგორც აშშ".

ევროპაში ტურნეს დღის წესრიგზე ბაიდენი საუბრობს სტატიაში, რომელიც 5 ივნისს Washington Post-მა დაბეჭდა და თეთრმა სახლმაც გაავრცელა. ევროპაში ტურნე მოიცავს ბევრ შეხვედრას აშშ-ის უახლოეს დემოკრატიულ პარტნიორებთან, და დასრულდება პუტინთან სამიტით.

ბაიდენის თქმით, მისი ტურნეს მთავარი მიზანი იქნება "ჩვენი მოკავშირეების და პარტნიორების მიმართ ამერიკის განახლებული ერთგულების ხორცშესხმა და იმ შესაძლებლობის დემონსტრირება, რომელიც დემოკრატიებს აქვთ როგორც გამოწვევებთან დასაპირისპირებლად, ისე საფრთხეების შესაკავებლად ამ ახალ ეპოქაში".

ბაიდენის სტატიის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე პუტინი კონფრონტაციული ტონით გამოვიდა და ვაშინგტონი დაადანაშაულა რუსეთის შეკავების და მის შიდა საქმეებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.

XS
SM
MD
LG