Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანაზე


საქართველოს საპატრიარქო გაასაჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონატიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს.

„სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია”, - აცხადებს საპატრიარქო.

5 ივნისს, სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელი და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა.

PHR-ის მტკიცებით, მოსამართლე ივანე ღლონტი დაეთანხმა პანსიონში სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის არსებობას, რის გამოც მისი გადაწყვეტილება უნდა გავრცელდეს პანსიონში მცხოვრებ თითოეულ ბავშვზე.

იურისტების განმარტებით, გასაჩივრება ვერ შეაფერხებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას.

საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ პანსიონატიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს და საჭიროა, კომპეტენტურმა სოციალურმა მუშაკებმა შეაფასონ იქ არსებული ვითარება და დადონ დასკვნა.

„გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათვის”, - აცხადებს საპატრიაქრო.

შაბათს ანა აბაშიძე, ორგანიზაციის იურისტი, ამბობდა, რომ „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე, დღესვე, ამ წამს, უნდა დაიწყოს ბავშვების გაყვანა ნინოწმინდის პანსიონიდან“, თუმცა ბავშვები ამ დრომდე იქ რჩებიან.

ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელების ნაწილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე საუბრობს. ბოლო წლებში დაწყებულია 4 გამოძიება ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე პანსიონატში.

პანსიონატის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი დაწესებულებაში არ უშვებს სახალხო დამცველს, რაც კანონდარღვევაა.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ცნობით, ნინოწმინდის პანსიონატის დატოვების სურვილი 16-მა ბავშვმა გამოთქვა.

XS
SM
MD
LG