Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიკა არევაძე: „ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხელშეკრულების პირობები უნდა შეასრულოს“


მარიკა არევაძე
მარიკა არევაძე

ერთი თვის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ მეორე გამოძიება დაიწყო. ყოფილი ცოლის მიმართ ძალადობის საქმეზე ბრალდებულ ჩოგბურთელს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა საქმიანი ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

სარჩელის თანახმად, კაჭარავამ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში გარკვეულ საფეხურამდე დაწინაურდებოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო. ბასილაშვილმა შეთანხმებულ ნიშნულს ოთხი წლის წინ მიაღწია, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს.

რადიო თავისუფლებამ ორიოდ დღის წინ სპორტსმენის ადვოკატის, ირმა ჭკადუას, განცხადება შემოგთავაზათ, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჭკადუა ამბობს, რომ კაჭარავასა და ბასილაშვილს შორის არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს და ბიზნესმენის მიზანი ჩოგბურთელის რეპუტაციის შელახვაა. კაჭარავასა და ბასილაშვილის საქმეზე პირველი სხდომა საქალაქო სასამართლოში 18 ივნისს გაიმართება, იქამდე კი ჭკადუას ბრალდებებს ბიზნესმენის ადვოკატმა მარიკა არევაძემ ჩვენთან ინტერვიუში უპასუხა.

- ახლახან ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ მის კლიენტსა და ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავას შორის არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს...

- რა თქმა უნდა, არსებობს წერილობითი საბუთი და ეს თავად ბასილაშვილის მხარემაც მშვენივრად იცის, რადგან ხელშეკრულების ქაღალდის ვერსია სწორედ მათ აქვთ. წერილობით ხელშეკრულებაზე ჩვენ წვდომა არ გვაქვს და ეს სარჩელშიც მივუთითეთ. სწორედ ამის შემდეგ შეიმუშავა ბასილაშვილის მხარემ ასეთი ტაქტიკა. ცხადია, მათ არ აწყობთ საბუთის სააშკარაოზე გამოტანა და ამბობენ, რომ წერილობითი ხელშეკრულება საერთოდ არ არსებობს.

- თქვენ რითი ამტკიცებთ, რომ ხელშეკრულება მართლა გაფორმდა?

- არსებობს ხელშეკრულების დასტურის მტკიცებულებები. მათთან მანამდეც გვქონდა კომუნიკაცია და არსებობს მიმოწერა და აუდიომტკიცებულებები.

- ბასილაშვილის ოჯახის წევრებთან?

- მათთანაც და ბასილაშვილის გარემოცვასთანაც, მათ შორის გაბრიელ მარკუსთან, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მწვრთნელი იყო. ამ სპეციალისტის საკმაოდ მაღალ ხელფასს, ასევე მთელ რიგ ხარჯებს ირაკლი კაჭარავა ანაზღაურებდა. ასევე კაჭარავა იხდიდა ნიკოლოზის მკურნალობის, ფრენისა და სასტუმროს ხარჯებს და მისი უმაღლესი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.

- სასამართლო განხილვის პროცესში უცხოელებიც დაიკითხებიან?

- ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ნიკოლოზის პროფესიული წრის წარმომადგენლების მოწმის სახით გამოკითხვას, მათ შორის სპორტსმენ მარკო ტრუნგელიტისას, რომელიც ასევე მარკუსთან ვარჯიშობდა.

- ბასილაშვილის ადვოკატების განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ სარჩელში ვერ აღმოაჩინეს ვერც ერთი მტკიცებულება, რომeლიც შეიძლება სასამართლომ გაიზიაროს და მათ ამ ხედვას ამყარებს ის გარემოებაც, რომ 27 აპრილს საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა...

- ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ჩვენ მოვითხოვეთ დავის დასრულებამდე ბასილაშვილის ანგარიშებზე ყადაღის დადება, რაც მხოლოდ იმ მიზეზით არ დაკმაყოფილდა, რომ სპორტსმენს არ შეჰქმნოდა ფინანსური/საყოფაცხოვრებო პრობლემა ამხელა თანხის დაყადაღებით. საქალაქო სასამართლომ მიგვითითა, რომ ყადაღა შეგვეძლო მოგვეთხოვა ბასილაშვილის უძრავ ქონებაზე, ეს კი ნამდვილად არაა იმდენი, რამდენიც ირაკლი კაჭარავას ნიკოლოზ ბასილაშვილისგან ეკუთვნის.

- რა თანხაზეა საუბარი?

- წინასწარი დათვლით, დაახლოებით მილიონ-ნახევარ დოლარზე. ხელშეკრულების თანახმად, თუკი ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგში 59 საუკეთესოში შევიდოდა, მისი ფინანსური მოგებით უკვე ირაკლი კაჭარავასაც უნდა ესარგებლა. კონკრეტულად, ინვესტორს უნდა მიეღო ჩოგბურთელის საპრიზო ფონდიდან გამომუშავებული თანხის ოცდაათი პროცენტი და სარეკლამო ჰონორარებიდან - ორმოცდაათი პროცენტი. ბასილაშვილი 59-ში 2017 წლიდან შევიდა და მას შემდეგ, 2020 წლამდე, დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარი გამოიმუშავა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის სავარაუდო თანხა, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ან შემცირდეს. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს სპორტსმენის სარეკლამო ჰონორარებზე. პრინციპულად არ გვიმხელს, თუმცა ამ საკითხზე დაყენებულია შუამდგომლობა. ასევე დასაზუსტებელია საპრიზო ფონდებიდან გამომუშავებული თანხის ოდენობაც.

- ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, სარჩელის შეტანისას, თქვით, რომ სანამ სასამართლოს მიმართავდით, ცდილობდით პრობლემა უშუალოდ ბასილაშვილის ოჯახთან მოლაპარაკებით მოგეგვარებინათ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. ამჟამად თუ გაქთ მათთან კომუნიკაცია?

- ბასილაშვილის მხარეს ახლა სულ სხვა ტაქტიკა აქვს არჩეული - ირაკლი კაჭარავას დისკრედიტაცია. ოჯახის წევრების განცხადებით, კაჭარავა გამომძალველია. ისინი თავიანთ ადვოკატებთან ერთად ძალიან აქტიურად ცდილობენ ეს საქმე დაუკავშირონ ნიკოლოზ ბასილაშვილის მეორე საქმეს - ოჯახურ დრამას. ესეც სტრატეგიაა, რომ საზოგადოების განწყობაზე ითამაშონ. სინამდვილეში კი, ასე ნამდვილად არაა. ბასილაშვილს სპორტულ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ და მისი წინსვლა ჩვენც ისევე გაგვიხარდება, როგორც ყველა ქართველ გულშემატკივარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მან დაკისრებული ვალდებულებები აღარ უნდა შეასრულოს.

  • 16x9 Image

    ოთარ მაღლაკელიძე

    სპორტული ჟურნალისტი. ბლოგერი. აშუქებს ქართული და უცხოური სპორტის ამბებს. არის ქართველ სპორტსმენთა შესახებ გამოცემული ოთხი წიგნის ავტორი; ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, სპორტულ ჟურნალისტიკაში შეტანილი წვლილისთვის. 2012-2017 წლებში იყო „თავისუფლების დილის“ თანაწამყვანი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან.

XS
SM
MD
LG