ვაშინგტონის უნივერსიტეტის იმუნოლოგთა კვლევის შედეგები
გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში, ნიუ-იორკის როკფელერის მოლეკულური ბიოლოგიის უნივერსიტეტის მეცნიერები კი ელოდებიან სამეცნიერო საზოგადოების დასტურს.
დღემდე ითვლებოდა, რომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გამომუშავებული
იმუნიტეტი დიდხანს არ გრძელდება და ანტისხეულები
გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვეში იწყებს შემცირებას.
ახალი კვლევის თანახმად კი, უჯრედები, რომლებიც ვირუსის შესახებ
მეხსიერებას ინარჩუნებენ, ძვლის ტვინში რჩებიან და საჭიროების
შემთხვევაში ანტისხეულებს გამოიმუშავებენ.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედები
კოვიდპაციენტის სიმპტომების გამოვლენიდან 11 თვეში. ეს უჯრედები
გააგრძელებენ პაციანტის ორგანიზმში ცხოვრებას და ანტისხეულების
წარმოქმნას იქამდე, სანამ ცოცხლობს თავად ის [ადამიანი]. შესაბამისად, იმუნიტეტიც შენარჩუნდება”, ამბობს კვლევის ავტორი ალი ელებედი.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები ერთი წლის მანძილზე
აკვირდებოდნენ კოვიდგადატანილ 77 პაციენტს, რომელთა ძირითადი
ნაწილის შემთხვევაში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის შედეგად მიღებული
იმუნიტეტი შეიძლება ისეთივე ხანგრძლივობით დარჩეს ორგანიზმში,
როგორც ეს კოვიდგადატანილების შემთხვევაში მოხდა.
„26 მაისის მონაცემებით, რეინფიცირების მხოლოდ 84 დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოში, როცა სრულად იყო ვირუსის ნაწილაკი გამქრალი ორგანიზმიდან და ხელახლა მოხდა ინფიცირება. ჯერ გადაჭრით ვერ ვიტყვით, ექნება თუ არა იგივე ეფექტი ვაქცინას. 2020 წლის დეკემბერში აიცრა პირველი ადამიანი, 2021-ის დეკემბრის ბოლოს გავიგებთ, შენარჩუნდა თუ არა ერთი წლის შემდეგ ანტისხეულების მაღალი ტიტრი [სისხლის შრატში ანტისხეულების განმსაზღვრელი კონცენტრაცია - რ.თ.] ორგანიზმში. თუ შენარჩუნდა, აღარ დაგვჭირდება ყოველ წელს ვაქცინაცია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ. ექიმი ამბობს, რომ სამუდამო იმუნიტეტზე გადაჭრით საუბარი
11-თვიანი შედეგის საფუძველზე შეუძლებელია და ეს მკვლევართა
თეორიული დაშვებაა, თუმცა მიღებული შედეგი, მისი აზრით,
დამაიმედებელია.
„დღეს როცა ჩვენ კოვიდის გადატანიდან 3-4 თვეში ვაკეთებთ ვაქცინას, ავტომატურად ვთვლით, რომ ამ პერიოდის შემდეგ დაცვითი ძალები საკმარისი არ არის. ეს კვლევა საპირისპიროს ამბობს და თუ ეს დამტკიცდა, ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 1 ვაქცინით გავაძლიერებთ
იმუნიტეტს და მივიღებთ ორწლიან დაცვას, რადგან კოვიდგადატანილი 3 თვეში კი არ გაიკეთებს აცრას, არამედ 11-12 თვის შემდეგ. ეს -
თეორიულად, თუმცა დღევანდელი დაშვებით კორონავირუსის ვაქცინა საჭირო იქნება წელიწადში ერთხელ, ისე, როგორც ეს გრიპის აცრის შემთხვევაშია“.
ამ კუთხით კვლევას დამაიმედებლად მიიჩნევს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც, თუმცა ამბობს, რომ დაინფიცირებიდან 90 დღეში არ შეიძლება გამოირიცხოს რეინფიცირების შესაძლებლობა. ეს ადამიანის იმუნურ სისტემასა და ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
„ახლა უნდა ვნახოთ, რეალურ გარემოში რამდენად დადასტურდება
კვლევა, თუმცა ამის გამო ადამიანები არ უნდა მოდუნდნენ, რადგან ვნახეთ ჩვენ ქვეყანაში, რომ 2-3 თვის მერე დაემართა ხალხს ისევ ვირუსი. ამიტომ სანამ პანდემიაა, ყველას დაცვა გვესაჭიროება“.
რომ შევაჯამოთ, გამოდის, რომ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ცხოვრების
ბოლომდე იმუნიტეტზე საუბარი გადაჭრით ჯერ არ შეიძლება. მხოლოდ რეალურ გარემოში პაციენტებზე ხანგრძლივი დაკვირვება მისცემს ექიმებს და მეცნიერებს მტკიცების საშუალებას.
გარდა ამისა, იმუნოლოგების განმარტებით, მხოლოდ ანტისხეულების
შენარჩუნება არ არის საკმარისი პირობა იმისთვის, რომ ვირუსით არ
დავინფიცირდეთ, რადგან არსებობს კვლევის მონაცემები, როდესაც
რეინფიცირებულთა 27 %-ს ანტისხეულების არსებობის პირობებშიც კი
შეეყარა ვირუსი. „ხარისხია მნიშვნელოვანი და არა რაოდენობა“, - ამბობს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი.