გვიან ღამით, თბილისში ჩამოვიდნენ ამერიკელი სენატორები, დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი რობერტ პორტმანი. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ ელჩები, კელი დეგნანი და დავით ბაქრაძე. ორი დღის განმავლობაში, სენატორები შეხვდებიან საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
„ისინი დაინტერესებულები არიან, რას აკეთებს საქართველო და რამდენად ძლიერი რჩება დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისი სწრაფვა“, - უთხრა მედიას აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა. დიპლომატის თანახმად, სენატორების ვიზიტის მთავარი გზავნილია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას.
ამერიკელი სენატორების ვიზიტს დროული და მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ. მისი განცხადებით, ვიზიტი აშშ-ის მიერ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოვლინებაა:
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს გამომდინარე იმ გამოწვევებიდან, რომლის წინაშეც საქართველო დგას. ამერიკელი სენატორები, შაჰინი და პორტმანი არიან მტკიცე მხარდამჭერები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის“.
ელჩის თქმით, სენატორების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, რაც უკავშირდება რეგიონში გართულებულ ვითარებას და პოსტპანდემიურ ეკონომიკურ გაჯანსაღებას.
ამერიკელი სენატროები თბილისს ესტუმრნენ კიევიდან, სადაც უკრაინის ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სენატორებმა უკრაინას მოუწოდეს დემოკრატიის განსამტკიცებლად რეფორმების გაგრძელებისკენ და რუსეთის აგრესიის ფონზე მხარდაჭერა გამოუცხადეს. უკრაინაში ვიზიტამდე ამერიკელი სენატორები იმყოფებოდნენ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, სადაც ბელარუსის ოპოზიციის დევნილ ლიდერს, სვიატლანა ციხანოუსკაიას შეხვდნენ.