რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა 1 ივნისს სანკტ-პეტერბურგის აეროპორტ პულკოვოში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დააკავეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი პივოვაროვი.
საუბარია ავიაკომპანია LOT-ის სანკტ-პეტერბურგ-ვარშავის რეისზე, რომლითაც პივოვაროვი დასასვენებლად მიემგზავრებოდა. პოლიტიკოსმა გაიარა საბაჟო შემოწმება და თვითმფრინავში ჩაჯდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დაიძრა, პივოვაროვის თანახმად, ხომალდი მოულოდნელად გააჩერეს და იგი სალონიდან გაიყვანეს უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა.
დაკავების შემდეგ „ღია რუსეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი დაკითხვაზე საგამოძიებო კომიტეტში წაიყვანეს. იქიდან პივოვაროვმა თავის ადვოკატს გადასცა წერილი, რომლიდანაც ნათელი ხდება, რომ რუსეთისათვის „არასასურველი ორგანიზაციის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ამასთან, საქმე აღძრულია კრასნოდარში, სადაც პოლიტიკოსს უახლოეს ხანში ჩაიყვანენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთმა“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, 27 მაისს თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვის, ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კოლეგიალურად მიიღო „ღია რუსეთის“ საბჭომ, ხოლო გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა არასასურველი ორგანიზაციების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი სასჯელის მოსალოდნელი გამკაცრება.
„ღია რუსეთის“ კოორდინატორმა ტატიანა უსმანოვამ, თავის ფეისბუკში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „მომხრეთა დაცვის მიზნით“.
„ღია რუსეთმა“ შეწყვიტა ყოველგვარი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე, დახურულია მისი ყველა რაიონული განყოფილება და გაუქმებულია ორგანიზაციის წევრობა.
რუსეთის უშიშროების აგენტებმა „ღია რუსეთის“ ყოფილი ხელმძღვანელი თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დააკავეს
ყველაზე პოპულარული
1