რა პოლიტიკურ თამაშს ითამაშებს გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ყოფილმა პრემიერმა „საქართველოსთვის“ დაარქვა და როგორც თავად ირწმუნება, ეს ძალა არავის წინააღმდეგ არ იქნება? ეს დღეს ერთ-ერთ მთავარი კითხვაა, რომელზეც თავისი პასუხები აქვთ პოლიტიკის ექსპერტებსაც, ოპოზიციასაც და გახარიას ყოფილ გუნდსაც. სხვა საპასუხო კითხვებიც არსებობს, აი, მაგალითად:
- ვინ არის „რადიკალური ოპოზიცია“, ვისთანაც გახარიას პარტია არ ითანამშრომლებს?
- „არავინში“ ბიძინა ივანიშვილიც იგულისხმება?
- ვის ამომრჩეველს გადაიბირებს გიორგი გახარია?
ეს კითხვები გაჩნდა მაშინვე, როცა „ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერმა ჯერ თავისი გზით წასვლა არჩია და მერე საკუთარი პოლიტიკური პარტიაც შექმნა, სადაც „ქართული ოცნებიდან“ საკუთარი გუნდიც წაიყვანა. რამდენიმე ახალი სახე დაიმატა და ახლა ეს გუნდი ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში „ახალ სტანდარტს“ შექმნის.
სანამ ეს სტანდარტი კონკრეტულ ქმედებასა და მათ პოლიტიკურ ნაბიჯებში გამოჩნდება, მანამ ამ პარტიის სავარაუდო გეგმებსა და ადგილზეც ქართულ პოლიტიკაში, ამ პარტიის შემადგენლობის და მათი ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ.
გასაგებია, რატომ გაჰყვნენ გიორგი გახარიას მის გუნდად მოაზრებული დეპუტატები და პრემიერობის პერიოდში მისი გუნდის რამდენიმე წევრიც, მაგრამ რა ნიშნით შეუერთდნენ სხვა, აქამდე პოლიტიკაში არმყოფი ადამიანები გახარიას პარტიას? მაგალითად, გახარიას გუნდს შეუერთდა ქართულ მედიასივრცეში ცნობილი გიორგი შარაშიძე, ჟურნალ Entrepreneur Georgia-ს მთავარი რედაქტორი.
გიორგი შარაშიძის შესახებ ამავე გამოცემის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ის არის „ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები“. ასევე, ის არის არაერთი გამოცემის დამფუძნებელი.
ცოტა ხნის წინ, 2021 წლის იანვარში, გიორგი შარაშიძემ თავისი გამოცემისთვის ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუც ჩაწერა, რომლის ძირითადი თემა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა იყო.
გიორგი შარაშიძე არ უარყოფს, რომ „ქართული ოცნების“ და, ზოგადად, ცვლილებების მიმართ ჯერ კიდევ 2012 წლიდან იყო ლოიალურად განწყობილი და ახლაც მიიჩნევს, რომ ეს იყო „ისტორიული ცვლილება“. მისთვის მისაღები იყო ყველა ის რეფორმა, რაც განსაკუთრებით, „ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში განხორციელდა.
ხოლო რაც ვერ გაკეთდა, ამისთვის, გიორგი შარაშიძის აზრით, მხოლოდ ერთ ადამიანს, გიორგი გახარიას, პასუხი არ უნდა მოეთხოვოს.
ყოფილი პრემიერის უკვე ახალი გუნდის ახალ წევრს ჩვენ ასევე ვკითხეთ, ხომ არ აქვს უხერხულობის გრძნობა გახარიას გუნდში ყოფნით თუნდაც იმიტომ, რომ მისი სახელი პირდაპირ უკავშირდება 20 ივნისის ღამის მოვლენებს. გიორგი შარაშიძე ასე გვპასუხობს:
„მე მხოლოდ შემიძლია მივხვდე, რამდენად რთულია შიგნით ყოფნა და გარედან გაკრიტიკება. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ საკუთარ თავს მის ადგილას, გაცილებით რთული გახდება ჩვენივე თავის კრიტიკა. მაინც მგონია, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრ საკითხში უნდა შევიდეს სიცხადე. დარწმუნებული ვარ, რომ მას ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი, არასდროს, არც ერთ ეტაპზე არ გადაუდგამს“.
მაინც დავინტერესდით, რა გახდა მისთვის მთავარი ბიძგი გახარიას პოლიტიკურ პარტიაში გასაწევრიანებლად.
აქ გიორგი შარაშიძის პოზიციაა, რომ ამ ბიძგად იქცა „ქვეყანაში ცვლილებების აუცილებლობა და იმის გააზრება, რომ ამ ცვლილებების განხორციელების რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია“.
გიორგი შარაშიძის პოზიცია ასეთია, რომ დღეს მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში ღირებული ცვლილების მოხდენა არ შეუძლიათ. აქ კი, შემოდის გახარიას, როგორც ლიდერის და მენეჯერის ფაქტორი.
„მე პირადად მასთან მაქვს ღირებულებითი ხედვების დონეზე თანხვედრა, ვაკვირდები მას, როგორც პოლიტიკურ მოღვაწესა და ლიდერს, 2013 წლიდან, როდესაც ის ბიზნესომბუდსმენად დაინიშნა. ყველა პოზიციაზე, სადაც კი მუშაობდა, მან ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა გატარებული რეფორმების თვალსაზრისით“.
რადიო თავისუფლება: მის მიმართ „ქართულ ოცნებაში“ მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროსაც იგივე განწყობა გქონდათ?
გიორგი შარაშიძე: დიახ, ის „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის დროსაც გამორჩეული იყო, მაგრამ მე მესმის, რომ ის მარტო ვერ შეძლებდა მეტის გაკეთებას. სწორედ ამიტომ მიიღო ის გადაწყვეტილებაც, რომ საკუთარი გუნდი ჩამოაყალიბოს და გავლენებისგან გათავისუფლდეს.
რადიო თავისუფლება: თქვენ რისი გჯერათ, როგორი პარტია იქნება „საქართველოსთვის“?
გიორგი შარაშიძე: მე გულწრფელად მჯერა იმის, რომ აქ არის საუბარი რეალურად სრულიად ახალ სტანდარტზე ქართულ პოლიტიკაში. რომ ეს არის პირდაპირი გაგებით გარღვევა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში.
რადიო თავისუფლება: გარღვევაში რას გულისხმობთ?
გიორგი შარაშიძე: აი, თუნდაც, ის კითხვებიც, რაც არსებობს, ვის ფრთის ქვეშ იქნება ეს პარტია, რეალურად ვის ინტერესს გაატარებს და ა.შ. ესეც, თითქოს, გამომდინარეობს იმ შეჩვეული წესებიდან, რაც ჩვენ გვაქვს. ჯერ არ გვინახავს, როგორი შეიძლება იყოს ისეთი საქართველო, სადაც არავის ფრთის ქვეშ ყოფნა არ არის აუცილებელი. სწორედ ამ გარღვევითი ცვლილების იმედმა და რწმენამ (რომ გიორგი გახარიას და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებს შეუძლიათ ეს მოახდინონ) გადამაწყვეტინა, პირველ რიგში, პოლიტიკაში, და შემდეგ, გახარიას გუნდში შესვლა.
რადიო თავისუფლება: მაინც, რა გახდა თქვენთვის გადამწყვეტი, გახარიას, როგორც პოლიტიკოსის ფიგურაში, რა მოგწონთ ყველაზე მეტად მასში?
გიორგი შარაშიძე: სამართლიანობა. რაზეც არის დაფუძნებული მისი ხედვაც და, შესაბამისად, ჩემიც.
გიორგი შარაშიძესთან, როგორც გიორგი გახარიას ახალი გუნდის წევრთან საუბრისას ასევე გაირკვა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ შესაძლოა მომავალში ითანამშრომლოს ყველასთან „კონკრეტულ საგნობრივ მიზნობრივ თემებზე“ - მათ შორის, „ქართულ ოცნებასთანაც“.
ჩვენს კითხვაზე, ხომ არ შეიძლება „საქართველოსთვის“ ვიხილოთ პოლიტიკურ კოალიციაში „ქართულ ოცნებასთან“ ან გავხდეთ მათი მჭიდრო თანამშრომლობის მოწმე, გიორგიმ გვიპასუხა ასე:
„სტრატეგიულად არა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა საკითხებზე - კი“.
რაც შეეხება იმას, თუ რა მიაჩნიათ გახარიას გუნდში ახალ სტანდარტად პოლიტიკაში, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ეს არის:
საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად აქტიური ჩართულობით შექმნილი პროცესი (არა მხოლოდ პოლიტიკური), რომელიც დაფუძნებულია პირველ რიგში სამართლიანობაზე, ქვეყანაში არსებულ რესურსებზე წვდომის თანაბარ პირობებსა და საქართველოს ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციაზე.
გახარიას "ოქროს გასაღები"
ის, ვინც გიორგი გახარიას პოლიტიკურ მოღვაწეობას დიდი ხანია აკვირდება, ფიქრობს, რომ დღეს გახარიას პარტიის მთავარი მესიჯი „არავის წინააღმდეგ“ და „საქართველოსთვის“ ზუსტად ეხმიანება საზოგადოებაში არსებულ განწყობას, რომ მას დღეს რევოლუციური პოლიტიკური მოთხოვნები არ გააჩნია, - ასე ფიქრობს ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი, რომლის აზრით, გახარიას არჩეული მესიჯი მისაღები უნდა იყოს დასავლეთისთვისაც, რომელიც საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილების წინააღმდეგია.
თუმცა ხათუნა ლაგაზიძისთვის ბუნდოვანია, რას ნიშნავს არავის წინააღმდეგ ყოფნა:
„ოპოზიცია რისი ოპოზიციაა, თუ შენ ხელისუფლებაში მოსვლა არ გინდა? და ხელისუფლებაში მოსვლა კი ამას ნიშნავს სწორედ, რომ წინააღმდეგი უნდა იყოს იმ ქმედებებისა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს“, - უთხრა ხათუნა ლაგაზიძემ რადიო თავისუფლებას.
მისი შეფასებით, გიორგი გახარიას როლი ორ ნაწილად უნდა გაიყოს - არჩევნებამდე და მას შემდეგ.
არჩევნებამდე ეს როლი ოპოზიციასთან პარტნიორობას გულისხმობს, რადგან ახლა გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს გახარიას პარტიის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ წართმეული ხმები და მმართველმა პარტიამ უბრალოდ ვეღარ მოიპოვოს საჭირო 43%.
ამავე დროს, ფიქრობს ხათუნა ლაგაზიძე, დასუსტებული ოპოზიციისთვის გადამწყვეტი „ოქროს გასაღები“, შესაძლოა, სწორედ გახარიას ეჭიროს ხელში „სწორედ იმ პროცენტების ხელიდან გამოგლეჯის საქმეში, რაც აუცილებელია რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად“.
მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, აქ უკვე სურათი, შესაძლოა, შეტრიალდეს და, პოლიტოლოგის აზრით, გახარია „ქართულ ოცნებასთან“ სამთავრობო კოალიციაში აღმოჩნდეს.
„ცხადია, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ქართული ოცნება" მოახერხებს იმდენი პროცენტის მოგროვებას, რომ მას რამდენიმე პროცენტი აშორებდეს კვლავ ძალაუფლებაში დარჩენას და ეს რამდენიმე პროცენტი სწორედ გახარიას პარტიის სახით იოლად მოიპოვოს სამთავრობო კოალიციის ფორმირებისთვის, ხელისუფლების გასახანგრძლივებლად.
თუ გახარია დაინახავს, რომ "ოცნებას" ვერაფერი გადაარჩენს, ასეთ შემთხვევაში, გახარია არ შეზღუდავს თავის პოლიტიკურ მომავალს. და თუ სამთავრობო კოალიციაში ვიხილავთ მას, ვფიქრობ, გახარია ივანიშვილს ისევ პრემიერობას მოსთხოვს, ოღონდ მეტი თავისუფლების გარანტიით“.
კიდევ ერთ დასმულ კითხვაზე - ვინ არის გახარიას პარტიის პოტენციური ამომრჩეველი, ხათუნა ლაგაზიძე გვპასუხობს, რომ სამიზნე აუდიტორია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია და სწორედ მათი ნაწილი გადაიხრება პარტია „საქართველოსკენ“.
მისი თქმით, ჯერ ცალსახად რთული სათქმელია, არის თუ არა ეს პოლიტიკური ძალა ივანიშვილის მორიგი პროექტი. პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ გახარია ივანიშვილს „განსაკუთრებით მაინც არ დაარტყამს“, რადგან მას ჯერ სჭირდება ამომრჩეველში ჰქონდეს ივანიშვილის მიერ ხელდასმულის იმიჯი, რომ ეს ამომრჩეველი არ დაკარგოს.
ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრები უმაყოფილო და, პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვებით, „შეშფოთებულებიც“ ჩანან გახარიას ხელახალი შემოსვლით პოლიტიკაში, შესაძლოა იყოს ე.წ. მესამე ძალის შექმნის მცდელობა.
თუმცა, პოლიტიკაში ეს ცნობილი ხერხია, გვეუბნება გია ნოდია, როცა ახალი პოლიტიკური პარტია სწორედ ამ შინაარსით იწყებს, რომ ისინი არიან პოზიტიურები, რომ ისინი ემიჯნებიან რადიკალიზმს, რომ ხალხს მობეზრდა ესა თუ ის პოლიტიკური ძალა და ა.შ.
„ეს გასაგები და ბუნებრივია, თუ ის ოპოზიციაა და სურს ხალხი დაარწმუნოს, რომ ივანიშვილის პროექტი არ არის, გახარიას სულ დასჭირდება ამის დამტკიცება, რომ ის მართლა ოპოზიციაა. და ამისათვის, ადრე თუ გვიან, მას დასჭირდება მკვეთრი პოზიციის დაკავებაც "ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის მიმართ“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.
თუ ის ამ გზას არ აირჩევს, პოლიტოლოგის აზრით, მას სერიოზულ ოპოზიციურ ძალად არავინ აღიქვამს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 29 მაისს თქვა, რომ ის გადადგა თანამდებობიდან იმიტომ, რომ „პარტია დაშორდა მოქალაქეების პრობლემებს“ და იმიტომ, რომ „ერთ მომენტში პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა“.
ვიცით ასევე, რომ მისი გუნდის მთავარი მიზანი „რადიკალიზმის დასრულებაა: „ჩვენ არ ვითანამშრომლებთ არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ“.
ვიცით ვინ არის გახარიას გუნდში.
პოლიტიკურ ოპოზიციაში გიორგი გახარიას პარტიას უკვე უწოდეს „ქართული ოცნება 2“ და „არაფორმალური მმართველობის ნაწილი“.
გაღიზიანება მისი წამოწყებით არც „ქართულ ოცნებაში“ დაუმალავთ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ ასე გამოჩნდა, როცა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ გახარიამ „17-18 თებერვალს პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა“ და რომ მან აქტუალობა „უღიმღამო პრეზენტაციის შემდეგ დაკარგა".
გიორგი გახარიამ, რომელმაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი და პრემიერის პოსტი დატოვა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდში უთანხმოების გამო, ახალი პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია 29 მაისს გამართა.