რადიო თავისუფლება ვიზუალური თხრობის კონკურსის გამარჯვებულებს ასახელებს. კონკურსის პირობის მიხედვით, მონაწილეებს შემოქმედებითად უნდა გადმოეცათ ამბავი იმაზე, თუ რას ცვლის ან რა შეცვალა თავისუფლებამ ერთი კონკრეტული ადამიანისთვის, ადამიანების რომელიმე ჯგუფისთვის, ან მთლიანად საზოგადოებისა და ქვეყნისთვის.
გამარჯვებულები ნამუშევრებია:
- მიხეილ ქურდაძე ნამუშევრით „თავისუფლების კონტრასტები“ - დოკუმენტური ფოტოისტორიის კატეგორიაში;
- ნიკოლოზ ჯიბლაძე ნამუშევრით „9 აპრილი“ - დოკუმენტური ვიდეოისტორიის კატეგორიაში.
„თავისუფლების კონტრასტები“ - მიხეილ ქურდაძე
„ეს ამბავი ბავშვებზეა - ყველაზე მეტად მათ მიიქციეს ყურადღება თავისი გულწრფელობით, როცა დამოუკიდებლობის დღის გადასაღებად მივედი ორი წლის წინ.
ბავშვობაში უარყოფითი განცდები მეუფლებოდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რაღაც ხელოვნური დადგმა იყო ეს ყველაფერი. ვუყურებდი ტრიბუნებს რომლიდანაც მაღალჩინოსნები გვესალმებოდნენ, მერე ტანკები და ვერტმფრენები მოდიოდნენ. მაგრამ როცა გავიზარდე და ჩემი კამერით მივედი, დავინახე იქ მისული ბავშვების ჟრიამული და სილაღე და მომინდა მომექცია ჩემ ობიექტივში, იმიტომ რომ რეალურად პათეტიკური სლოგანები და ლოზუნგები არ შეესაბამება იმას, რაც თავისუფლება ჩემთვის არის.
თავისუფლება შინაგანია, ის რაც შეგიძლია გამოხატო, რაც ხელოვნური არ არის. დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების ზეიმის დღეა, და მიხარია ეს დღე.“ - მიხეილ ქურდაძე, სოციოლოგი და გარემოს დაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სტუდენტი.
„9 აპრილი“ - ნიკოლოზ ჯიბლაძე
„თავისუფლებაზე პირველი მახსენდება ეპიზოდი როცა საქართველოში დამოუკიდებლობის დასაცავად ადამიანები გამოვიდნენ, ისინი ვინც შემდეგ ჩვენი გმირები გახდნენ. დიდი მადლობა მათ თავისუფლებისთვის. სწორედ მათ მომცეს ბიძგი და ინსპირაცია რომ გამეკეთებინა ანიმაცია, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებული მედიუმია. ვფიქრობ, ამ ფორმით შეთავაზებული ისტორიული ამბავი უფრო საინტერესოც არის. ეს არის ანიმაციის პირველი მცდელობაა ჩემთვის, რომელიც ამ კონკურსისთვის გავაკეთე და მინდა მომავალშიც ისტორიულ თემებზე მუშაობა. მინდა გავაგრძელო საგანმანათლებლო ანიმაციის შექმნა და ვგეგმავ ბევრ პროექტს. შემდეგი 1121 წლის დიდგორის ბრძოლის ეპიზოდი მინდა რომ იყოს.
უნდა გვახსოვდეს ისტორია, გმირები და ისინი ვინც მოგვიტანა ჩვენ თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა.“ - ნიკა ჯიბლაძე, არქიტექტურის და ვიზუალური ხელოვნების მიმართულების სტუდენტი.
ვიზუალური კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა:
- ნამუშევრის კონცეფცია
- თემის წარმოჩენა
- ორიგინალური იდეა
- ვიზუალური ფორმა და მიდგომა
- ტექნიკური გამართულობა (ხმა, გამოსახულება)