ვიდეოში ჩანდა, რომ მარწყვის საკრეფად წასული საქართველოს მოქალაქეების ერთი ჯგუფი, 24 ადამიანი, ღირსების შემლახველ გარემოში ცხოვრობს და მუშაობს.
26 მაისისთვის სულ 77 საქართველოს მოქალაქეა წასული გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე. ისინი 7 ჯგუფად არიან განაწილებული.
რადიო თავისუფლება ესაუბრა სეზონური დასაქმების პროგრამის სხვა ჯგუფების წევრებსაც: სად არიან და როგორ ცხოვრობენ? უწევთ თუ არა მათაც „მონურ პირობებში“ ყოფნა?
ნიკოლოზ სიხარულიძე საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ 18 აპრილს წავიდა. ის სახელმწიფო პროგრამით გამგზავრებული მეორე ჯგუფის წევრია. დღეს პროგრამის კიდევ 3 მონაწილესთან ერთად შტუტგარტთან ახლოს, ერთ-ერთ დასახლებაში, ცხოვრობს. სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება. ამ დროს ისინი სატაცურის ასაღებად მიდიან.
„გული გვტკივა, როცა ვხედავთ, რომ შენი ქვეყნიდან მიდის ვიღაც, ცუდ სიტუაციაში ხვდება და ვერაფერს შვრება, მაგრამ ჩვენთან პირობები მართლა იდეალურია. 7,5 ევრო გვაქვს ხელზე ასაღები თანხა. რაც გვეჭრება, იმაში შედის კვება, ცხოვრება და დაზღვევა“. - ნიკა ამბობს, რომ დამსაქმებლები მათზე მეტს მუშაობენ და დიასახლისი სეზონური მუშახელის ტანსაცმელს ყოველდღიურად რეცხავს და მეორე დღისთვის დაუთოებულს ახვედრებს.
დამსაქმებელი ჰპირდება, რომ თანხას გამგზავრების წინადღეს ერთიანად დაუანგარიშებს და გადაუხდის.
„ყოველთვიურად თანხას არ ვიღებთ, ბოლოს ერთიანად მოგვცემს. სოფელია, მეურნეობა აქვს და თავისი ანგარიშები, თუმცა სულ გვეუბნება, თანხა თუ დაგჭირდათ, წინადღეს მითხარით და მოგცემთო. ჩენთან ერთად არიან რუმინელები, პოლონელები, რომლებიც წლობით მუშაობენ ამათთან და პრობლემა არ შეჰქმნიათ და ჩვენ რატომ უნდა შეგვექმნას პრობლემა?“- ასე აღწერს შრომის პირობებს ნიკა სიხარულიძე.
ანას (სახელი შეცვლილია) დედა მაისში წავიდა შტუტგარტში მარწყვის საკრეფად. იმის გამო, რომ მის ტელეფონს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, ყოველდღე ვერ ესაუბრება და ბევრი არაფერი იცის, თუმცა, როგორც დედამ უთხრა, კარგად არის და პირობებიც ნორმალური აქვთ. ზუსტად რამდენი ექნებათ ანაზღაურება, არ იციან. თანხის ნაწილს საათობრივად უხდიან, ნაწილი კი მოკრეფილი მოსავლის რაოდენობით განისაზღვრება.
„უკვე 3 დღეა მუშაობენ. გუშინ 11 საათი უმუშავიათ. კონტრაქტში მინიმუმ 8, მაქსიმუმ 12 საათი ეწერა სამუშაო დრო. 2 კვირაში ერთხელ აიღებენ ხელფასს, და ნახავს რა გამოუვა. საცხოვრებელს რაც შეეხება, შვიდნი არიან ორ ოთახში განაწილებულები, ოთახები ნორმალურიაო, უფრო ბანაკის ტიპის არის “- გვეუბნება ანა.
ჯაბა ჩაჩანიძემ, 19 მაისს გავრცელებული ვიდეოს ავტორმა, გაუსაძლისი პირობების გამო სამუშაო ადგილი დატოვა და უკან მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, რაც დასაქმების სააგენტოდან დაურეკეს და დაარწმუნეს, რომ დაბრუნებულიყო, პირობები კი გამოსწორდებოდა. ჯაბა ამბობს, რომ ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ისე დახვდა.
„საერთოდ არ შეცვლილა არაფერი, წყალგაყვანილობის მილი სანამ ვიდეო გავრცელდებოდა იქამდე შევაცვლევინეთ, მაგრამ მაინც ისევ ისე ჟონავს კანალიზაცია და გამოდის სუნი. ისევ ისეა ანაზღაურებაც, 4 საათზე მეტს არ გვამუშავებს და მარწყვს გვიწონის. არაფერს არ ცვლის, ეტყობა არავის აქვს დარეკილი მასთან და მივმართავთ ადვოკატს. სააგენტოდან გვწერენ დაელოდეთ სიტუაცია გამოსწორდებაო. როდემდე დაველოდო მე თუ აქ ცუდად გავხდი... საჭმლის ფული აღარ გვაქვს და მაგის გარდა, როდემდე დაველოდოთ?“- ეუბნება ჯაბა ჩაჩანიძე რადიო თავისუფლებას.
დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში განმარტავენ, რომ „გერმანულმა მხარემ ჯერ წერილობით მიმართა დამსაქმებელს, შემდეგ ტელეფონით ესაუბრა, მოსთხოვა ახსნა-განმარტება სანიტარიულ ნორმებზე და კონტრაქტის პირობების შესრულება. დამსაქმებელმა თქვა, რომ დაიწყო პირობების გამოსწორება, ამას დასაქმებულებიც ადასტურებენ“, - განაცხადა ნინო ველთაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, თუმცა მას შემდეგ, რაც ჯაბა ჩაჩანიძის მონათხრობი გავაცანით, დასაქმების სააგენტოს დირექტორმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში დასაქმებულები ამასვე ეტყვიან, მაშინ მეორე დღესვე დაიწყება მათი სხვა დამსაქმებლებთან გადანაწილება.
„დრო გადის და გვინდა რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალდნენ ჩვენი მოქალაქეები. გერმანულმა მხარემ, შრომის ფედერალურმა სააგენტომ გამოთქვა მზაობა და შესაბამისად გადავანაწილებთ მოქალაქეებს“. - ნინო ველთაური ამბობს, რომ არსებულმა უსიამოვნო შემთხვევამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა პროექტის სანდოობაზე. დასაქმების მსურველები ურეკავდნენ და ეკითხებოდნენ, მეც რომ წავიდე, იგივე დამემართებაო?
ველთაურის თქმით, 100 %-იანი გარანტია, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება, არ არსებობს, თუმცა დასაქმების სააგენტოს ფუნქციას ის პროცესის სწორად წარმართვაში ხედავს. სააგენტოს დირექტორი აღნიშნავს, რომ სეზონურ დასაქმებაზე გამგზავრებული 7 ჯგუფიდან 6-ის წევრები კმაყოფილნი არიან სამუშაო და საცხოვრებელი პირობებით, რის დასტურადაც სააგენტოსთვის გადაღებული ვიდეოკადრები მოჰყავს.
ივნისში გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე კიდევ 3 ჯგუფი, სულ 34-ზე მეტი ადამიანი, წავა. ამ დროისთვის დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოში გერმანიიდან ჯამურად შესულია 600 ვაკანსია, საქართველომ კი სეზონური დასაქმებისთვის შესარჩევი კანდიდატების 700 აპლიკაცია უკვე გაგზავნა.