პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის შეხვედრა დასრულდა. კონსულტაციები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიციამ ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგში დააყენა საკითხი, რომ ამნისტიის აქტის შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განხილულიყო.
როგორც სპიკერთან შეხვედრის შემდეგ „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, საკანონმდებლო ინიციატივაზე 27 მაისს სამუშაო კონსულტაციები გაიმართება.
„გაიმართება სამუშაო შეხვედრა იმ იმედით, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება. არის განსხვავებები, რაზეც უნდა შევჯერდეთ. როგორ აღმოიფხვრება განსხვავებები და მოხდება თუ არა შეთანხმება, დღეს ამის პროგნოზი ძალიან ძნელია“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
კანონპროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია.
ამავე კანონმდებლობით, ამნისტია არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლითაც გათვალისწინებულია სასჯელი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დანაშაულისთვის (მუხლი 117), წამებისთვის, წამების მუქარისთვის და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისთვის (მუხლები 1441-1443).