Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტი ავიაკომპანია წყვეტს ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას


მეტმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენას წყვეტს მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ სამგზავრო თვითმფრინავს მინსკისკენ შეუცვალა გეზი და დისიდენტი ჟურნალისტი დააპატიმრა.

Air France-ი, Finnair-ი და Singapore Airlines-ი არიან იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებმაც 25 მაისს შეაჩერეს ბელარუსის თავზე ფრენა, ერთი დღის შემდეგ, რაც ევროკავშირმა ბლოკის საავიაციო მრეწველობას მოუწოდა, თავი აარიდოს ბელარუსის საჰაერო სივრცეს და ბელარუსის ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა აუკრძალა.

23 მაისს ლუკაშენკას რეჟიმმა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, აიძულა მინსკის აეროპორტში დაშვებულიყო ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა. დასავლეთმა ეს ინციდენტი „სახელმწიფოს მიერ გატაცებად“ და „სახელმწიფო მეკობრეობად“ შეაფასა.

ასევე 25 მაისს უკრაინის მთავრობამ გამოაცხადა, რომ 26 მაისს, 00:00 საათიდან შეწყდება საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ინფორმაციით, ავიამიმოსვლის შეწყვეტის გარდა, უკრაინულ ავიაკომპანიებს და თვითმფრინავებს აეკრძალებათ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენა.

რამან პრატასევიჩი, რომელიც მინსკის აეროპორტში თვითმფრინავის იძულებით დაშვების შემდეგ დააკავეს, Telegram-ის პოპულარული ოპოზიციური არხის, Nexta-ს დამფუძნებელი და ყოფილი მთავარი რედაქტორია. მან ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და პოლონეთს სთხოვა თავშესაფარი. პრატასევიჩს ბელარუსის კგბ ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია იმ პირების სიაში, რომლებსაც, მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან. როგორც იტყობინებიან, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში ბელარუსში მას სიკვდილით დასჯა ემუქრება.

XS
SM
MD
LG