Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ბელარუსის რეჟიმი დაადანაშაულა სამარცხვინო თავდასხმაში


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საერთაშორისო ნორმების პირდაპირი შეურაცხყოფა უწოდა ევროკავშირის წევრ ორ ქვეყანას შორის მოძრავი თვითმფრინავის ბელარუსში იძულებით დასმას და ჟურნალისტ რამან პრატასევიჩის დაპატიმრებას. აშშ მომხდარს მკაცრად გმობს.

პრეზიდენტ ბაიდენის ოფიციალური განცხადების თანახმად, ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი და ვიდეოჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, პრატასევიჩზე ზეწოლის შედეგია, სამარცხვინო თავდასხმაა როგორც განსხვავებულ პოლიტიკურ აზრზე, ისე პრესის თავისუფლებაზე. აშშ უერთდება რამან პრატასევიჩის და ლუკაშენკას რეჟიმის ასობით პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოწოდებას.

ჯო ბაიდენი მხარს უჭერს საქმის გარემოებების დასადგენად საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და მიესალმება ევროკავშირის განზრახვას სანქციების ამოქმედების შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, საკუთარ გუნდს სთხოვა ევროკავშირთან და სხვა მოკავშირეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კოორდინაციით შეიმუშაონ დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვარიანტები.

23 მაისს, ლუკაშენკას რეჟიმმა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შეტყობინების საბაბით და ავიაგამანადგურებლის თანხლებით, მინსკის აეროპორტში დაშვება აიძულა ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავს, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ დააკავეს ლაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.

24 მაისს საღამოს, ბელარუსის სახელმწიფო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც პრატასევიჩი ამბობს, რომ იმყოფება მინსკის ნომერ პირველ იზოლატორში, მას კორექტულად ექცევიან, გამოძიებასთან თანამშრომლობს და მასობრივი არეულობების ორგანიზების შესახებ აღიარებით ჩვენებას აძლევს. ამ ბრალდების საფუძველზე რამან პრატასევიჩს 15 წლით პატიმრობა ემუქრება. ბელარუსის ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ჟურნალისტის "აღიარებითი ჩვენება" ძლიერი ზეწოლის შედეგია.

ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა, პოპულარული ტელეგრამ-არხის, Nexta-ს დამფუძნებელმა რამან პრატასევიჩმა ლუკაშენკას რეჟიმის მხრიდან დევნის გამო ბელარუსი 2019 წელს დატოვა და თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. პრატასევიჩს ბელარუსის უშიშროების კომიტეტი ბრალს სდებს ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნაში. ოპოზიციონერი ჟურნალისტი შეყვანილია სიაში იმ პირებისა, რომლებსაც მინსკის მტკიცებით, კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

XS
SM
MD
LG