Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC: ორ საათში ჩინური კოვიდვაქცინა „სინოვაკი“ 5370-მა ადამიანმა დაჯავშნა


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო, ჩინური „სინოვაკის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია ორ საათში 5370-მა ადამიანმა გაიარა.

რეგისტრაცია ვაქცინაზე 21 მაისს, 12:00 საათიდან დაიწყო საიტზე booking.moh.gov.ge.

დარეგისტრირება შეუძლიათ 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს. აცრის პროცესი 24 მაისიდან დაიწყება.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, „სინოვაკი“ ტრადიციული მეთოდით, ინაქტივრებული ვირუსის გამოყენებით შექმნილი ვაქცინაა და მისი 2 დოზა 21 დღის ინტერვალით კეთდება.

„სინოვაკის“ ვაქცინას, მეორე ჩინური ვაქცინის, „სინოფარმისგან“ განსხვავებით, ჯერჯერობით არ აქვს ავტორიზაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. თუმცა, როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „სინოვაკი“ დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ და, ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა.

საქართველომ „სინოვაკის“ ვაქცინის 100 000 დოზა ჩინეთისგან უსასყიდლოდ მიიღო აპრილის ბოლოს. იმუნიზაციის საბჭომ „სინოვაკით“ აცრის დაწყებას მხარი 11 მაისს დაუჭირა. ამ ვაქცინამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საშუალოდ 50-54%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

XS
SM
MD
LG