სისხლის ბანკები და ექიმები რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ კორონავირუსისა და პანდემიის გამო დაწესებულმა საგანგებო შეზღუდვებმა, ფაქტობრივად, გაანახევრა სისხლის დონორების რიცხვი, რის გამოც ქვეყანაში სისხლის მწვავე დეფიციტია და ყოველდღიურად ათასობით ადამიანი დონორის მოლოდინშია.
„რამდენიმე დონორი მყავს, მამაო, რომელიც წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აბარებს სისხლს და დანარჩენები, რომლებიც ასევე მოხალისეობრივად, ათასში ერთხელ გასცემენ სისხლს, მე კი წელიწადში სისხლის 20-ჯერ გადასხმა მაინც მჭირდება“, - გვეუბნება 21 წლის მარიამ იორდანიშვილი, რომელიც ახლაც მეორე რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლს ელოდება.
ბავშვობაში დიდი თალასემია დაუდგინეს, - არასამედიცინო ენაზე, სისხლის გადამტანი უჯრედების სტრუქტურის დარღვევა, - რის გამოც თვეში ერთხელ ან ორჯერ დონორის სისხლი ესაჭიროება.
„ძალიან რთულია ემოციურად ფინანსების მოძიება და დონორების ძებნაც. ახლა დედამ ერთი კვირით ადრე დაიწყო სისხლის მოძიება”, - გვეუბნება მარი.
ოჯახი ყოველ ჯერზე სოციალური ქსელისა და ახლობლების მეშვეობით ეძებს მოხალისეს, რომელიც სისხლის გაღებაზე თანახმა იქნება.
სისხლის შოვნა დღეს მხოლოდ მარის არ უჭირს. თბილისსა და რეგიონებში სიტუაცია ერთნაირია. საქართველოში 20-მდე სისხლის ბანკია და თითქმის ყველა მწვავე დეფიციტს უჩივის.
თუკი პანდემიამდე ქუთაისის ევექსის კლინიკების სისხლის ბანკი სხვებსაც აწვდიდა სისხლს, ახლა თავისი კლინიკების დაკმაყოიფილებაც კი უჭირს.
„ყოველდღე სხვადასხვა ჯგუფზეა მოთხოვნა და ყოველდღე რაღაც სისხლის ჯგუფი არ გვაქვს. მუდმივი პროცესია და სულ გვიწევს დონორის ძიება. პირიქით, ახლა სხვა ბანკებიდანაც ჩამოგვაქვს და ჩვენი ერთი მანქანა, ფაქტობრივად, სულ გზაშია, რომ რომელიმე ქალაქიდან სისხლი ჩამოიტანოს“, - გვეუბნება ევექსის კლინიკის სისხლის ბანკის ხელმძღვანელი ხათუნა ბიბიჩაძე. კლინიკა საკუთარი პაციენტების ახლობლებსა და ოჯახის წევრებს სთხოვს დონაციას და შემდეგ ამ მწირ მარაგს სხვადასხვა პაციენტებზე ანაწილებს.
გასულ კვირას მოსახლეობას დახმარებას სთხოვდა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი: - “მეგობრებო, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა, რომ გაიღოთ სისხლი, გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე, დღეს, ვიდრე არასდროს, ყველაზე მეტად გვჭირდება საზოგადოების გაერთიანება და თანადგომა ერთმანეთის! დღეს, ვიდრე არასდროს, შეიქმნა დეფიციტი (კრიზისი) სისხლის მარაგთან დაკავშირებით.
მოსახლეობის უმრავლესობას კოვიდი აქვს გადატანილი და მათი უმეტესობა ამ მიზეზით ვერ გასცემს სისხლს, რადგან კოვიდის გადატანიდან მინიმუმ 2 თვე უნდა იყოს გასული. მასობრივი ვაქცინაცია მიმდინარეობს ქვეყანაში და ვინც იკეთებს ვაქცინას, მინიმუმ 45-60 დღე ვერ გასცემს სისხლს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაა. სისხლის ბანკში დონორი თითქმის აღარ გვყავს. ამიტომ, ვისაც გვაქვს შესაძლებლობა, გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი ვალდებულების გრძნობა და ვიხსნათ სიცოცხლე სიკვდილისაგან”,
კოვიდგადატანილთა და ვაქცინირებულთა დონაციაზე არაერთგვაროვანი მონაცემებია საერთაშორისო პრაქტიკაში. მაგალითად, წითელი ჯვარი აცხადებს, რომ ვინც ფაიზერით აიცრა და დონორობა სურს, არ უნდა დაელოდოს რამდენიმე კვირის გასვლას და შუძლია სისხლი დაუყოვნებლივ ჩააბაროს. თუ უცნობია ვაქცინის მწარმოებელი, მაშინ დონორობის მსურველს ურჩევენ, რომ აცრიდან ორი კვირის შემდეგ გაიღოს სისხლი დონაციისთვის.
კოვიდგადატანილებს, ვაქცინირებულებსა და ინფიცირების რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჯანმოც ორი კვირის ინტერვალს სთავაზობს თავის შუალედურ გაიდლაინში
ბრიტანეთი დონორებს ურჩევს, ვაქცინაციიდან მერვე დღეს გასცენ სისხლი, გართულებების შემთხვევაში კი დაიცვან 28-დღიანი პერიოდი.
პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, სისხლის მიწოდება კი შემცირდა აჭარაშიც. რადიკალურად გაუარესებულ სიტუაციაზე ლაპარაკობს ბათუმის სისხლის ბანკ ჰერა 2012-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ბერიძეც.
„50 კაცის დონაციაც კი არ გვყოფნის, რომ დავაკმაყოფილოთ მოთხოვნა. ერთ პაციენტს დღეში გადასასხმელად შეიძლება 4 დონორის სისხლი სჭირდებოდეს, თუ, მაგალითად, კარდიოლოგიური ოპერაციაა. არიან ისეთებიც, ვისაც 10 კაცის სისხლი სჭირდება. ეს თრომბოციტოპენია ვისაც აქვს. იშვიათია, მაგრამ არის“.
ძირითადად მოხალისე დონორებთან დაკავშირებით, პაციენტის ახლობლებისთვის დონაციის თხოვნით გააქვთ თავი, თუმცა, როგორც ნინო ამბობს, მალე ამის რესურსიც ამოიწურება, რადგან მოხალისეთა რიცხვიც საგრძნობლად იკლებს.
ჯანმრთელ ადამიანს უსაფრთხოდ მხოლოდ 400 მილილიტრი სისხლის გაცემა შეუძლია, ისიც ორ თვეში ერთხელ. ამ შეზღუდვას ისიც დაემატა, რომ კოვიდინფიცირებულების, მათ შორის ინფიცირებული დონორების რიცხვი მატულობს. იზრდება ასევე იმათი რაოდენობაც, ვინც კორონას საწინააღმდეგო ვაქცინით იცრება. შესაბამისად, მატულობს სისხლის გაცემის ინტერვალიც.
რამდენად მასშტაბურია ეს პრობლემა ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით და აქვს თუ არა უწყებას გეგმა სიტუაციის შესაცვლელად, შეიძლება თუ არა, რომ ჯანდაცვის სისტემამ შეცვალოს კოვიდინფიცირებულთა ან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთათვის სისხლის დონაციის სტანდარტი, უცნობია. რადიო თავისუფლებას კითხვებზე პასუხი არც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და არც ჯანდაცვის სამინისტროდან არ მიუღია.